ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური ზეწოლითა და ქვეყნის იზოლაციით იმუქრება. ტრამპმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ფასის გადახდა შეიძლება მოუწიოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს მხარს დაუჭერს. ეს თეირანის ძირითად სავაჭრო პარტნიორებსა და მათთან არსებულ ეკონომიკურ კავშირებს რისკის ქვეშ აყენებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ერაყი, ომანი, პაკისტანი, ინდოეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან. თუმცა ამის ფონზე საინტერესოა ირან-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებიც.
ჩინეთი
ჩინეთი ირანის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი და ირანული ნავთობის მთავარი შემსყიდველია. Kpler-ის შეფასებით, 2025 წელს ჩინეთი ირანიდან, საშუალოდ, დღეში 1.38 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდა. ირანის საზღვაო გზით ექსპორტირებული ნავთობის 80%-ზე მეტი კი სწორედ ჩინეთში მიემართება.
Reuters-ის ცნობით, ირანული ნავთობის იმპორტში ძირითადად ჩინეთის დამოუკიდებელი გადამმუშავებელი კომპანიები არიან ჩართულნი, რომლებიც ნავთობს აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით ყიდულობენ. ნავთობის ნაწილი ჩინეთში მალაიზიური ან ინდონეზიური წარმოშობის სახელით შედის, ანგარიშსწორება კი ჩინურ იუანში ხდება და გარიგებებში რთულად იდენტიფიცირებადი შუამავლების ქსელი მონაწილეობს.
აშშ ზეწოლას უკვე აძლიერებს ჩინეთზეც. აპრილში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ჩინურ დამოუკიდებელ ნავთობგადამმუშავებელ კომპანიას, რომელიც მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანულ ნავთობს ყიდულობდა. ვაშინგტონმა ასევე გააფრთხილა ჩინური ბანკები, რომ ირანულ ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციების ხელშეწყობის შემთხვევაში მათ მეორეული სანქციები დაემუქრებოდათ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები და ზეწოლა პრობლემას ვერ მოაგვარებს და მხარეებს პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოქმედებისკენ მოუწოდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროები ისტორიულად ირანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური არხია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს დუბაის, რომლის ბანკებში ირანთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეპოზიტები ინახებოდა, თუმცა მათი ნაწილი ამჟამად აშშ-ის სანქციების გამო გაყინულია.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წელს საამიროებზე ირანის იმპორტის დაახლოებით 30% მოდიოდა, რაც $21 მილიარდს უტოლდებოდა. ამავე წელს UAE-ის წილი ირანის ექსპორტში 13% იყო.
UAE-ის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის არასანავთობო ვაჭრობამ 2024 წელს $6.6 მილიარდი შეადგინა, რომლის დიდი ნაწილიც რეექსპორტზე მოდიოდა.
თუმცა მიმდინარე კვირაში საამიროებმა ირანთან ყველა ფინანსური და ეკონომიკური ოპერაცია შემდგომი მითითების მიღებამდე შეაჩერა. გადაწყვეტილება თეირანის მხრიდან სამხედრო ესკალაციითა და სარაკეტო საფრთხით აიხსნა.
თურქეთი
თურქეთსა და ირანს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირებია. თურქეთი ირანიდან ბუნებრივ აირს ყიდულობს, სანაცვლოდ კი ირანში სამრეწველო და სამომხმარებლო საქონელი გააქვს.
ორ ქვეყანას შორის წლიური ვაჭრობა დაახლოებით $5-6 მილიარდს შეადგენს, საიდანაც თურქეთის ექსპორტი ირანში დაახლოებით $3 მილიარდია.
ენერგეტიკა თურქეთ-ირანის ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თურქეთი ბუნებრივი აირის თითქმის მთელ საჭიროებას იმპორტით აკმაყოფილებს, ხოლო ირანი თურქეთის გაზის იმპორტის დაახლოებით 13%-ს უზრუნველყოფს.
ერაყი
ერაყსა და ირანს შორის ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს $10 მილიარდს გადააჭარბა. ურთიერთობა დიდწილად ირანიდან ერაყში საკვების, სამომხმარებლო საქონლისა და სხვა პროდუქტების ექსპორტზეა დაფუძნებული.
2026 წელს ვაჭრობა შემცირდა, რადგან ირანის ომმა რეგიონში უსაფრთხოების რისკები გაზარდა. შედეგად, პერიოდულად შეფერხდა საქონლის გადაადგილება საზღვრის მნიშვნელოვან გამშვებ პუნქტებზე, გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯებიც.
ენერგეტიკა ამ ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ერაყი ირანს ბუნებრივი აირისთვის ყოველწლიურად დაახლოებით $4-5 მილიარდს უხდის. გაზი ერაყში ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის გამოიყენება.
