ლისაბონის ბრილიანტი

ლისაბონის ბრილიანტი
სალომე გორგილაძემ თავისი რისკიანი ჩანაფიქრი პორტუგალიის ტურისტულ მაგნიტად აქცია და შედეგად, 4 ქვეყანაში მოქმედი 20-სასტუმროიანი ჯგუფის, SANA-ს სათავეში მოექცა. გეგმაში საქართველოს წარსული და მომავალი იკვეთება: ქეთევან დედოფლის ფრესკის შემნახველი Graça ლისაბონში და პორტფელის გაფართოება სამშობლოში.

 

„ჩვენ, ქართველები, გულით ვატარებთ ერთ-ერთ უძველეს, უმდიდრეს კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას და გვსურს, მის ნაწილს გაზიაროთ” – მიმართა სალომე გორგილაძემ პუბლიკას.

იმავე სცენაზე, როიალთან, მსოფლიოში ცნობილი ქართველი შემსრულებელი, Forbes Georgia-ს Under 30-ის გამარჯვებული გიორგი გიგაშვილი იჯდა. სცენის უკან, შუშის კედლის მიღმა, მდინარე ტეჟუ და მასზე გადებული „25 აპრილის ხიდი”, მეორე ნაპირას კი ქრისტეს ქანდაკება მოჩანდა.

გასულ საღამოს გიორგის კონცერტს გულბენკიანის დარბაზი მასპინძლობდა, ახლა კი სალომე გორგილაძემ მისი პროგრამა ულამაზეს SUD Lisboa Hall-ში წარადგინა, რომელიც მის გარეშე არ იარსებებდა.

ამ საღამოს ერთ დარბაზში სალომე გორგილაძის ცხოვრების ცხრა წელი მოექცა: იდეა, რომლისაც თავიდან მხოლოდ მას სჯეროდა, გადაწყვეტილება, რომელშიც მფლობელები უნდა აეყოლიებინა და ბიზნესი, რომელსაც ამ გადაწყვეტილების სისწორე უნდა დაემტკიცებინა. სალომე გორგილაძე ცრემლებს არ იკავებდა.

2017 წელს ლისაბონის სტუმარმასპინძლობის უდიდესი მოთამაშე, SANA, ორ განსხვავებულ გათვლას შორის აკეთებდა არჩევანს. ჯგუფი ლისაბონის ბელენის უბანში, ტეჟუს სანაპიროზე, ორ შენობას ფლობდა. ოთხი მცირე რესტორანი შედარებით უსაფრთხო, ნაცნობი ბიზნესმოდელი იქნებოდა და მათი შევსებაც უფრო მარტივი ჩანდა.

სალომე გორგილაძის გეგმები განსხვავებული და ბევრად მასშტაბური იყო: ერთ შენობაში ფეშენებელური რესტორანი სახურავზე აუზით, მეორეში კი 1,600 კვადრატული მეტრის დარბაზი ღონისძიებებისთვის. ერთობლიობაში მათ უნდა შეექმნათ ადგილი, რომელიც ლისაბონელების ყოველდღიურობაშიც დაიმკვიდრებდა თავს და უცხოელ დამკვეთებსაც ჩამოიყვანდა.

იდეის უკან იდგა ალღო, საერთაშორისო კონტაქტები და რწმენა, რომ ლისაბონი ასეთი პროექტისთვის მზად იყო. თუმცა ათეულობით მილიონის ინვესტიციაში მფლობელების დასარწმუნებლად მხოლოდ ეს საკმარისი ვერ იქნებოდა.

„ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია — ამბობს გორგილაძე – ციფრებს უნდა ელაპარაკათ“.

SUD Lisboa 2017 წლის 11 ივლისს გაიხსნა. ინვესტიციამ დაახლოებით €20 მილიონი შეადგინა. ექვს თვეზე ნაკლებ დროში მისმა შემოსავალმა SANA-ს სხვა სარესტორნო ბიზნესების შესაბამის მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ გადააჭარბა. 2019 წლის ბოლოსთვის აქ უკვე 300-მდე ღონისძიება იყო გამართული. დამკვეთების დაახლოებით ნახევარი უცხოეთიდან მოდიოდა. Porsche ახალ მოდელებს წარადგენდა. ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა. იდეამ ხორცი შეისხა.

