სამხედრო დრონების უმსხვილესი იმპორტიორები – რომელ ადგილზეა საქართველო?

სამხედრო დრონების უმსხვილესი იმპორტიორები – რომელ ადგილზეა საქართველო?

ფოტო: britannica.com

 

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) იარაღის გადაცემის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2022-2025 წლებში სამხედრო დრონების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. ამავე პერიოდში სამხედრო დრონების მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთჯერად თავდასხმის დრონებზე მოდიოდა, რომელთა გამოყენებაც განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაიზარდა.

რეიტინგში პირველ ორ პოზიციაზე წარმოდგენილ ქვეყნებს — უკრაინასა და რუსეთს — და დანარჩენ ქვეყნებს შორის, 2022-2025 წლებში მიღებული დრონების რაოდენობით, შესამჩნევი სხვაობაა. რეალურად, ამ პერიოდში, უკრაინისა და რუსეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას 300 ერთეულზე მეტი სამხედრო დრონიც კი არ მიუღია.

უკრაინისთვის მიწოდებული დრონების უდიდესი ნაწილი აშშ-ის სისტემებზე მოდიოდა. ეს უკანასკნელი უკრაინის იმპორტში SIPRI-ის მიერ აღრიცხული დრონების 83%-ს შეადგენდა. რუსეთის მიერ იმპორტირებული დრონების დიდი ნაწილი კი, SIPRI-ს თანახმად, ირანზე მოდის. ამ პერიოდში, რუსეთის მიერ მიღებული დრონების უმეტესობა Shahed-136 იყო. ეს დრონები მოსკოვმა თავდაპირველად ირანისგან შეისყიდა, თუმცა დღეს საკუთარ ვერსიას თავადვე აწარმოებს. SIPRI-ის შეფასებით, ამ ეტაპზე მათი წარმოებისთვის ირანის მონაწილეობა საჭირო აღარაა.

რუსეთისა და უკრაინის შემდეგ სამხედრო დრონების ყველაზე დიდი იმპორტიორი ტაივანია. ქვეყანამ 2025 წელს ამერიკული წარმოების 291 ერთჯერადი დარტყმითი დრონი მიიღო. უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, ტაივანმა დრონების შიდა წარმოებაც გაზარდა. ტაივანის მთავრობა მომდევნო ათწლეულში 200,000-მდე დრონის წარმოებასა და შეძენას გეგმავს. ეს რაოდენობა კი SIPRI-ის მიერ 2022-2025 წლებში გლობალურად აღრიცხულ ყველა სამხედრო დრონის რაოდენობას 10-ჯერ აღემატება.

ცნობისთვის, SIPRI-ის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში აღრიცხულია როგორც სხვა ქვეყნების მიერ სახელმწიფოებისთვის დახმარების სახით გადაცემული დრონები, ასევე უცხოური ლიცენზიებით, მიმღებ ქვეყნებში წარმოებული საფრენი აპარატები. თუმცა სტატისტიკაში არ შედის ქვეყანაში დამოუკიდებლად წარმოებული დრონები.

მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას წლიურად 8 მილიონზე მეტი FPV-დრონის წარმოება შეუძლია, ხოლო უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ თვეში დაახლოებით 2,800 ერთეული Geran-2 იწარმოება. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება SIPRI-ის აღრიცხვით რუსეთის მიერ წლიურად მიღებული 2,000 დრონის რაოდენობას.

ამ მონაცემებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვაც აქვს: SIPRI-ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც იარაღის უმსხვილესი იმპორტიორების რეიტინგი დგება, მხოლოდ მსხვილ შეიარაღებას აღრიცხავს. კერძოდ, იგი ითვლის 150 კგ-ზე მძიმე უპილოტო აპარატებსა და ერთჯერად დარტყმით („კამიკაძე“) დრონებს, რომელთაც რაკეტების კატეგორიას მიაკუთვნებს — და რომლებიც აქ წარმოდგენილი იმპორტის 97%-ს შეადგენს.

შედეგად, მცირე ზომის, შედარებით იაფი FPV-დრონები და კომერციული აპარატები, რომლებიც დღეს ფრონტზე ბრძოლის ძირითად სიმძიმეს ზიდავენ, ამ სტატისტიკის მიღმა რჩება. ამიტომაც, რეალური რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. მაგალითად, მხოლოდ გაერთიანებულმა სამეფომ 2025 წლის ექვს თვეში უკრაინას 85,000-ზე მეტი მცირე ზომის სამხედრო დრონი გადასცა — აღნიშნული მონაცემი კი SIPRI-ის მონაცემთა ბაზაში შესული არაა.

აღსანიშნავია, რომ SIPRI-ის სიაში ვხვდებით საქართველოსაც. ორგანიზაციის მონაცემებით, 2022-2025 წლებში ქვეყანამ 100 ერთეული დრონის იმპორტი განახორციელა, რაც გლობალური იმპორტის 0.6%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქათველო მე-7 ადგილზეა. 

სამხედრო დრონების 15 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა (2022-2025 წლები):

პოზიციაქვეყანაიმპორტირებული დრონების რაოდენობაწილი გლობალურ იმპორტში
1 უკრაინა8,66451.5%
2 რუსეთი6,72039.9%
3 ტაივანი2911.7%
4 სამხრეთი კორეა1901.1%
5 აზერბაიჯანი1540.9%
6 ინდოეთი1190.7%
7 საქართველო1000.6%
8 ალბანეთი560.3%
9 უნგრეთი500.3%
9 ლიეტუვა500.3%
11 პაკისტანი330.2%
12 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა290.2%
13 პოლონეთი260.2%
14 არაბთა გაერთიანებული საამიროები220.1%
15 ბელარუსი200.1%