ფოტო: Gary A. Vasquez
მილიარდერმა ინვესტორმა ჯოშ კუშნერმა და „დისნეის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ საკონტროლო პაკეტის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწიეს. გარიგების მიხედვით, კალიფორნიული საკალათბურთო კლუბის ღირებულება $12.5 მილიარდად შეფასდა, რაც აშშ-ის სპორტული ფრენჩაიზის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
როგორც ESPN, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, წერს, კუშნერმა და აიგერმა გუნდის საკონტროლო წილი მარკ უოლტერისგან შეიძინეს. უოლტერმა „ლეიკერსის“ საკონტროლო პაკეტი ბასების ოჯახისგან გასულ წელს, $10 მილიარდის შეფასებით შეიძინა.
ახალი გარიგებით „ლეიკერსის“ შეფასებამ გასული წლის ტრანზაქციის ღირებულებას $2.5 მილიარდით გადააჭარბა. ამასთან, ახალი ფასი აღემატება აშშ-ის სპორტული ფრენჩაიზების სხვა რეკორდულ გარიგებებსაც, მათ შორის Seattle Seahawks-ის $9.6-მილიარდიან გაყიდვას, რომელიც მიმდინარე წელს მილიარდერმა ვინოდ ხოსლამ შეიძინა.
Forbes-ის გასული წლის შეფასებით, „ლეიკერსი“ NBA-ის მეორე ყველაზე ღირებული ფრენჩაიზია $10 მილიარდის ღირებულებით. პირველ ადგილზე „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ იყო $11 მილიარდით, ხოლო „ლეიკერსს“ მოჰყვებოდნენ „ნიუ-იორკ ნიქსი“ $9.75 მილიარდით და „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ $7.5 მილიარდით.
ჯოშ კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, მილიარდერი ინვესტორის ჯარედ კუშნერის უმცროსი ძმაა. მისი ქონება Forbes-ის შეფასებით, დაახლოებით $5.2 მილიარდს შეადგენს. კუშნერი ვენჩურული კაპიტალის კომპანია Thrive Capital-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომლის ადრეულ ინვესტიციებს შორისაა Instagram-ი, Spotify, Stripe-ი და OpenAI.
მარკ უოლტერი, რომლის ქონებაც დაახლოებით $7.3 მილიარდად არის შეფასებული, საინვესტიციო კომპანია Guggenheim Partners-ის აღმასრულებელი დირექტორია. მისი Guggenheim Baseball Management-ის ჯგუფი ასევე ფლობს MLB-ის კლუბ Los Angeles Dodgers-ს, რომელიც 2012 წელს $2 მილიარდზე მეტად გაიყიდა.













