„რაც 2016 წელს განსხვავებულ არჩევანად ჩანდა, დღეს აუცილებლობად იქცა“ - მიხეილ ბატიაშვილი, BTU-ის დამფუძნებელი

„რაც 2016 წელს განსხვავებულ არჩევანად ჩანდა, დღეს აუცილებლობად იქცა“ - მიხეილ ბატიაშვილი, BTU-ის დამფუძნებელი

5 500-ზე მეტი სტუდენტით, 2 კამპუსით, 12 მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით, 16 აკრედიტებული სასწავლო და 7 საერთაშორისო ორმაგი ხარისხის პროგრამით — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. BTU-ის გლობალური პარტნიორობა დღეს 100-ზე მეტ გაცვლით პროგრამას, 500-მდე პარტნიორ ორგანიზაციასა და 150-ზე მეტ საერთაშორისო პროექტს აერთიანებს. ათწლიანი წარმატებული გამოცდილების ბაზაზე უნივერსიტეტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის: ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიების, კვლევებისა და უწყვეტი განათლების გაძლიერებით, BTU-ის მიზანია, მომდევნო ათწლეულში საერთაშორისო მნიშვნელობის რეგიონულ საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრად ჩამოყალიბდეს.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

BTU 2016 წელს შეიქმნა. რა მისია დააკისრეთ მას? რა პრობლემის გადაჭრა გინდოდათ მაშინ და რამდენად დაემთხვა ის ხედვა რეალობას, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში განვითარდა?

2016 წელს ორი ერთმანეთისგან დაშორებული სამყარო დავინახეთ. ერთი მხრივ, უნივერსიტეტი სტუდენტს ცოდნას აძლევდა, მაგრამ ხშირად ნაკლებად აჩვენებდა, როგორ უნდა გადაექცია ეს ცოდნა რეალურ შედეგად – სამსახურად, ბიზნესად, პროდუქტად ან საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებად. მეორე მხრივ, ბიზნესი სწრაფად იცვლებოდა, ტექნოლოგიები კი უკვე მისი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ძალად  ყალიბდებოდა.

სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ BTU მარტივ, მაგრამ იმ დროისთვის საკმაოდ განსხვავებულ პრინციპზე – „ბიზნესი + ტექნოლოგია“. გვინდოდა შეგვექმნა უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტი მხოლოდ ერთ პროფესიას კი არ დაეუფლებოდა, არამედ ისწავლიდა პრობლემის დანახვას, ტექნოლოგიის გამოყენებას, იდეის განხორციელებას, გუნდთან მუშაობასა და საერთაშორისო გარემოში კონკურენციას. უნივერსიტეტის მისიაც თავიდანვე ბიზნესის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ლიდერობის, მეწარმეობისა და კვლევის ერთიან სივრცეში მოქცევას ეფუძნებოდა.

პირველი ათწლეულის მიწურულს შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემა სწორად დავინახეთ, თუმცა მისი მნიშვნელობა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე 2016 წელს წარმოგვედგინა. დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს ბიზნესი, რომელსაც ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები არ სჭირდება. ამასთან, აღარ არის საკმარისი მხოლოდ ტექნოლოგიის გამოყენება – აუცილებელია მისი ბიზნესის მიზნებთან სწორად დაკავშირება.

ბიზნესი განსაზღვრავს პრობლემას, ტექნოლოგია კი მისი გადაჭრის ახალ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ კავშირის შექმნა იყო BTU-ის საწყისი მისია და ის დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. რაც 2016 წელს განსხვავებულ არჩევანად ჩანდა, 2026 წელს აუცილებლობად იქცა.

ათი წლის თავზე როგორია BTU-ის შედეგები რიცხვებში? როდესაც უნივერსიტეტს ქმნიდით, წარმოიდგენდით, რომ ის ამ მასშტაბს მიაღწევდა? რა არის ამ შედეგების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი?

მასშტაბის ზუსტად წარმოდგენა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, მაგრამ ამბიცია თავიდანვე დიდი გვქონდა. ჩვენ არ გვინდოდა, შეგვექმნა უბრალოდ კიდევ ერთი უნივერსიტეტი. გვინდოდა შეგვექმნა ახალი ტიპის უნივერსიტეტი, რომელიც სწრაფად იცვლებოდა, თუმცა საკუთარ მთავარ მიმართულებას არ კარგავდა.

