ირაკლი რუხაძის „რუსთავის ფოლადმა“ არმატურის საწარმოო ხაზი „პიემ მეტალს“ მიჰყიდა

ირაკლი რუხაძის „რუსთავის ფოლადმა“ არმატურის საწარმოო ხაზი „პიემ მეტალს“ მიჰყიდა

ქართველი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერსის“ ჯგუფში შემავალმა „რუსთავის ფოლადმა“ არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია „პიემ მეტალს“ მიჰყიდა. გარიგების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებში იძებნება.

რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, „რუსთავის ფოლადმა“ 2025 წლის დეკემბერში კომპანია „იბერია რიბარი“ დააფუძნა და მას არმატურის წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოო ხაზი გადასცა. 2026 წლის 30 ივლისს კი „იბერია რიბარის“ მფლობელი „პიემ მეტალი“ გახდა.

წაიკითხეთ ასევე: ირაკლი რუხაძემ „იმედი“ გაყიდა – ტელეკომპანიის ახალი მფლობელი ცნობილია

„პიემ მეტალი“ აქამდე ძირითადად არმატურის იმპორტითა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციით იყო დაკავებული. „რუსთავის ფოლადისგან“ არმატურის წარმოების აქტივის შეძენის შემდეგ კი კომპანია საკუთარ ბიზნესმოდელს ცვლის და ბაზარზე ადგილობრივი წარმოების არმატურის რეალიზაციასაც დაიწყებს.

ცნობისთვის, კომპანიის 75%-იან წილს გიორგი მირიანაშვილი ფლობს, დარჩენილ 25%-ს კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე პაველ მიდელაშვილი. Forbes Georgia-ს 2024 წლის შეფასებით, „პიემ მეტალის“ სამეწარმეო ღირებულება 158.7 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო კომპანიის შემოსავლები 2023 წელთან შედარებით გაორმაგდა.

რაც შეეხება „რუსთავის ფოლადს“, ის ფოლადის პროდუქტებს, მათ შორის კვადრატულ ნამზადს, არმატურასა და უნაკერო მილებს აწარმოებს. კომპანია არმატურის წარმოებიდან გასვლის შემდეგ სხვა მეტალურგიული მიმართულებებით გააგრძელებს საქმიანობას.

„რუსთავის ფოლადის“ 100%-იან წილს ირაკლი რუხაძე ფლობს. Forbes Georgia-ს 2024 წლის შეფასებით, „რუსთავის ფოლადის“ სამეწარმეო ღირებულება 365.2 მლნ ლარს შეადგენდა. ბოლო წლების ფინანსური შედეგებით კი კომპანია ზარალზე მუშაობს.

წაიკითხეთ ასევე: „ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკის“ 95.99%-იანი წილი ₾674.1 მილიონად შეიძინა

ირაკლი რუხაძის ბიზნესაქტივების სტრუქტურაში ბოლო პერიოდში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განხორციელდა. აპრილში მან „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტი „ბაზისბანკს“ მიჰყიდა, ხოლო მანამდე, თებერვალში, რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ტელეკომპანია „იმედის“ წილი გაასხვისეს.

აღსანიშნავია, რომ რუხაძე Forbes Georgia-ს საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში მე-4 ადგილს იკავებს. მისი ქონება 2.227 მილიარდ ლარად არის შეფასებული. ბიზნესმენის აქტივები მოიცავს „მაგთის“ 25%-ს, „ქართული ცემენტის“ 41%-ს და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სრულად „რუსთავის ფოლადს“.

წაიკითხეთ ასევე: საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმე