Moderna-ს აქციების ფასი დღეს, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდე, 95%-ით გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა. ეს კი ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის კლინიკური კვლევის დადებითი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა.
აქციების ფასის ზრდამ დილით 100%-საც კი გადააჭარბა. ამერიკული საფონდო ბირჟა ახლახან გაიხსნა და ეს შესაძლოა Moderna-ს ფასიანი ქაღალდებისთვის კომპანიის ისტორიაში საუკეთესო სავაჭრო დღე გახდეს.
Moderna-მ და ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებულმა პერსონალიზებულმა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინამ მელანომის – კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმის – განმეორებით განვითარების რისკი შეამცირა. კვლევაში 1,100-ზე მეტი ცდისპირი მონაწილეობდა.
გვიანი, მესამე ფაზის კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ასევე მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პაციენტებს მელანომა ხელახლა არ უვითარდებოდათ.
ვაქცინა mRNA-ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და Merck-ის იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან კომბინაციაში გამოიყენება. კომპანიების განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც mRNA-ზე დაფუძნებულმა კიბოს საწინააღმდეგო თერაპიამ საბოლოო, მესამე ფაზის კვლევაში, წარმატებული შედეგი აჩვენა.
სიახლის გავრცელების შემდეგ Merck-ის აქციების ფასიც გაიზარდა, ვაჭრობის დაწყებამდე დაახლოებით 6.5%-ით.
ამერიკის კიბოს კვლევის საზოგადოების მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად მელანომის დაახლოებით 112,000 ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება, ხოლო დაავადებით დაახლოებით 8,510 ადამიანი იღუპება. ორგანიზაციის შეფასებით, კანის ღია ფერი მელანომის განვითარების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, ხოლო რისკი ასაკთან ერთად იზრდება.
Leerink Partners-ის ანალიტიკოსებმა ივნისში განაცხადეს, რომ Moderna-ს მესამე ფაზის კვლევის შედეგები კომპანიის აქციებისთვის „გადამწყვეტი“ მოვლენა იქნებოდა. მათი შეფასებით, დადებით შედეგებს ექსპერიმენტული პრეპარატის კიბოს რამდენიმე სახეობის წინააღმდეგ გამოყენების პოტენციალი ექნება.
Moderna და Merck-ი ამჟამად ვაქცინას სხვა ტიპის სიმსივნეების წინააღმდეგაც იკვლევენ, მათ შორის არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოსა და შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევაში.
წარმატებული კვლევის შედეგები Moderna-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია ცდილობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გაყიდვების შემცირების ფონზე mRNA-ტექნოლოგიის გამოყენებით ზრდის ახალი მიმართულებები შექმნას.