დღევანდელი მონაცემებით, BTU-ს აქვს 16 აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, 7 საერთაშორისო ორმაგი ხარისხის პროგრამა, 5,500-ზე მეტი სტუდენტი, ორი კამპუსი და 12 მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია.

დღეს გვაქვს 100-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა, დაახლოებით 500 პარტნიორი ორგანიზაცია და 150-ზე მეტი განხორციელებული საერთაშორისო პროექტი. ამავე პერიოდისთვის სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებით ქვეყნის მასშტაბით 10,000-ზე მეტმა ქალმა, ბავშვმა და ახალგაზრდამ ისარგებლა.

რიცხვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გარე შეფასებაც. 2025 წელს ევროპის ინოვაციისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტმა BTU ევროპაში „წლის განმანათლებლად“ დაასახელა. ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიური განათლების ხარისხსა და მასშტაბურ საზოგადოებრივ გავლენას ეხება.

BTU-ის განვითარების ხედვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეფასება 2026 წლის მაისში მივიღეთ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა, პროფესორმა კლაუს შვაბმა, BTU-ში გამართული პრეზენტაციისას უნივერსიტეტი „მომავლის უნივერსიტეტად“ დაასახელა. მან განსაკუთრებით გამოყო BTU-ის მიერ ბიზნესის, ტექნოლოგიების, მეწარმეობისა და ინოვაციების გაერთიანება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი სწორედ იმ თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელს ქმნის, რომელიც სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაშია საჭირო. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეფასებაა, რადგან ის მხოლოდ უკვე მიღწეული შედეგების აღიარება არ არის – ის ადასტურებს იმ ხედვის სისწორესაც, რომელზეც BTU 2016 წელს დავაფუძნეთ: „ბიზნესი + ტექნოლოგია“.

ეს შედეგები მხოლოდ ერთმა ფაქტორმა კი არ განაპირობა, არამედ გადამწყვეტი იყო ძლიერი გუნდი, მიმართულების თანამიმდევრულობა, ბიზნესთან მუდმივი კავშირი, საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანა და მზადყოფნა, რომ ახალ სფეროებში მანამდე ჩაგვედო რესურსი, სანამ მათი მნიშვნელობა ყველასთვის აშკარა გახდებოდა.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ცვლილებას მხოლოდ არ გავყოლოდით – მისთვის წინასწარ მოვმზადებულიყავით. ვფიქრობ, BTU-ის ზრდის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

BTU-ის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი თავიდანვე ბიზნესისა და ტექნოლოგიების გაერთიანება იყო. დღეს, როდესაც თითქმის ყველა სფერო ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, როგორ შეიცვალა ეს კონცეფცია? რა განასხვავებს BTU-ს სხვა უნივერსიტეტებისგან?

ჩვენი ძირითადი კონცეფცია არ შეცვლილა – ის კიდევ უფრო გაღრმავდა.

2016 წელს „ბიზნესი + ტექნოლოგია“ ორი სფეროს გაერთიანებას ნიშნავდა. დღეს ეს უკვე უნივერსიტეტის მუშაობის მთლიანი პრინციპია. ტექნოლოგია აღარ არის მხოლოდ ერთი პროგრამა, ერთი საგანი ან ერთი ლაბორატორია. ის უკავშირდება ბიზნესის მართვას, მარკეტინგს, ფინანსებს, კვლევას, მეწარმეობას, კარიერულ განვითარებასა და ახალი პროდუქტების შექმნას.

დღეს თითქმის ყველა უნივერსიტეტი ასწავლის გარკვეულ ტექნოლოგიურ საგნებს. ამიტომ განსხვავებას აღარ ქმნის მხოლოდ ის, გაქვს თუ არა ტექნოლოგიური პროგრამა. განსხვავებას ქმნის ის, რამდენად ღრმად არის ტექნოლოგია ჩართული სწავლის ყოველდღიურ პროცესში და რამდენად შეუძლია სტუდენტს მიღებული ცოდნის  რეალური ამოცანის გადასაწყვეტად გამოყენება.

BTU-ში სტუდენტური გამოცდილება აერთიანებს თანამედროვე სასწავლო პროგრამებს, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, ბიზნესის წარმომადგენლებთან მუშაობას, გაცვლით შესაძლებლობებს, მეწარმეობის მხარდაჭერასა და კარიერულ მომსახურებას. უნივერსიტეტის სასწავლო მოდელი თავიდანვე ეფუძნებოდა უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს, მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციას.

