ტრამპი ევროკავშირს კანადის „ასოცირებულ წევრად“ მიღების გამო ტარიფებით ემუქრება

ტრამპი ევროკავშირს კანადის „ასოცირებულ წევრად“ მიღების გამო ტარიფებით ემუქრება

ფოტო: Andrew Harnik/Getty Images

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტარიფების დაწესებით ან ბლოკთან ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა, თუ ევროკავშირის მიერ კანადის „ასოცირებულ წევრად“ შესაძლო მიღებას მტრულ ნაბიჯად შეაფასებს. ტრამპის განცხადება აშშ-სა და კანადას შორის გამწვავებული სავაჭრო დაპირისპირების ფონზე გაკეთდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ევროკავშირისა და კანადის დაახლოების ინიციატივას „სასაცილო“ უწოდა და კანადა დაახასიათა, როგორც „საშინელი სავაჭრო პარტნიორი“.

„თუ ამას მტრულ ქმედებად აღვიქვამ, ევროპას ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავუწესებ ან ბევრი მიმართულებით მათთან ვაჭრობას შევწყვეტ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირისა და კანადის დაახლოება „კეთილი განზრახვით“ ხდება, მას ამის პრობლემა არ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ევროპას „მძიმე ტარიფები“ დაემუქრება. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის სავაჭრო შეზღუდვებს განიხილავს ან რა კრიტერიუმით განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა ევროკავშირისა და კანადის შეთანხმება „მტრულ ნაბიჯად“.

ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეატყობინა, რომ ევროკავშირი მზადაა, ქვეყანა პირველ „ასოცირებულ წევრად“ მიიღოს. კარნი ფონ დერ ლაიენის მიწვევით ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას დაესწრო.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირისა და კანადის უფრო მჭიდრო პარტნიორობა წარმოების სფეროში თანამშრომლობას, ტექნოლოგიურ ალიანსს, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების ინტეგრაციასა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. მისივე თქმით, მხარეებს ასევე სურთ, არქტიკა „წამყვან ერთობლივ პროექტად“ აქციონ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და კანადას საერთო მიზნები აქვთ ხელოვნური ინტელექტის, კლიმატის ცვლილების, თავდაცვისა და უკრაინის ომის საკითხებში და ორივე მხარე, მისი თქმით, „დემოკრატიის სჯერა“.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირი შეაქო და აღნიშნა, რომ ბლოკმა კონტინენტზე მეტი სტაბილურობა, მოქალაქეებისთვის მეტი მობილობა და ერთიანი ბაზარი შექმნა, რომელმაც ევროპას გლობალური ეკონომიკური გავლენა მისცა.

ევროკავშირსა და კანადას შორის დაახლოების ინიციატივა აშშ-სა და კანადას შორის მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირების ფონზე გაჩნდა. დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კანადიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტის იმპორტზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას მოჰყვა.

კანადამ საპასუხოდ დაახლოებით 700 სახეობის ამერიკულ პროდუქტზე 15%-დან 50%-მდე ტარიფები დააწესა. ჩამონათვალში მოხვდა ფოლადი, რძის პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა, ქაღალდი და გარკვეული ელექტრონული პროდუქცია.

კანადის საპასუხო ზომების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ შეზღუდვები გარკვეული კანადური საქონლის, მათ შორის ზოგიერთი რძის პროდუქტის, ალკოჰოლური სასმელებისა და მოტოციკლების იმპორტზეც დააწესა.