China Evergrande-ის დამფუძნებელს უვადო პატიმრობა მიესაჯა

China Evergrande-ის დამფუძნებელს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ფოტო: REUTERS/Bobby Yip

 

China Evergrande Group-ის დამფუძნებელს, ჰუი კა იანს, დღეს ჩინეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება კომპანიის კოლაფსიდან ხუთი წლის შემდგომ იქნება მიღებული. შეგახსენებთ, Evergrande-ის კრახმა ჩინეთის ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

67 წლის ჰუი კა იანმა, რომელიც ერთ დროს აზიის უმდიდრესი ადამიანი იყო, აპრილში რვა ბრალდებაში, მათ შორის თანხების არამიზნობრივ გამოყენებაში, ფინანსური სახსრების თაღლითურად მოზიდვაში, საჯარო დეპოზიტების უკანონოდ მიღებაში, სესხების უკანონოდ გაცემაში, ფასიანი ქაღალდების თაღლითურად გამოშვებასა და ქრთამის აღებაში, თავი დამნაშავედ ცნო.

Evergrande-ი ერთ დროს ჩინეთის წამყვანი დეველოპერი იყო, თუმცა კომპანიამ დაახლოებით $300 მილიარდის ვალდებულებების უმეტესი ნაწილი ვერ დაფარა. მისი კრახი ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში გაჭიანურებული კრიზისის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაზე წლებია, ზეწოლას ახდენს.

სამხრეთ ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამოტანილი განაჩენი ჰუი კა იანის გამდიდრებისა და შემდგომი დაცემის ისტორიას ასრულებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილებამ Evergrande-ის ადგილობრივ და უცხოელ კრედიტორებს მნიშვნელოვანი შვება მოუტანოს.

სასამართლოს განაჩენი ჰუის პირადი ქონების სრულ კონფისკაციასაც ითვალისწინებს. ამასთან, სასამართლომ Evergrande-ს 8.82 მილიარდი იუანის, დაახლოებით $1.31 მილიარდის, ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის მთავარ შვილობილ კომპანია Hengda-ს – 7 მილიარდი იუანის ჯარიმა. გარდა ამისა, კომპანიის კიდევ ხუთ უფროს მენეჯერს ექვსიდან 18 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს და ჯარიმები მათაც დააკისრეს.

ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს Evergrande-თან დაკავშირებულ კიდევ 56 პირს, ჰუის გარდა, სხვადასხვა სასჯელი შეეფარდა.

კომპანიის მიერ მილიარდობით დოლარის ღირებულების ქონების მართვის პროდუქტებზე ვალდებულებების შეუსრულებლობამ ჩინეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია. აღნიშნული პროდუქციის მფლობელებს შორის ბევრი დაბალშემოსავლიანი მოქალაქე იყო, რომლებმაც ინვესტიციები დაკარგეს. საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლებისთვის სოციალური სტაბილურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

ჰუი კა იანმა Evergrande-ი 1996 წელს დააარსა და, აგრესიული ვალის აღების სტრატეგიით, კომპანიის ჩინეთის უმსხვილეს უძრავი ქონების დეველოპერად ქცევა შეძლო.

2017 წელს ჰუის ქონება $45.3 მილიარდს შეადგენდა და ის Forbes-ის შეფასებით აზიის უმდიდრესი ადამიანი იყო.

როგორც აღვნიშნეთ, კომპანიის სწრაფი ზრდა დიდწილად ვალის მოზიდვას ეფუძნებოდა. საბოლოოდ, Evergrande-ის ფინანსური პრობლემები იმდენად გამწვავდა, რომ კომპანიამ ვალდებულებების მომსახურება ვეღარ შეძლო.

2024 წელს ჰონგ-კონგის სასამართლომ Evergrande-ის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო გასულ წელს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟამ კომპანიის აქციები სავაჭრო სიიდან ამოიღო.

თუმცა ლიკვიდაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. კომპანიის ლიკვიდატორების ინფორმაციით, გასული წლის აგვისტოსთვის მხოლოდ დაახლოებით $255 მილიონი ღირებულების აქტივების გაყიდვა მოხერხდა, მაშინ როდესაც კრედიტორების მოთხოვნები $45 მილიარდს შეადგენდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ლიკვიდატორები სასამართლოში ჰუისა და მისი ყოფილი მეუღლის ოფშორული აქტივების გაყინვისთვისაც იბრძვიან. მათი მიზანი კომპანიის დამფუძნებლისა და სხვა ყოფილი ხელმძღვანელებისთვის დივიდენდებისა და ანაზღაურების სახით გადახდილი დაახლოებით $6 მილიარდის უკან დაბრუნებაა.

2024 წელს ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა ჰუი $6.6 მილიონით დააჯარიმა და მას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა აუკრძალა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარეგულირებელმა დაადგინა, რომ Evergrande-ის მთავარმა შვილობილმა კომპანიამ ფინანსური შედეგები ხელოვნურად გაზარდა და ფასიანი ქაღალდების თაღლითობა ჩაიდინა.