BTU-ს განსხვავება არ არის მხოლოდ ის, რომ ტექნოლოგიას ვასწავლით. მთავარი განსხვავებაა, რომ სტუდენტს ვასწავლით, როგორ აქციოს ტექნოლოგია ბიზნესის შექმნის, მართვისა და განვითარების ინსტრუმენტად.

ამ წლების განმავლობაში BTU-მ არაერთი საერთაშორისო პარტნიორობა გააფორმა, მათ შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან და სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან. რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საერთაშორისო ქსელი ქართული უნივერსიტეტის განვითარებისთვის და კონკრეტულად რა მისცა ამ თანამშრომლობებმა სტუდენტებს?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ BTU რეგიონში პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტთან თანამშრომლობა დაიწყო და მის საერთაშორისო ქსელს შეუერთდა. დღეს, როდესაც რეგიონის სხვა უნივერსიტეტებიც ავითარებენ ურთიერთობას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან, განსაკუთრებით გვახარებს, რომ BTU-მ პირველმა გაკვალა ეს გზა და სხვა უნივერსიტეტებსაც გაუხსნა შესაძლებლობა, დაენახათ – უმაღლესი დონის საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობა ჩვენი რეგიონიდანაც შესაძლებელია.

ქართული უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო ქსელი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა. ის საშუალებას გაძლევს, საკუთარი ხარისხი მუდმივად შეადარო მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას, სწრაფად მიიღო ახალი ცოდნა და სტუდენტებს ისეთი შესაძლებლობები შესთავაზო, რომლებიც ადრე მხოლოდ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ ცნობილი სახელებისა და ნიშნების ჩამონათვალი. ასეთი ურთიერთობა ფასობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სტუდენტის ყოველდღიურ შესაძლებლობად გარდაიქმნება.

ამავე საერთაშორისო ხედვის მნიშვნელოვანი შედეგი იყო BTU-ის ინიციატივითა და პარტნიორობით ცნობილი ამერიკული „ვებსტერის უნივერსიტეტის” საქართველოში შემოსვლა. ვებსტერმა რეგიონში თავისი პირველი კამპუსი  საქართველოში სწორედ BTU-ის ბაზაზე გახსნა. 2022 წლიდან ის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამებით ქართველ და უცხოელ სტუდენტებს მასპინძლობს და მათ შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო აღიარების მქონე ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოშივე მიიღონ.

BTU ასევე არის ჰარვარდის კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო ქსელის წევრიც, რომელიც სასწავლო მასალებზე, კვლევით თანამშრომლობაზე და საერთაშორისო აკადემიურ ურთიერთობებზე წვდომის შეასძლებლობას იძლევა. დღეს BTU-ს აქვს 7 საერთაშორისო ორმაგი ხარისხის პროგრამა და 100-ზე მეტი გაცვლითი შესაძლებლობა.

სტუდენტისთვის ეს ნიშნავს პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის, მეორე საერთაშორისო დიპლომის მიღების, უცხოელ პროფესორებთან და მკვლევრებთან მუშაობის, საერთაშორისო გუნდებში მონაწილეობისა და განსხვავებული ბიზნესგარემოს გაცნობის შესაძლებლობას.

ბოლო წლებში BTU-ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მიმართულებად ხელოვნური ინტელექტი ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტმა ის სწავლებაში, კვლევასა და მართვაში დანერგა და ამ მიმართულებით აკრედიტებული პროგრამებიც შექმნა. რამდენად შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენი წარმოდგენა უნივერსიტეტის მომავალზე?

ხელოვნურმა ინტელექტმა უნივერსიტეტის მისია არ შეცვალა, მაგრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი განხორციელების ფორმა.

როდესაც ტექნოლოგიას რამდენიმე წამში შეუძლია დიდი მოცულობის ინფორმაციის მოძიება, ტექსტის მომზადება, მონაცემების დამუშავება ან ვარიანტების შეთავაზება, უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულება ვეღარ იქნება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და დამახსოვრების შემოწმება.

დღეს უნივერსიტეტმა ადამიანს უნდა ასწავლოს კითხვის სწორად დასმა, სანდო და არასანდო ინფორმაციის გარჩევა, მიღებული პასუხის შემოწმება, ცოდნის სხვადასხვა სფეროს დაკავშირება და საბოლოო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება.

