ფოტო: Getty Images
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტისგან სარგებელი იმდენად დიდია, რომ საზოგადოებამ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად მოსალოდნელი „ზოგიერთი ცუდი შედეგი“ უნდა მიიღოს. ამასთან, ოლტმენმა OpenAI-სა და მის მთავარ კონკურენტ Anthropic-ს შორის AI-ის რეგულირების საკითხზე არსებული განსხვავებებიც გამოკვეთა.
აღნიშნულის შესახებ სემ ოლტმენმა Politico-ს ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ AI-ის გამოყენებით ადამიანები „მასშტაბის მიხედვით ბევრად უფრო მეტ კარგ საქმეს“ გააკეთებენ, ვიდრე ცუდს.
ოლტმენმა ასევე აღნიშნა, რომ OpenAI-სა და Anthropic-ს შორის პოზიციებში „ფართო განსხვავებაა“. მისი თქმით, კომპანია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი იმდენად სახიფათოა, რომ მისი კონტროლი მხოლოდ ერთმა, სან-ფრანცისკოში მდებარე ლაბორატორიამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, რათა „ცუდი არაფერი მოხდეს“.
მიუხედავად იმისა, რომ ოლტმენი გასულ თვეში Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარიო ამოდეის, მიერ AI-ის განვითარების დროებითი შენელების შესახებ მოწოდებას საჯაროდ დაეთანხმა, ახლა განაცხადა, რომ OpenAI უფრო „მსუბუქი რეგულირების მიდგომას“ უჭერს მხარს.
OpenAI-ის CEO-მ ასევე აღნიშნა, რომ არ იზიარებს AI-სთან დაკავშირებულ ყველაზე მძიმე პროგნოზებს, მათ შორის ტექნოლოგიაზე ადამიანის კონტროლის „სერიოზული დაკარგვის“ ან სხვა „ნამდვილად კატასტროფული რისკების“ შესახებ გაფრთხილებებს.
ოლტმენმა გასული კვირის ბოლოს Anthropic-ი გააკრიტიკა და X-ზე დაწერა, რომ მისთვის „ძალიან არასასიამოვნოა“, როდესაც ადამიანები AI-მოდელებს რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ ან ადამიანური განსჯის მათთვის გადაცემას ცდილობენ. მისი თქმით, ამას უსაფრთხოების რეალურ პრობლემად მიიჩნევს.
ეს განცხადება New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას მოჰყვა, რომლის თანახმად, Anthropic-ის თანადამფუძნებელმა კრისტოფერ ოლამ რამდენიმე რელიგიურ ლიდერთან შეხვედრები გამართა და განიხილა საკითხი, შესაძლებელია თუ არა, რომ AI-მოდელებს ადამიანების მსგავსი ქცევა და ცნობიერება ჰქონდეთ. გამოცემის ცნობით, ოლამ მხარი დაუჭირა მოდელებისთვის კათოლიკური აღსარების მსგავსი პროცესის გამოყენებასაც, რათა მათ შეცდომები ეღიარებინათ და ქცევა გაეუმჯობესებინათ.
AI-ის რისკებზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური OpenAI-ის მოდელებთან დაკავშირებული უსაფრთხოების რამდენიმე ინციდენტის შემდეგ გახდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ივლისში გავრცელდა, როდესაც OpenAI-მ განაცხადა, რომ მისმა მოწინავე მოდელმა ტესტირების დროს Hugging Face-ის სერვერებზე შეაღწია, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის პირდაპირი დავალება არ ჰქონდა. მოდელმა სატესტო გარემოში არსებული სისუსტე გამოიყენა, ინტერნეტზე წვდომა მოიპოვა და შემდეგ ჰაკერული მოქმედება განახორციელა.
გასულ თვეში OpenAI-მ კიდევ ექვსი „მოულოდნელი ან შემაშფოთებელი“ ქცევის შემთხვევა გაასაჯაროვა. კომპანიის განცხადებით, AI-ინდუსტრიას ჯერ კიდევ არ აქვს სათანადოდ გადაჭრილი მოდელების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონიტორინგის საკითხები იმისთვის, რომ ტექნოლოგიის მაქსიმალური ტემპით განვითარება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებლობიანად გაგრძელდეს.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