ამ შედეგმა სალომე გორგილაძის როლი გაზარდა საოჯახო ბიზნესჯგუფში, რომელიც სასტუმროებს 1991 წლიდან ავითარებს. ქართველმა ქალმა, რომელმაც პორტუგალიაში კარიერა ენის ცოდნის გარეშე, ჯერ კიდევ უმეტესად კაცებით დომინირებულ ბიზნესგარემოში დაიწყო, მოიპოვა გავლენა იმაზე, თუ როგორი არის და იქნება მსოფლიო ტურიზმის ახალი მაგნიტი. დღეს ის SANA-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი და SUD Lisboa-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრია.

სალომე გორგილაძის გავლენის მასშტაბს თავად SANA-ს ზომა განსაზღვრავს. ლისაბონში SANA 12 სასტუმროს მართავს. მთელ პორტუგალიაში მათი რაოდენობა 20-ს აღწევს. ჯგუფი წარმოდგენილია გერმანიაში, საფრანგეთსა და ანგოლაშიც. ახალი ობიექტები დაგეგმილია როგორც ლისაბონსა და პორტუში, ისე კასაბლანკასა და საქართველოში.

ჯგუფის წლიური ბრუნვა ასეულობით მილიონ ევროს შეადგენს (კერძო კომპანია მიმდინარე შემოსავლებს არ ასაჯაროებს). პორტუგალიელებისთვის SANA რიგითი ბიზნესი არ არის, ეს არის ადგილობრივი კომპანია, რომლის მეშვეობითაც ლისაბონმა მსოფლიოს ტურიზმის რუკაზე სხვა ბრწყინვალებით გაიელვა. 2026 წელს SANA პორტუგალიაში სასტუმროების კატეგორიაში მომხმარებელთა აღიარების ჯილდოს მფლობელი ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა.

შეიძლება ამიტომ, ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში, პოპულარულმა ქართველმა მწერალმა დავით ტურაშვილმა სალომე გორგილაძეს „პორტუგალიის დირექტორი” უწოდა.

SANA ბიზნესის იმ ლიგაში თამაშობს, რომელშიც ზრდა და კონკურენციული უპირატესობის შენარჩუნება მუდმივ განახლებას მოითხოვს. SANA სტუმრებისთვის, თანამშრომლებისთვის, ღონისძიებებისა და მომხმარებლის ერთგულებისთვის მსოფლიოს უდიდეს საერთაშორისო ბრენდებს ეჯიბრება.

ამოცანას ართულებს თავად პორტუგალიის პოზიციონირების ცვლილება მსოფლიო ბაზარზე. ქვეყანა არცთუ შორეულ წარსულში ნაკლებად დაფასებული მიმართულება იყო, ევროპის „დამალული მარგალიტი”, დღეს კი სრულფასოვანი გლობალური ტურისტული მიმართულებაა.

Turismo de Portugal-ის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 32,5 მილიონი სტუმარი და 82,1 მილიონი ღამისთევა აღირიცხა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა €29 მილიარდს გადააჭარბა. აქედან €3 მილიარდზე მეტი მხოლოდ შეერთებულ შტატებზე მოდიოდა, წლიური ზრდა კი 8% იყო.

„ამერიკის ასეთ მნიშვნელოვან ბაზრად ქცევა ერთ დროს ძნელი წარმოსადგენი ჩანდა”, – ამბობს სალომე გორგილაძე.

დღეს საკითხავი ისაა, როგორ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებელმა სასტუმრო ჯგუფმა ინტერესი ქვეყანაში, სადაც სწრაფად შემოედინება დიდი საერთაშორისო კაპიტალი, იხსნება ახალი სასტუმროები და კონკურენცია მძაფრდება.

სალომე გორგილაძეს ამ გამოწვევაზე საკუთარი პასუხი აქვს – ჰარმონია ქალაქთან. სასტუმრო მხოლოდ მათთვის ვერ იარსებებს, ვინც იქ ღამეს ათევს. მას ადგილობრივების ცხოვრებაშიც უნდა ჰქონდეს ადგილი. ამ აზრის სათავე მის თბილისურ ბავშვობაში მოჩანს – საერთო ეზოების და ღია გულის ქალაქში, სადაც სტუმარმასპინძლობა ხშირად იმაზე მეტის გაზიარებაა, ვიდრე საკვებია.