ერაყის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანთან ვაჭრობისთვის აშშ-ის ახალი სანქციების დაწესებამ შესაძლოა ბაღდადს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას, რადგან ქვეყანას მოუწევს ირანული ენერგიის საფასურის გადახდა ისე, რომ აშშ-ის სანქციების ქვეშ არ მოექცეს.
ომანი
ომანსა და ირანს შორის ხანგრძლივი და შედარებით მეგობრული ურთიერთობებია. მუსკატი წლების განმავლობაში ასრულებდა შუამავლის როლს ირანსა და სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს შორის.
ირანსა და ომანს შორის საქონლით ვაჭრობამ 2025 წელს $1.5 მილიარდი შეადგინა. 2026 წლის პირველ ოთხ თვეში კი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ $345 მილიონს მიაღწია.
პაკისტანი
ირანთან სავაჭრო კავშირების შეზღუდვა პაკისტანისთვისაც მნიშვნელოვანი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს. ისლამაბადსა და თეირანს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქვეყნებს ორმხრივი ვაჭრობის $10 მილიარდამდე გაზრდა სურთ.
წარსულში აშშ-ის სანქციების გამო ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ვაჭრობა პრაქტიკულად შეჩერდა, თუმცა არაფორმალური ვაჭრობა გაგრძელდა. არაოფიციალური შეფასებებით, ირანსა და პაკისტანს შორის ექსპორტისა და იმპორტის საერთო მოცულობამ დაახლოებით $4 მილიარდს მიაღწია.
ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში ნავთობით, ხორბლით, ბრინჯით, პირუტყვითა და მედიკამენტებით ვაჭრობა ხორციელდება, მათ შორის არაფორმალური არხებით.
ინდოეთი
ინდოეთსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობები 2020 წლიდან მკვეთრად შემცირდა, როდესაც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა.
2019-20 ფინანსურ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა წინა წლის $17 მილიარდიდან დაახლოებით $4.8 მილიარდამდე შემცირდა. ბოლო წლებში ვაჭრობა კიდევ უფრო შემცირდა და 2025-26 ფისკალურ წელს $1.63 მილიარდი შეადგინა.
ვაჭრობის უდიდესი ნაწილი ინდოეთის ექსპორტზე მოდის. კერძოდ, ინდოეთი ირანში დაახლოებით $1.3 მილიარდის ღირებულების მარცვლეულს, ჩაის, ყავასა და სანელებლებს გზავნის.
ინდოეთის ხელისუფლება წარსულში აცხადებდა, რომ მსგავსი ექსპორტი ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე გრძელდება და სანქციების ფარგლებს მიღმა უნდა დარჩეს.
სომხეთი
ირანის წილი სომხეთის მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2025 წელს $768 მილიონს, ანუ 3.6%-ს შეადგენდა.
2026 წლის პირველ ნახევარში სომხეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ $371.4 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა. ექსპორტი 6%-ით შემცირდა და $42.8 მილიონი შეადგინა, ხოლო იმპორტი 12%-ით გაიზარდა და $336.9 მილიონს გაუტოლდა.
ირანის გავლით სომხეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 20% გადის. ქვეყნებს შორის მოქმედებს ასევე „გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ“ – სქემა სომხეთი ირანიდან მიღებულ ბუნებრივ აირს ელექტროენერგიის წარმოებისთვის იყენებს, შემდეგ კი ელექტროენერგიის ნაწილს ირანს უბრუნებს.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-ივნისში 4.5%-ით გაიზარდა და $312.6 მილიონი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი $299.1 მილიონი იყო.
აზერბაიჯანის იმპორტმა ირანიდან $297 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის $292.7 მილიონთან შედარებით 1.5%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში აზერბაიჯანის ექსპორტი ირანში 2.4-ჯერ გაიზარდა, $6.4 მილიონიდან $15.6 მილიონამდე.
ირანის წილი აზერბაიჯანის მთლიან იმპორტში 3.56%-მდე გაიზარდა, 2025 წლის იანვარ-ივნისში არსებული 2.54%-იდან.
საქართველო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის სიაში ირანი მე-8 ადგილს იკავებს დაახლოებით $144.23 მილიონით (3.1%-იანი წილი). წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 762.7%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, ირანიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ ამავე პერიოდში თითქმის $145.44 მილიონი შეადგინა. ამ მონაცემით ირანი საქართველოს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სიაში ვერ ხვდება.
თუ აშშ ირანის იზოლაციის პოლიტიკას გაამკაცრებს, ყველაზე დიდი გამოწვევა, სავარაუდოდ, ჩინეთს შეექმნება, რომელიც ირანული ნავთობის მთავარი მყიდველია. თუმცა სანქციების გავლენა შესაძლოა გავრცელდეს ირანის სხვა მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებზეც, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ენერგეტიკულად ან სავაჭრო თვალსაზრისით თეირანთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.











