ფოტო: ey.com
გლობალურად, ქვეყნების მიხედვით, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, სახელმწიფოების საგადასახადო სისტემის განსხვავებული სტრუქტურა, მეორე მხრივ კი ეკონომიკური განვითარების დონე, შემოსავლის წყაროები და სხვა არაერთი ფაქტორია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2024 წელს, სხვადასხვა ქვეყანაში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების წილი მშპ-სთან მიმართებით მკვეთრად განსხვავდებოდა. 2024 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების წილი მშპ-ში მსოფლიოს ქვეყნებს შორის ფართო დიაპაზონში მერყეობს — დანიაში 45.3%-დან ქუვეითში 1.4%-მდე.
განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორისაა. მაგალითად, დანიაში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 45.3%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, კანადასა და ავსტრალიაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29% იყო, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში — მხოლოდ 19.5%.
ეს განსხვავებები ნაწილობრივ სახელმწიფოებში მოქმედი საგადასახადო სისტემების სტრუქტურითა და სახელმწიფო სერვისების დაფინანსების მოდელით აიხსნება.
სკანდინავიის ქვეყნებში, როგორც წესი, გადასახადების ფართო ბაზა მოქმედებს, რაც სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი სოციალური პროგრამების დაფინანსების საშუალებას აძლევს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მოსახლეობა ჯანდაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის უფრო მეტად კერძო კომპანიებს მიმათავს.
რეიტინგის მეორე ბოლოში ნავთობით მდიდარი სახელმწიფოები და მსოფლიოს შედარებით ღარიბი ნაწილი გვხვდება. ორივე შემთხვევაში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები შედარებით მცირეა, თუმცა განსხვავებული მიზეზების გამო.
ნავთობის მსხვილი მწარმოებლებისთვის, ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ალტერნატიული წყაროა. მაგალითად, ქუვეითში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ის მხოლოდ 1.4%-ს შეადგენს. კატარში, ბაჰრეინსა და ომანში კი ეს მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია.
რაც შეეხება დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, აქ დაბალი საგადასახადო შემოსავლები ყოველთვის დაბალ საგადასახადო განაკვეთებზე არ მიუთითებს. მსგავს ქვეყნებში ეს ხშირად დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკითა და სახელმწიფოს სუსტი ადმინისტრაციული შესაძლებლობებითაა გამოწვეული. შედეგად, თუ ერთ ქვეყანაში ეს ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული ალტერნატიული შემოსავლების შედეგია, მეორეში საგადასახადო სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების სირთულეზე მიუთითებს.
გლობალურ შედარებებში საინტერესო პოზიციას იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. სხვა განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებით, მისი საგადასახადო შემოსავლების დონე შედარებით დაბალია, მაშინ როდესაც ფედერალური დანახარჯები საგრძნობლად აღემატება ბიუჯეტის შემოსავლებს.
ეს მუდმივ დეფიციტს ქმნის ფედერალური მთავრობის შემოსავლებსა და გასავალს შორის, ხოლო ბიუჯეტის მზარდი წილი წინა პერიოდებში აღებული ვალდებულებების მომსახურებასა და პროცენტების დაფარვაზე მიიმართება.
რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2024 წელს, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 24.9%-ს შეადგენდა. იმავე მაჩვენებელს საქართველოსთან ერთად, ისრაელი და უნგრეთი აფიქსირებენ.
ყველაზე მაღალი საგადასახადო შემოსავლების მქონე ქვეყნები:
| ადგილი | ქვეყანა | საგადასახადო შემოსავალი მშპ-ის %-ში (2024) |
| 1 | დანია | 45.3% |
| 2 | ბულგარეთი | 38.8% |
| 3 | შვედეთი | 38.7% |
| 4 | ნამიბია | 35.3% |
| 5 | ისლანდია | 33.4% |
| 6 | ახალი ზელანდია | 32.6% |
| 7 | ნორვეგია | 31.3% |
| 8 | ესვატინი | 30.7% |
| 9 | ლუქსემბურგი | 30.7% |
| 10 | ფინეთი | 30.4% |
ყველაზე დაბალი საგადასახადო შემოსავლების მქონე ქვეყნები:
| ადგილი | ქვეყანა | საგადასახადო შემოსავალი მშპ-ის %-ში (2024) |
| 1 | ლიბია | 1.2% |
| 2 | ქუვეითი | 1.4% |
| 3 | ერაყი | 1.7% |
| 4 | იემენი | 2.0% |
| 5 | სუდანი | 2.0% |
| 6 | სომალი | 2.2% |
| 7 | ნიგერია | 3.4% |
| 8 | კატარი | 3.8% |
| 9 | ბაჰრეინი | 4.4% |
| 10 | ომანი | 4.5% |