სალომეს მამა, გიორგი გორგილაძე, ის იშვიათი სახელმწიფო მოხელე იყო, რომელიც რევოლუციამდელ საქართველოშიც მუშაობდა და შემდგომშიც. იგი პორტუგალიაში საქართველოს პირველი ელჩი გახდა. თავად სალომე 17 წლის ასაკში ჟენევაში გადავიდა. ვებსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებასა და ფსიქოლოგიას სწავლობდა, 18 წლიდან კი ჯერ გაეროში გადიოდა სტაჟირებას, შემდეგ ლტოლვილებთან დაკავშირებულ სფეროში მუშაობდა. მოგვიანებით, ორი წლის განმავლობაში, საინვესტიციო კომპანია Global Emerging Markets-ის ანალიტიკოსი იყო.

დღევანდელი გადმოსახედიდან ეს გამოცდილება სასტუმრო ბიზნესისთვის გააზრებულ სამზადისს ჰგავს: პოლიტიკური მეცნიერება ინსტიტუტების მუშაობას ასწავლის, ფსიქოლოგია – ადამიანების ქცევას, ფინანსები კი – აქტივების შეფასებას. მაგრამ ყველაფერი ერთი დიდი გეგმის ნაწილი არ ყოფილა, უფრო ახლის ცდისა და ძიების პროცესი. მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით სწავლა მან მოგვიანებით პორტუგალიის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სამაგისტრო საფეხურზე განაგრძო.

2011 წელს, როცა გორგილაძეების ოჯახი საქართველოს საელჩოს გახსნისას პორტუგალიაში ჩავიდა, ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები მეგობრებისთვის ეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისსა და ემიგრაციასთან ასოცირდებოდა. ადგილზე გორგილაძემ სხვა რამ დაინახა: ლამაზი, უსაფრთხო, ისტორიული, თბილი და ფასითაც მიმზიდველი ადგილი.

ლისაბონი, როგორც თავად ამბობს, „ბრილიანტი იყო, რომელსაც დამუშავება სჭირდებოდა“.

ამ ქალაქში მისთვის ნაცნობიც ბევრი აღმოჩნდა. საქართველოც და პორტუგალიაც პატარა ქვეყნებია, კარგი ღვინით, ხანგრძლივი ისტორიით, გულუხვი სუფრითა და სტუმარმასპინძლობით, რომელსაც ადამიანი ჯერ საკუთარ ოჯახში სწავლობს. ამ მსგავსებამ უცხო გარემოში ინტეგრირება გაუადვილა. თუმცა პროფესიულად თავის დამკვიდრებას დიდი შრომა სჭირდებოდა.

2015 წელს, როდესაც SUD-ის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, გორგილაძემ პოლონეთიდან გაცილებით მაღალანაზღაურებადი შეთავაზება მიიღო, თუმცა ლისაბონში დარჩა. აირჩია ნაკლები ხელფასი და შესაძლებლობა, თავად შეექმნა რაღაც უფრო დიდი.

„ბევრ რამეზე ვთქვი უარი და ნაკლებს დავთანხმდი, – ამბობს ის, – მაგრამ გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა“.

ეს არჩევანი მან მანამდე გააკეთა, ვიდრე კომპანიაში მიღწეული შედეგები მის სიტყვებს გამორჩეულ წონას შესძენდა.

SANA-ში ახალ ხელმძღვანელებს სთხოვენ, საკუთარი ხედვა დასაწყისშივე წარადგინონ, რათა ჯგუფში უკვე დამკვიდრებული მოსაზრებები მათ შეფასებაზე ნაკლებ გავლენას ახდენდეს. გორგილაძის პირველი წინადადება მარტივი, მაგრამ გამორჩეული იყო: ყველა სასტუმროს კარი პირველ რიგში ქალაქისთვის უნდა გაეღოთ.

მისი დაკვირვებით, პორტუგალიის ბევრი სასტუმრო იმ დროს უმთავრესად ტურისტების სივრცედ რჩებოდა. ადგილობრივი ახალგაზრდები თუ შეძლებული ლისაბონელები იქ სავახშმოდ, შეხვედრისთვის, მუსიკის მოსასმენად ან უბრალოდ საღამოს გასატარებლად იშვიათად მიდიოდნენ. სწორედ ამ ჩვევის შეცვლაში დაინახა მთავარი შესაძლებლობა.

„ყველაფერს პორტუგალიისთვის ვქმნით, – ამბობს გორგილაძე. – ჩვენი პირველი კლიენტი პორტუგალიაა“.

