ფოტო: REUTERS/Evan Vucci
Fox News-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანის დაბომბვით დაიმუქრა, თუ ქვეყანა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის საზღვაო ბლოკადას ხელს შეუშლის. როგორც ტრეი ინგსტი პლატფორმა X-ზე წერს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, თუმცა გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტრამპის ან მისი ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ომანი სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ყველაზე ნეიტრალურ და მშვიდობიან ქვეყნად მიიჩნევა. ამჟამად ის და ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის მართვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს. ვაშინგტონმა ირანიდან გემების შესვლა-გასვლაზე საზღვაო ბლოკადა დააწესა და თეირანზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ქვეყანამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე კონტროლი დათმოს.
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად მას კონკრეტული ვადა არ აქვს და „არ ჩქარობს“. საუბარია ივნისში აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული მემორანდუმით განსაზღვრულ 60-დღიან ვადაზე, რომლის ფარგლებშიც მხარეებს მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებისა და ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების საკითხზე უნდა ემუშავათ. თუმცა შეთანხმება ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან მხარეები ჰორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ.
აშშ-ის პრეზიდენტის ახალი განცხადებები მიუთითებს, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების მკაფიო პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს და ომი შესაძლოა რეგიონულ კონფლიქტში კიდევ უფრო გადაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში დაპირისპირებაში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საუდის არაბეთზე თავდასხმები განახორციელეს და წითელ ზღვაში ქვეყნის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა დააწესეს.
ირანთან მოლაპარაკებების შეფერხების ფონზე ტრამპმა ბოლო დღეებში რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. მისი თქმით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაფორმალური, ფარული კომუნიკაციის არხები კვლავ მოქმედებს.
გასულ პარასკევს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა. ირანის ხელისუფლებამ განცხადება მკაცრად დაგმო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კაზემ ღარიბაბადიმ ტრამპს მოუწოდა, „ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს რეალობა“, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლის ქვეშ იყო, არის და დარჩება.
წაიკითხეთ ასევე: ირანი ტრამპს: „მიიღეთ რეალობა – ჰორმუზის სრუტე ირანის იყო, არის და დარჩება“
დონალდ ტრამპმა პარასკევს ამერიკელებს მიმართა, ირანთან ომის შედეგად საწვავის გაძვირებას შეეგუონ. მისი თქმით, ბენზინში „ცოტა მეტის“ გადახდა ღირს, თუ ეს ხელს შეუშლის „ძალიან ბოროტ ქვეყანას“ ბირთვული იარაღის მოპოვებაში. AAA-ის მონაცემებით, პარასკევს აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი წლიურად 29%-ით იყო გაზრდილი და გალონზე $4.08-ს შეადგენდა.
ერთი მხრივ, ტრამპის რიტორიკა ირანთან მიმართებით უფრო და უფრო მწვავდება, მეორე მხრივ კი, აშშ-ის პრეზიდენტი პერიოდულად აცხადებს, რომ ომი დასასრულს უახლოვდება. პარალელურად, იგი ირანს ახალი თავდასხმებითა და სანქციებით ემუქრება.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ხუთშაბათს Newsmax-თან განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციები მალე დაწესდება.
ამასთან, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის ზრდის ერთ-ერთ ნიშნად სახელდება ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის ხანგრძლივი განთავსება რეგიონში. გემი სან-დიეგოს პორტიდან გასული წლის ნოემბერში გავიდა და პორტში შესვლის გარეშე ზღვაში 200-ზე მეტი დღე გაატარა.
გემზე მყოფი სამხედროების ოჯახის წევრებმა და კონგრესის წევრებმა ეკიპაჟის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, სახიფათო პირობებზე, საკვებისა და პირველადი საჭიროებების დეფიციტსა და სანიტარიულ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოთქვეს. ტრამპმა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებმა ეს ბრალდებები უარყვეს.
ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ USS Abraham Lincoln-ის მისია „არ გაგრძელებულა საკმარისად დიდხანს“ და გემზე არსებული პირობების შესახებ ოჯახების შეშფოთებაც უარყო.
გავრცელებული ინფორმაციით, USS George Washington-ი შესაძლოა USS Abraham Lincoln-ის შემცვლელად გაიგზავნოს, თუმცა უცნობია, როდის შეძლებს Lincoln-ის ეკიპაჟი სახლში დაბრუნებას.