BTU-ს აქვს აკრედიტებული ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტში. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ჩართულია სასწავლო კურსების მნიშვნელოვან ნაწილშიც, ხოლო მისი გამოყენება უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი კვლევითი მიმართულებაა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ქართული ენის საკითხი. 2026 წელს BTU-მ დაიწყო ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტი, რომლის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ქართული ენა მხოლოდ სიტყვების დონეზე კი არ წაიკითხონ, არამედ მისი გრამატიკული ლოგიკა, შინაარსი და კულტურული თავისებურებებიც სწორად გაიგონ.

პროექტის მორიგ ეტაპზე 7 მილიარდზე მეტი ენობრივი ერთეულის მოცულობის ქართულენოვანი მასალის საფუძველზე მომზადდა სახელმძღვანელო — „ქართული ენის გრამატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“. ეს არის კვლევითი და ტექნოლოგიური საფუძველი, რომელზეც მომავალში უფრო ხარისხიანი ქართულენოვანი ტექნოლოგიები შეიძლება აშენდეს.

ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ უნივერსიტეტი ნაკლებად საჭირო არ გახადა. პირიქით, მისი პასუხისმგებლობა გაზარდა.

თქვენი აზრით, რა ცოდნა და უნარები დასჭირდება ადამიანს 5-10 წლის შემდეგ დასაქმებისთვის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ ფუნქციას შეასრულებს? და როგორ უნდა შეიცვალოს უნივერსიტეტი ამ რეალობასთან ერთად?

მომავალში ადამიანს აღარ ეყოფა ერთი პროფესიის ერთხელ სწავლა და შემდეგ იმავე ცოდნით ათწლეულების განმავლობაში მუშაობა. პროფესიული როლები შეიცვლება, ზოგი ამოცანა ავტომატურად შესრულდება, ახალი საქმიანობები გაჩნდება და ადამიანს რამდენჯერმე მოუწევს საკუთარი ცოდნის განახლება.

ამიტომ მომავლისთვის საჭირო იქნება სამი ტიპის შესაძლებლობის ერთდროულად განვითარება: ძლიერი დარგობრივი ცოდნა, ტექნოლოგიური წიგნიერება და დამოუკიდებელი განსჯა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2030 წლამდე სამუშაოსთვის საჭირო ძირითადი უნარების დაახლოებით 40% შეიცვლება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია კი აღნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, მონაცემების გაგება, პრობლემების გადაწყვეტა, შემოქმედებითობა, მართვა და თანამშრომლობა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითაც, ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მოსალოდნელი შედეგი სამუშაოების მთლიანად გაქრობა კი არა, მათი შინაარსის გარდაქმნაა. ეს ნიშნავს, რომ შეიცვლება არა მხოლოდ ის, სად ვმუშაობთ, არამედ ისიც, რას ვაკეთებთ ჩვენი სამუშაო დროის განმავლობაში.

ადამიანს დასჭირდება კრიტიკული აზროვნება, წყაროების შემოწმება, მონაცემების გააზრება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ეთიკური პასუხისმგებლობა და მუდმივად სწავლის უნარი. ხელოვნური ინტელექტის ცოდნა არ ნიშნავს, რომ ყველამ პროგრამირება უნდა ისწავლოს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რისთვის გამოიყენოს ტექნოლოგია, სად შეიძლება ის შეცდეს და როდის არ უნდა ენდოს მას ბრმად.

უნივერსიტეტიც უნდა შეიცვალოს. სწავლაში მეტი ადგილი უნდა დაეთმოს რეალურ პროექტებს, სხვადასხვა დარგის გაერთიანებას, კვლევას, პრაქტიკულ ამოცანებსა და უწყვეტ განათლებას.

მომავალში კონკურენტული იქნება არა ის, ვინც ყველაზე მეტი პასუხი დაიმახსოვრა, არამედ ის, ვინც სწორად ჩამოაყალიბებს პრობლემას, ტექნოლოგიას მიზნობრივად გამოიყენებს, შედეგს შეამოწმებს და მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

BTU-ში განათლება მხოლოდ სტუდენტებზე არ არის ფოკუსირებული. უნივერსიტეტი ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების, ბავშვებისა და მოზარდების, ქალების, მეწარმეებისა და სხვა ჯგუფებისთვის განკუთვნილ პროექტებსაც. რამ განაპირობა BTU-ის როლის გაფართოება უშუალოდ სტუდენტების სწავლების ფარგლებს მიღმა?

