ფოტო: Cezaro De Luca/Europa Press via Getty Image
სწრაფი მოდის ჩინური კომპანია Shein-ის შეფასება $30 მილიარდზე დაბლა დაეცა, რაც 2022 წლის პიკურ შეფასებასთან შედარებით თითქმის 75%-იანი კლებაა. კომპანია ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება და აქციები შესაძლოა უკვე ამ თვეში განათავსოს.
Reuters-ის ინფორმაციით, Shein-ის IPO-ს ფარგლებში კომპანიის შეფასება სავარაუდოდ დაახლოებით $25 მილიარდი იქნება. გამოცემის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, კომპანია $25-დან $28 მილიარდამდე შეფასებას განიხილავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით კი, Shein-ი $26-27 მილიარდის შეფასებას ისახავს მიზნად. გამოცემის ცნობით, კომპანიამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა $30-მილიარდიან შეფასებაზე, მას შემდეგ, რაც ინვესტორების მხრიდან შემოსავლების ზრდის შენელებამ და ტარიფების გავლენამ უკმაყოფილება გამოიწვია.
Shein-ი IPO-ს შედეგად დაახლოებით $2 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, თუმცა Bloomberg-ის ინფორმაციით, გარიგების ნახევარი შესაძლოა კომპანიის მოქმედ აქციონერებზე მოდიოდეს.
თუ IPO დაგეგმილ ვადებში განხორციელდა, Shein-ის აქციები ჰონგ-კონგში შესაძლოა უკვე ამ კვირაში განთავსდეს. კომპანია მანამდე აშშ-სა და ლონდონში საჯარო შეთავაზების განხორციელებას ცდილობდა, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, Shein-ი 2022 წელს დაახლოებით $100 მილიარდად იყო შეფასებული და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად მიიჩნეოდა. ამჟამინდელი შეფასება კი კომპანიის 2022 წლის ღირებულების დაახლოებით მეოთხედია.
Shein-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, სკაი სიუს ქონება დაახლოებით $6 მილიარდად არის შეფასებული. 2024 წელს კი მისი ქონება $11.2 მილიარდს აღწევდა.
Shein-ის ბიზნესმა განსაკუთრებით სწრაფი ზრდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განიცადა, როდესაც მომხმარებლები ონლაინ-ვაჭრობას უფრო აქტიურად მიმართავდნენ. კომპანიის შემოსავალმა 2022 წლისთვის $23 მილიარდს მიაღწია.
შემოსავლები ამის შემდეგაც გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. 2025 წელს Shein-ის შემოსავალი 8%-ით, $41.8 მილიარდამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 და 2024 წლებში ზრდის ტემპი, შესაბამისად, 41% და 20% იყო.
ზრდის შენელებაზე გავლენა იქონია ტარიფების ზრდამ და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, შეეჩერებინა ე.წ. de minimis გამონაკლისი, რომელიც $800-მდე ღირებულების ამანათებს გარკვეული ტარიფებისგან ათავისუფლებდა.
ბოლო წლებში კომპანიას ძლიერი კონკურენტიც გამოუჩნდა – ასევე ჩინეთში დაფუძნებული Temu, რომელიც დაბალფასიან ტანსაცმელთან ერთად მომხმარებლებს სახლის ნივთებს, ელექტრონიკასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც სთავაზობს.