SUD-ის ულამაზესი პეიზაჟის უკანაც ეს კომერციული გათვლა იდგა. უცხოელი წყვილების ქორწილებსა და საერთაშორისო ბრენდების პრეზენტაციებს სივრცისთვის სახელი უნდა გაეთქვა, თუმცა სტაბილურობის უზრუნველყოფა მხოლოდ ადგილობრივ სტუმარს შეეძლო. ლისაბონთან მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებული ურთიერთობა ბიზნესს ტურისტულ სეზონზე დამოკიდებულებას შეუმცირებდა.

ამ ურთიერთობის ასაწყობად კარგი არქიტექტურა და ლამაზი ფონი საკმარისი არ იყო. გუნდმა შექმნა საქორწილო მომსახურება Wedding Club-ი, მოიზიდა შეფები, რომლებსაც ხუთი სტუმრისთვისაც ისეთივე ხარისხით უნდა ემუშავათ, როგორითაც ხუთასისთვის, კავშირები დაამყარა უცხოელ ღონისძიებების ორგანიზატორებთან და ააწყო გაყიდვებისა და ღონისძიებების მომზადების სისტემა. SUD-ის დაპირება, რომ აქ „ყველაფერი ხდება“, ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაო იყო.

აღნიშვნას იმსახურებს გორგილაძის მენეჯმენტის სტილიც. მასთან ერთად SUD-ში სეირნობისას მისი თანამდებობით ნაკარნახევი დისტანცია თითქმის არ იგრძნობოდა. თანამშრომლები საუბარს იწყებდნენ, საქმიანი ამბები მალევე გადადიოდა პირად მოკითხვაში, იმ ყოველდღიურ წვრილმანებში, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთის შესახებ მაშინ უგროვდებათ, როცა მათ მხოლოდ სამუშაო არ აკავშირებთ.

დღეს მის უშუალო ხელმძღვანელობას დაქვემდებარებულ გუნდში დაახლოებით 150 ადამიანია. SANA-ში მისი თერთმეტწლიანი მუშაობის განმავლობაში გუნდის ბირთვი უჩვეულოდ სტაბილური დარჩა. თანამშრომლების თავისუფალი დამოკიდებულება კარგად აჩვენებდა, რას გულისხმობს, როდესაც დისტანციურ მართვას არ ეთანხმება: ხელმძღვანელი ადგილზე უნდა იყოს, ადამიანებს სახელებით იცნობდეს და უსმენდეს თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურ საქმეში ისეთ რამეს ამჩნევს, რაც მენეჯმენტს შეიძლება გამორჩეს.

სტუმართან ურთიერთობასაც იმავე პრინციპით უდგება. მისთვის სტუმრები არ იყოფა VIP-ებად და დანარჩენებად.

„ყველა სტუმარი უნდა გრძნობდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობს სალომე გორგილაძე.

ამ მიდგომას SANA Academy თანამშრომლების გადამზადებით ამაგრებს. ტექნოლოგიამ შეიძლება სასტუმროში რეგისტრაცია დააჩქაროს და შიდა პროცესები გაამარტივოს, მაგრამ გორგილაძისთვის საბოლოო შედეგს მაინც ადამიანური ყურადღება განსაზღვრავს: შეამჩნიეს თუ არა სტუმარი, მოუსმინეს თუ არა, დაიმახსოვრეს თუ არა.

SUD-მა აჩვენა, როგორ შეიძლებოდა ამ ხედვას ემუშავა. Fifty Seconds-მა მას სხვა მასშტაბი შესძინა.

SANA-ს სასტუმრო Myriad-ში ლიფტი ვასკო და გამას კოშკის გავლით დაახლოებით 50 წამში 120 მეტრზე ადის. ზემოთ ტეჟუს ხედი და რესტორანია, რომელსაც სახელი სწორედ ამ მგზავრობის ხანგრძლივობამ უბოძა. Fifty Seconds-მა Michelin-ის პირველი ვარსკვლავი 2020 წლის გზამკვლევში მიიღო. 2026 წლის მარტში, შეფ რუი სილვესტრეს ხელმძღვანელობით, მას მეორე ვარსკვლავიც დაემატა. გასტრონომია სასტუმროსთვის მოგზაურობის დამოუკიდებელ მიზეზად იქცა.

ეს მიდგომა ჯგუფის სხვა პროექტებშიც ჩანს. ლისაბონში SANA-ს უახლესი ინვესტიცია, MYTHIC SANA Downtown Suites-ი, დაახლოებით €45 მილიონი დაჯდა. სასტუმროს 48 ლუქსი აქვს და თითოეულ სართულზე სტუმრებს სერტიფიცირებული ბატლერები ემსახურებიან. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯგუფი სხვა პროექტების განვითარებასაც გეგმავს.