უნივერსიტეტი არ უნდა იყოს დახურული დაწესებულება, რომლის საქმიანობაც მხოლოდ ჩარიცხული სტუდენტებითა და დიპლომების გაცემით შემოიფარგლება. მას საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც აქვს.

ამიტომ BTU-მ განათლება უნივერსიტეტის კედლებს გარეთაც გაიტანა. სრულად დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებით უკვე 10,000-ზე მეტმა ქალმა, ბავშვმა და ახალგაზრდამ ისარგებლა. ინიციატივები მოიცავს ქალებისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიურ პროგრამებს, ბავშვებისა და მოზარდების პროექტებს, რეგიონულ ინიციატივებსა და მეწარმეობის მხარდამჭერ პროგრამებს. მათ შორისაა „კოდინგის სკოლა 1,500 ქალისთვის“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ქალთა ტექნოლოგიურ განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული.

ამ მიდგომის მნიშვნელოვანი გაგრძელებაა BTU-ის ინიციატივით შექმნილი საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ეროვნული გუნდების შერჩევასა და სისტემურ მომზადებას უზრუნველყოფს. 2026 წელს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა გუნდმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე 1 საპატიო სიგელი მოიპოვა, ხოლო მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ეს შედეგები აჩვენებს, რომ სწორად შექმნილმა შესაძლებლობამ ძალიან სწრაფად შეიძლება გამოავლინოს საქართველოში არსებული ნიჭი. საერთაშორისო აღიარებაც სწორედ ამას მოჰყვა – როგორც უკვე აღვნიშნე, 2025 წელს BTU ევროპაში „წლის განმანათლებლად“ დასახელდა.

ჩვენთვის ეს საქმიანობა უნივერსიტეტის ძირითადი მისიისგან განცალკევებული სოციალური მიმართულება არ არის. ეს არის ინვესტიცია ქვეყნის ცოდნაში, ადამიანურ შესაძლებლობებსა და მომავალ კონკურენტუნარიანობაში.

უნივერსიტეტის შეფასებისას ბევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელია. რა შედეგები გაქვთ ამ მიმართულებით გასული ათი წლის განმავლობაში?

დასაქმება უნივერსიტეტის ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომია, თუმცა მხოლოდ ერთი რიცხვი სრულ სურათს ვერ გვიჩვენებს. მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად საქმდება კურსდამთავრებული, მუშაობს თუ არა საკუთარი პროფესიით, როგორ ვითარდება მისი კარიერა, შეუძლია თუ არა საერთაშორისო ბაზარზე მუშაობა და ქმნის თუ არა მომავალში თავად ახალ სამუშაო ადგილებს.

BTU-ში კარიერული განვითარება სწავლის დასრულების შემდეგ არ იწყება. კარიერული ცენტრი სტუდენტთან მუშაობას პირველივე სემესტრიდან იწყებს და მას სთავაზობს პროფესიულ კონსულტაციებს, სამუშაოსა და სტაჟირების შესაძლებლობებს, დამსაქმებლებთან შეხვედრებსა და დასაქმების ფორუმებს.

ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც კარიერული მხარდაჭერის მასშტაბი, ისე უნივერსიტეტის კავშირი დამსაქმებლებთან. დღეს BTU-ს კარიერული ქსელი აერთიანებს 400-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციას, განხორციელებულია 600-ზე მეტი პროფესიული განვითარების ღონისძიება და 200-ზე მეტი თანამშრომლობა ბიზნესსექტორთან.

მომდევნო ეტაპზე ჩვენი მიზანია კურსდამთავრებულთა კარიერული შედეგების კიდევ უფრო დეტალური და რეგულარული შეფასება — დასაქმების სისწრაფის, პროფესიული შესაბამისობის, კარიერული ზრდის, საერთაშორისო შესაძლებლობებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

ჩვენთვის კარგი შედეგი მხოლოდ პირველი სამსახურის პოვნა არ არის. საუკეთესო შედეგია, როდესაც კურსდამთავრებული რამდენიმე წლის შემდეგ თავად ხდება ხელმძღვანელი, დამსაქმებელი, მეწარმე ან მომდევნო სტუდენტების მენტორი. სწორედ მაშინ იქმნება სრული წრე — უნივერსიტეტში მიღებული შესაძლებლობა საზოგადოებისთვის ახალ შესაძლებლობად ბრუნდება.

