ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკის ყველაზე გავლენიანი მეწარმეებისა და ინვესტორების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სიმბოლურად 250 მეწარმე და ინვესტორი მოხვდა, რომელთა იდეებმა, კომპანიებმა და ინოვაციებმა, როგორც გამოცემა წერს, თანამედროვე ამერიკის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ემპაირ-სტეიტ-ბილდინგით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის რევოლუციისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრებით დამთავრებული, მშენებლობა თანამედროვე ამერიკისთვის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. თუმცა Forbes-ის სია მხოლოდ ფიზიკური ლანდშაფტების მშენებლებით არ შემოიფარგლება და ამ ცნებას ბევრად უფრო ფართოდ მიმოიხილავს.
შედეგად, The Greatest American Builders-ის რეიტინგში გვხვდებიან როგორც ამერიკელი ბიზნესმენები და ინვესტორები, ასევე ინოვატორები, რომლებმაც ქვეყნის ფინანსური, ტექნოლოგიური, ენერგეტიკული, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეიტანეს წვლილი.
Forbes-ის რეიტინგი ადამიანებს ოთხი ძირითადი კრიტერიუმით აფასებს, ესენია: მეწარმეობა, ინოვაცია, მასშტაბი და გრძელვადიანი გავლენა. ცნობისთვის, სიაში მხოლოდ ცოცხალი ინოვატორები არიან.
წლევანდელ რეიტინგში პირველივე პოზიციაზე ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსია, რომელმაც Amazon-ი გლობალურ სავაჭრო და ლოგისტიკურ გიგანტად, Amazon Web Services-ი კი ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურად აქცია; მას მოჰყვება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, რომლის Tesla-მაც ელექტრომობილების გავრცელების მიმართულებით გადამწყვეტი როლი შეასრულა, SpaceX-მა კი კომერციული კოსმოსური ფრენების ინდუსტრია შეცვალა.
სიაშია Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ამერიკის ლიდერობისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პერსონაა და ჯუდი ფოლკნერიც, რომელმაც თავისი Epic Systems-ის სახით ამერიკული ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური პლატფორმა შექმნა.
ამერიკის ტოპ-10 „მშენებელი“
- ჯეფ ბეზოსი (ასაკი: 62)
ბეზოსმა Amazon-ის წარმატება ორ ძირითად მიმართულებას დააფუძნა. ერთი, მიწოდებისა და ლოგისტიკის გლობალური ქსელია, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფი მიწოდების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მეორე კი — Amazon Web Services-ი. ეს უკანასკნელი ღრუბლოვანი გამოთვლების ბაზრის თითქმის 30%-ს აკონტროლებს. ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin კი NASA-სთვის მთვარის აპარატებსა და მარსზე სატელეკომუნიკაციო ქსელზე მუშაობს.

- ილონ მასკი (55)
Tesla-მ, რომელიც ელექტრომობილების სერიული წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი პიონერია, EV-ების ბაზრის გაფართოებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. დღემდე კომპანიამ 9 მილიონზე მეტი ელექტრონული ავტომობილი და სატვირთო გაყიდა, ახლა კი ჰუმანოიდი რობოტებისა და თვითმართვადი ავტომობილების განვითარებაზეა ფოკუსირებული. მასკისთვის შემდეგი ნაბიჯი კოსმოსში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების აშენებაა. ამისთვის კი SpaceX ლუიზიანაში კოსმოდრომის მშენებლობისთვის მინიმუმ $100 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.

- უორენ ბაფეტი (96)
ბაფეტმა Berkshire Hathaway, რომელიც 1965 წელს მცირე ზომის კომპანიად შეიძინა, მრავალფეროვან კონგლომერატად აქცია. Berkshire-ის ამჟამინდელ აქტივებს შორისაა ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროკომპანიები, რომლებიც 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, ასევე სარკინიგზო კომპანია.

- ჩარლზ შვაბი (89)
მის მიერ 1971 წელს დაარსებული საბროკერო კომპანია Charles Schwab-ი ყოველდღიურად საშუალოდ 10 მილიონამდე გარიგებას ახორციელებს. ინოვაცია, რომელიც კომპანიას 40 მილიონზე მეტი კლიენტის ანგარიშის მოზიდვაში დაეხმარა, სხვა ბროკერებთან შედარებით საკომისიოების განახევრება იყო. დღეს ამ ანგარიშების საერთო ღირებულება $13 ტრილიონს აღწევს.