ერთ-ერთი მათგანია Evolution Gaia, რომლისთვისაც €30 მილიონის მწვანე დაფინანსებაა გამოყოფილი. მშენებარე სასტუმრო 185-ზე მეტ ნომერს, რესტორნებს, გამაჯანსაღებელ სივრცეებსა და ტექნოლოგიურ სერვისებს გააერთიანებს. ამ ორი პროექტიდან ერთი ინტიმურ გარემოსა და პერსონალურ მომსახურებაზეა აგებული, მეორე – აქტიურ, თანამედროვე ცხოვრების წესზე.

შემდეგი გამოცდა ლისაბონის ისტორიულ მემკვიდრეობას უკავშირდება.

გრასას უბანში მდინარისპირა არქიტექტურას ქვის კედლები, თეთრი და ლურჯი ფილები ცვლიან. SANA-ს პროექტი, რომელიც ყოფილი ყაზარმების ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთებას ითვალისწინებს, 2026 წელს მშენებლობის ეტაპზე გადავიდა. ამას წინ დაგეგმვისა და სახელშეკრულებო საკითხების მოგვარების ხანგრძლივი პროცესი უძღოდა, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახლდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სივრცე სოციალური დანიშნულებით უნდა გამოიყენონ.

გორგილაძისთვის ამ ადგილს განსაკუთრებული, პირადი მნიშვნელობაც აქვს. გრასას სამონასტრო კომპლექსში მე-18 საუკუნის დასაწყისის აზულეჟუები, პორტუგალიური მოხატული კერამიკული ფილებია შემორჩენილი, რომლებიც ქეთევან დედოფლის წამებას ასახავს. პორტუგალიელი მისიონერები სპარსეთში მისი აღსასრულის მოწმეები გახდნენ და ამბავი ევროპაში ჩაიტანეს. ქართველი დედოფლისა და წმინდანის ისტორია ლისაბონის კედლებზე დარჩა.

გორგილაძის თქმით, სწორედ ეს კავშირი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც პროექტის მხარდაჭერისკენ უბიძგა, მაგრამ პირადი მნიშვნელობა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასაც ზრდის. SANA-მ უნდა აჩვენოს, როგორ შეიძლება ისტორიული შენობის ახალმა ფუნქციამ მისი მემკვიდრეობა შეინარჩუნოს და უბანსაც სარგებელი მოუტანოს. მენეჯერისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ სასტუმრო ქალაქის ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს, გრასა ამ პრინციპის განსაკუთრებით თვალსაჩინო გამოცდა იქნება.

შემდეგ კი საქართველოა. SANA-ს მშობელი ჯგუფი, Azinor-ი საქართველოს საჯაროდ ასახელებს დაგეგმილ ბაზრებს შორის. გორგილაძის თქმით, ჯგუფმა კონკრეტული ადგილი უკვე შეარჩია. ინვესტიციის მოცულობა, ნომრების რაოდენობა და განხორციელების ვადები ჯერ უცნობია, ამიტომ პროექტის მასშტაბზე მსჯელობა ნაადრევია.

გორგილაძის შეფასებით, თბილისი ზოგიერთი თვალსაზრისით უკვე მეტად განვითარებულია, ვიდრე ლისაბონი იყო მაშინ, როდესაც თავად პირველად ნახა. ახლა ამოცანა განახლებისას საკუთარი ხასიათის შენარჩუნებაა. პორტუგალიის გამოცდილებაში მისთვის ღირებულია მცდელობა, ქალაქმა მიიზიდოს ადგილობრივები, მოგზაურები და ინვესტორები და, ამავდროულად, შეინარჩუნოს ისტორიული სახე, რამაც მისი თავდაპირველი მიმზიდველობა განაპირობა.

SANA-ს ქართული პროექტი ჯერ მომავალშია, თუმცა SUD Lisboa Hall-ში საქართველო აწმყო იყო. გიორგი გიგაშვილის, გიორგი ცაგარელისა და ნიკალა ზუბიაშვილის მელოდიები ავსებდა ულამაზეს დარბაზს, რომელიც ცხრა წლის წინ ჯერ მხოლოდ გორგილაძის თავში არსებობდა, დღეს კი არა მხოლოდ ლისაბონის გულშია.

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.