ამ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ლაბორატორიები, კვლევითი პროგრამები და წამოიწყო საერთაშორისო პროექტები. რამდენად რთული აღმოჩნდა საქართველოში უნივერსიტეტის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ კვლევით და ინოვაციურ ცენტრად ჩამოყალიბება?

ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იყო, რადგან სასწავლო პროგრამის შექმნასა და კვლევითი კულტურის ჩამოყალიბებას შორის დიდი განსხვავებაა.

შესაძლებელია ლაბორატორიის გახსნა, ტექნიკის შეძენა ან პროექტის გამოცხადება, მაგრამ კვლევითი ინსტიტუტის შექმნას წლები სჭირდება. საჭიროა ძლიერი მკვლევრები, სამეცნიერო ეთიკა, დაფინანსება, საერთაშორისო ნდობა, შედეგების გადამოწმების სისტემა და გარემო, სადაც წარუმატებელი ექსპერიმენტიც სწავლის ნაწილად აღიქმება.

როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს BTU-ში 12 მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია მუშაობს, უნივერსიტეტს კი 150-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი აქვს განხორციელებული. კვლევითი საქმიანობა მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, კიბერუსაფრთხოებას, ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას, მონაცემებს, მდგრად განვითარებასა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს.

ამ განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგი 2026 წელს მივიღეთ, როდესაც BTU ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის „ატლასის“ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ტექნიკური ასოცირებული ინსტიტუტის სტატუსით შეუერთდა. თანამშრომლობა მოიცავს „ატლასის“ დეტექტორთან დაკავშირებული ვირტუალური საგანმანათლებლო გარემოსა და პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას.

ეს უკვე განსხვავებული დონეა. აქ უნივერსიტეტი მხოლოდ უცხოეთში შექმნილ ცოდნას აღარ იყენებს – მისი გუნდი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში თავად მონაწილეობს ახალი ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების შექმნაში.

ლაბორატორიის გახსნა ამ გზის შედარებით მარტივი ნაწილია. მთავარი სირთულეა ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც კითხვა, ექსპერიმენტი, მტკიცებულება და შედეგის შემოწმება ყოველდღიური მუშაობის წესად იქცევა.

რა იყო თქვენთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, ყველაზე რთული გადაწყვეტილება? არსებობს თუ არა ისეთი რამ, რასაც დღეს, ათი წლის გამოცდილებით, სხვაგვარად გააკეთებდით?

ყველაზე რთული იყო გრძელვადიანი განვითარების ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა შედეგიც იმავე წელს არ ჩანდა.

არაერთხელ მოგვიწია არჩევანის გაკეთება მოკლევადიან ამოცანებს და გრძელვადიან ინვესტიციას შორის. ასე იყო ტექნოლოგიური ლაბორატორიების, საერთაშორისო თანამშრომლობების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულების, კვლევითი ინფრასტრუქტურისა და მეორე კამპუსის შემთხვევაში. მეორე კამპუსი 2025 წელს გაიხსნა და უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევითი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება რთულია, რადგან რესურსს დღეს დებ, შედეგს კი შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ ხედავდე. თანაც სწრაფი ზრდის დროს ყოველთვის არსებობს ხარისხის დაკარგვის საფრთხე. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, მასშტაბის ზრდასთან ერთად შეგვენარჩუნებინა უნივერსიტეტის ძირითადი ბაზისი და სწავლების ხარისხი.

დღეს რომ თავიდან ვიწყებდე, რამდენიმე რამეს უფრო ადრე გავაკეთებდი.

თუმცა ძირითად არჩევანს არ შევცვლიდი. შეიძლება ზოგი სწორი ნაბიჯი უფრო ადრე გადამედგა, მაგრამ მიმართულება იგივე იქნებოდა – შეგვექმნა უნივერსიტეტი, რომელიც არა მხოლოდ უკვე მომხდარ ცვლილებაზე რეაგირებს, არამედ მომავალს მომზადებული ხვდება.

თუ პირველ ათ წელიწადს BTU-ის შექმნისა და პოზიციების გამყარების პერიოდად განვიხილავთ, როგორი უნდა იყოს მომდევნო ათწლეული? რომელი მიმართულებებით გინდათ, რომ BTU 2036 წლისთვის უფრო მეტად გაძლიერდეს?

თუ პირველი ათწლეული BTU-ის შექმნისა და დამკვიდრების პერიოდი იყო, მომდევნო ათწლეული მისი გავლენის გაფართოების პერიოდი უნდა გახდეს.

