შეუძლია უკრაინას ომის დროს არჩევნების ჩატარება?

შეუძლია უკრაინას ომის დროს არჩევნების ჩატარება?

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ომის პირობებში სამართლებრივ, უსაფრთხოების და ორგანიზაციულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. არჩევნების ჩატარებას ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ითხოვს, თუმცა კენჭისყრის ორგანიზებისთვის კიევს მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს. მედიასააგენტო Reuters-ი ამ მოსალოდნელი დაბრკოლებების მიმოხილვას გვთავაზობს:

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არჩევნების ჩატარებისთვის მზად არის, თუ აშშ და კიევის ევროპელი მოკავშირეები კენჭისყრის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

უკრაინაში არჩევნები ბოლოს 2019 წელს გაიმართა. ქვეყანა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, საომარი მდგომარეობის რეჟიმშია. საომარი მდგომარეობა უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე არჩევნების ჩატარებას კრძალავს.

საბრძოლო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში გრძელდება. რუსეთის არმია რეგულარულად უშვებს ასობით დრონსა და რაკეტას უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით, მათ შორის ფრონტის ხაზიდან შორს. რუსეთის თავდასხმების შედეგად შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდებაც, რადგან დაბომბვების დროს ენერინფრასტრუქტურა ზიანდება.

გამოკითხვების თანახმად, უკრაინელთა უმრავლესობა ომის პერიოდში არჩევნების ჩატარებას მხარს არ უჭერს.

პოლიტიკური ანალიტიკოსის, ვოლოდიმირ ფესენკოს შეფასებით, არჩევნების განხილვისთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სულ მცირე, საჰაერო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. მისი თქმით, უკრაინას არჩევნებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკულად თავიდან შექმნა მოუწევს – მათ შორის ახალი კანონის მიღება, რომელიც კენჭისყრის ვადებს, წესებსა და პროცედურებს განსაზღვრავს. ფესენკოს შეფასებით, ამისთვის დაახლოებით ექვსი თვე იქნება საჭირო.

ანალიტიკოსების განცხადებით, კიევს რუსეთის მხრიდან არჩევნების შესაძლო მანიპულაციისა და ჩარევის მცდელობების წინასწარ გათვალისწინება და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებაც მოუწევს.

რუსეთი ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს, რადგან მისი საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში ამოიწურა და, რუსეთის პოზიციით, მას უკრაინის სახელით სამშვიდობო შეთანხმებების ხელმოწერის უფლება აღარ აქვს.

სად არიან უკრაინელი ამომრჩევლები?

Reuters-ის შეფასებით, არჩევნების ორგანიზების კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა მილიონობით უკრაინელისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის უზრუნველყოფაა.

ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების განცხადებით, ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის განახლება, მათ შორის იმის დადგენა, ვის აქვს ხმის მიცემის უფლება და სად იმყოფებიან ამომრჩევლები, რთული პროცესი იქნება.

ევროკავშირის მონაცემებით, ივნისის ბოლოს უკრაინის 4.4 მილიონზე მეტ მოქალაქეს ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი ჰქონდა. შესაბამისად, უკრაინას ევროპის მასშტაბით ასობით საარჩევნო უბნის ორგანიზება დასჭირდება.

ამასთან, გაეროს მიგრაციის სააგენტოს მონაცემებით, უკრაინის შიგნით დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. ანალიტიკოსების თქმით, ყველა იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაცია და საარჩევნო პროცესში მათი ჩართვა მარტივი არ იქნება და შესაძლოა მნიშვნელოვანი დროისა და ფინანსური რესურსების მობილიზება მოითხოვოს.

უკრაინის თავდაცვის ძალებში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მსახურობს. ფრონტის ხაზზე, სადაც რუსეთის მხრიდან დაბომბვის მუდმივი საფრთხე არსებობს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან იქნება დაკავშირებული და შესაძლოა მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაც გახდეს საჭირო.

უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, 2024 წლის მდგომარეობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 4.5 მილიონი სრულწლოვანი უკრაინელი რჩებოდა. რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 19%-ს აკონტროლებს და ოკუპირებულ რეგიონებში მომავალ თვეში საკუთარი არჩევნების ჩატარებას გეგმავს. უკრაინის ხელისუფლება ამ არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს.

რა შანსი აქვს ზელენსკის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში?

როგორც Reuters-ი წერს, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ზელენსკის ხელახლა არჩევის რეალური შანსი ექნებოდა.

ომის დასაწყისში ზელენსკის პოპულარობა უკრაინაში დაახლოებით 90%-ს აღწევდა, თუმცა მას შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა და სხვადასხვა კვლევის მიხედვით დაახლოებით 60%-ს შეადგენს.

პოლიტიკური ანალიტიკოსებისა და სოციოლოგების შეფასებით, ზელენსკის რეიტინგზე უარყოფითად გასულ წელს ენერგეტიკის სექტორში მსხვილმა კორუფციულმა სკანდალმა იმოქმედა. თუმცა მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი მოგვიანებით გაუმჯობესდა და ზელენსკი კვლავ ყველაზე ძლიერი პოტენციური კანდიდატია.

მის მთავარ კონკურენტებად გამოკითხვებში უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში და შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი სახელდებიან.

ამასთან, ბოლო პერიოდში რეიტინგებში სწრაფად დაწინაურდა 35 წლის მიხაილო ფედოროვიც, რომელიც ზელენსკიმ გასულ თვეში, თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლა. მისმა გადაყენებამ ომის პერიოდში იშვიათი მასშტაბის ქუჩის საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

უკრაინული მედიის, NV-ის ცნობით, ადგილობრივი სოციოლოგიური კომპანია SOCIS-ის კვლევით, ფედოროვი არჩევნების პირველ ტურში დაახლოებით 13%-ის მიღებას შეძლებდა, ზალუჟნი – 21%-ის, ზელენსკი კი – 22%-ის. ამავე კვლევების მიხედვით, თუ მეორე ტურში ზალუჟნი ან ფედოროვი ზელენსკის დაუპირისპირდებიან, მოქმედ პრეზიდენტთან გამარჯვების შანსი ორივე მათგანს ექნება.

 

ამრიგად, უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი არ არის – უნდა შემუშავდეს საომარი მდგომარეობის პირობებში კენჭისყრის სამართლებრივი ჩარჩო, განხილულ იქნას მილიონობით იძულებით გადაადგილებული და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქის ხმის მიცემის შესაძლებლობა, უზრუნველყოფილ იქნას სამხედრო მოსამსახურეებისა და ფრონტისპირა მოსახლეობის უსაფრთხოება და რუსეთის შესაძლო ჩარევისგან საარჩევნო პროცესის დაცვა.