- არტურ ბლანკი (83)
ბლანკმა სამშენებლო და სარემონტო პროდუქციის საცალო ვაჭრობის გიგანტი Home Depot-ი დააფუძნა. ეს უკანასკნელი მილიონობით ამერიკელს სახლების მშენებლობასა და განახლებაში დაეხმარა. კომპანიას $165 მილიარდის შემოსავალი აქვს, დაახლოებით 475,000 თანამშრომელი ჰყავს და 2,300 ობიექტს მართავს. Home Depot-ის განცხადებით, მისმა საქმიანობამ $35 მილიარდის ოდენობის მშპ შექმნა.

- ჯენსენ ჰუანგი (63)
ნახევარგამტარების მწარმოებელი Nvidia ჯენსენ ჰუანგმა 1993 წელს დააარსა. კომპანია დღეს საბაზრო კაპიტალიზაციით ($5.44 ტრილიონი) პირველია და თან ერთადერთია, რომელსაც ამჟამად $5-ტრილიონიანი ზღვარი აქვს გადალახული. Nvidia ამ ეტაპზე ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის კომპანიებთან, მათ შორის NextEra Energy-სთან, Cloverleaf Infrastructure-სა და SB Energy-სთან, უზარმაზარი მონაცემთა ცენტრებისა და მათთვის საჭირო ელექტროქსელის შესაქმნელად თანამშრომლობს.

- სტივენ როსი (86)
როსის უძრავი ქონების კომპანია Related Companies-ს მსოფლიო მასშტაბით $60 მილიარდზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება აქვს აშენებული ან შეძენილი. კომპანია ცნობილია ისეთი მასშტაბური პროექტებით, როგორიცაა Hudson Yards-ი. ამჟამად Related-ი $45 მილიარდის ღირებულების მონაცემთა ცენტრების პროექტებზე მუშაობს, რომელთა შორისაა $16 მილიარდის Barn-ი, რომელსაც ის ექსკლუზიურად Oracle-ისა და მისი მომხმარებლის, OpenAI-სთვის აშენებს.

- ჯუდი ფოლკნერი (83)
ფოლკნერის მიერ 1979 წელს ვისკონსინის ერთ-ერთ სარდაფში დაარსებული Epic Systems-ი დღეს აშშ-ის ჯანდაცვის მონაცემების უდიდესი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური პლატფორმაა. დღეს ქვეყნის საავადმყოფოების მესამედზე მეტი მის MyChart-სისტემას იყენებს, ხოლო 190 მილიონზე მეტ პაციენტს საკუთარი ანგარიში აქვს. სექტემბერში Epic Systems-მა OpenAI-სთან შეთანხმებასაც მიაღწია, რომლის პირობებითაც მისი მონაცემები ChatGPT for Healthcare-ში ინტეგრირდება.

- ლარი ფინკი (73)
ფინკის მიერ დაარსებული BlackRock-ი თავდაპირველად Blackstone-ის ფარგლებში ობლიგაციებში ინვესტირებისა და რისკების მართვის მიმართულებად შეიქმნა. თუმცა დღეს ის უკვე $15 ტრილიონამდე მოცულობის აქტივებს მართავს. კომპანია ათობით მილიონი მომხმარებლის სახელით ძირითადად საჯარო აქციებში, ობლიგაციებსა და ETF-ებში ახორციელებს ინვესტიციებს. ასევე, 35 მილიონზე მეტ ამერიკელს საპენსიო დანაზოგის შექმნაში ეხმარება.

- ბილ გეიტსი (70)
1975 წელს Microsoft-ის დაფუძნებით, გეიტსმა პერსონალური კომპიუტერების რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი კი მისი დაარსებიდან პირველი 25 წლის განმავლობაში ეკავა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში Microsoft-მა ინფორმაციული რევოლუციის დაწყებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ხოლო Windows მსოფლიოს მილიარდზე მეტი პერსონალური კომპიუტერის ძირითად ოპერაციულ სისტემად იქცა.

