2036 წლისთვის BTU მხოლოდ უფრო დიდი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს. ჩემი ხედვით, ის უნდა იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი, სადაც საქართველოში შექმნილი ცოდნა გარდაიქმნება სამეცნიერო შედეგად, ტექნოლოგიურ პროდუქტად და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად.

პირველი მიმართულება იქნება ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაცია განათლებასა და კვლევაში. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ არსებული უცხოური ტექნოლოგიების გამოყენება. საქართველოშიც უნდა მიმდინარეობდეს კვლევა და იქმნებოდეს ტექნოლოგიური საფუძვლები.

ამ მხრივ ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ქართული ენა მომავალ ციფრულ სამყაროში სრულფასოვნად უნდა იყოს წარმოდგენილი – აზრობრივი სიზუსტით, გრამატიკული ლოგიკითა და კულტურული სიღრმით.

მეორე მიმართულებაა კვლევის პრაქტიკულ შედეგად გარდაქმნა. უნივერსიტეტში შექმნილი ცოდნა უფრო ხშირად უნდა გადაიქცეს პროდუქტად, ახალ საწარმოდ, მომსახურებად ან საერთაშორისო ბაზარზე გასატან გადაწყვეტილებად. „ატლასის“ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში ჩვენი მონაწილეობა აჩვენებს, რომ საქართველოდან შესაძლებელია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო ქსელში არა მხოლოდ დამკვირვებლის, არამედ ტექნოლოგიური მონაწილის  სტატუსით ჩართვა.

ასევე უნდა გაიზარდოს უცხოელი მკვლევრების, ერთობლივი პროგრამებისა და ორმაგი ხარისხის შესაძლებლობების რაოდენობა. პარალელურად, უნივერსიტეტმა უნდა შექმნას მეტი მოკლე და მოქნილი პროგრამა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესია, მაგრამ ახალი ცოდნის მიღება სჭირდებათ.

2036 წლის BTU უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ მათ, ვინც პირველად ირჩევს პროფესიას, არამედ მათაც, ვინც ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის საქმიანობას და მუდმივად სწავლობს.

მომდევნო ათწლეულის მთავარი მიზანი მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა არ არის. მთავარი კითხვაა: რამდენად დიდ გავლენას მოახდენს BTU საქართველოში შექმნილი ცოდნის საერთაშორისო ღირებულებად გარდაქმნაზე?

ბოლოს, როდესაც BTU-ის ათწლიან ისტორიას უყურებთ, რა მიგაჩნიათ უნივერსიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად?

შეიძლება დავასახელოთ შედეგები რიცხვებში, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ასევე შეიძლება დავასახელოთ საერთაშორისო აღიარება – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წევრი ორგანიზაციის სტატუსი, ჰარვარდის საერთაშორისო ქსელში მონაწილეობა, ევროპაში „წლის განმანათლებლის“ ჯილდო, საქართველოს მოსწავლეების მიერ მოპოვებული საერთაშორისო მედლები ან „ატლასის“ სამეცნიერო თანამშრომლობაში ჩართვა.

მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაინც ადამიანები არიან.

ეს არის სტუდენტი, რომელმაც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესი შექმნა. კურსდამთავრებული, რომელიც საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს. ქალი, რომელმაც უფასო ტექნოლოგიური პროგრამის შემდეგ ახალი პროფესია აირჩია. სკოლის მოსწავლე, რომელმაც პირველად დაინახა, რომ მსოფლიოს საუკეთესოებთან კონკურენცია შეუძლია. მკვლევარი, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში საქართველოს სახელით მონაწილეობს.

რიცხვები გვიჩვენებს მასშტაბს, მაგრამ უნივერსიტეტის ნამდვილ გავლენას ადამიანების შეცვლილი შესაძლებლობები განსაზღვრავს.

BTU-ს პირველმა ათწლეულმა აჩვენა, რომ საქართველოშიც შესაძლებელია ისეთი უნივერსიტეტის შექმნა, რომელიც მხოლოდ არსებულ მოთხოვნებს არ პასუხობს, არამედ ახალ შესაძლებლობებს თავად ქმნის.

BTU-ს ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ ათასობით ადამიანს მისცა არა მხოლოდ განათლება, არამედ რწმენა – მომავალი შეიძლება საქართველოშიც შექმნა.

S