საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5%-ით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5%-ით გაიზარდა

ფოტო: ake1150/stock.adobe

 

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 15.51 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-იანი ზრდაა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 4.66 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 21.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი თითქმის 10.85 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა და წინა წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 2.4%-ით გაიზარდა.

ამასთან, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6.18 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.

უშუალოდ ივლისში საქართველოს ექსპორტმა 792.4 მილიონი აშშ დოლარი, იმპორტმა 1.70 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.49 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ივლისში უარყოფითი სავაჭრო სალდო 910.5 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.