2026 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების გავლენით, ორშაბათს, Trump Media-ს აქციების ფასი დამატებით 8%-ით დაეცა და უკანასკნელი ორი კვირის მინიმუმს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, დონალდ ტრამპის მიერ დაარსებულმა კომპანიამ, აპრილ-ივნისის პერიოდში, $238.1 მილიონის ზარალი მიიღო, შემოსავალმა კი მხოლოდ $1.7 მილიონი შეადგინა.
შედეგად, ორშაბათს, სავაჭრო სესიის დასრულების მომენტისთვის, Trump Media-ს აქციების ღირებულება $9.39-მდე იყო შემცირებული. ბირჟის დახურვის შემდეგ კი აქციების ფასი დამატებით მცირედით შემცირდა.
გასულ კვარტალში, Trump Media-ს მიერ დაფიქსირებული ზარალიდან დაახლოებით $190.4 მილიონი ციფრულ აქტივებსა და ფასიან ქაღალდებზე აღრიცხულ არარეალიზებულ ზარალზე მოდიოდა. თუმცა, მიუხედავად ბოლოდროინდელი ვარდნისა, კომპანიის აქციების ფასი კვლავ აღემატება 2026 წლის ივლისში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმუმს. მაშინ Trump Media-ს თითო აქციის ღირებულება $7-მდე დაეცა. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან Trump Media-ს აქციების ფასი დაახლოებით 30%-ითაა დავარდნილი.
Trump Media-ს საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება ამჟამად $2 მილიარდს უტოლდება. მათი თითქმის სრული უმრავლესობა ნაღდ ფულზე, ინვესტიციებზე, ფასიან ქაღალდებსა და ციფრულ აქტივებზე მოდის. კომპანია ასევე ფლობს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინისა და კრონოსის კრიპტოვალუტებს. თუმცა, 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, ორივე აქტივის ფასის ვარდნის გავლენით, Trump Media-მ ბიტკოინზე – $218 მილიონის, ხოლო კრონოსზე $27.4 მილიონის არარეალიზებული ზარალი მიიღო.
ცნობისთვის, პირველ აგვისტოს Trump Media-მ ახალი ფასიანი პლატფორმა, Truth API, გაუშვა. პლატფორმა Truth Social-ის პოსტებზე სწრაფი, პირდაპირი წვდომის მონაცემთა სერვისია, რომელიც ძირითადად ფინანსურ კომპანიებსა და ტრეიდერებზეა გათვლილი. შესაბამისად, კომპანიის მომდევნო ფინანსურმა ანგარიშმა შესაძლოა აჩვენოს, შეძლებს თუ არა ახალი სერვისი Trump Media-ს შემოსავლების გაზრდას.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად $6.4 მილიარდის ქონებას ფლობს, რაც ორშაბათის მოვლენების გავლენით $100 მილიონით შემცირებულია. Trump Media-ში ტრამპის აქციების საერთო ღირებულება კი დაახლოებით $1 მილიარდია.















