ფოტო: RKENA
17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, MMA-ის ქართულმა ორგანიზაცია RKENA-მ ამერიკულ Professional Fighters League-ს (PFL) უმასპინძლა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სულ 15 ბრძოლა გაიმართა, მათ შორის ექვსი RKENA-სა და PFL-ის მებრძოლების დაპირისპირება იყო. ექვსი შეხვედრიდან ხუთში გამარჯვება ქართული ორგანიზაციის მებრძოლებმა მოიპოვეს.

ღონისძიების პრელიმინარულ ნაწილში ცხრა ბრძოლა გაიმართა, შვიდში ქართველი მებრძოლები მონაწილეობდნენ, ხუთი დაპირისპირება კი მათი გამარჯვებით დასრულდა. მეტოქეები სანდრო თევზაძემ, ზუკა ივანიაძემ, ელენე ლოლაძემ, გიორგი ფოლადიშვილმა და მათე სანიკიძემ დაამარცხეს.
პრელიმინალურ შეხვედრებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მათე სანიკიძისა და ელენე ლოლაძის გამოსვლებმა. სანიკიძემ ბრაზილიელი ევერტონ ნასიმენტო ნოკაუტით დაამარცხა, ლოლაძემ კი სერბ მეტოქეს, ეკატერინა იარს, მხრის სამკუთხედით მოუგო. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი მებრძოლისთვის ეს RKENA-ში სადებიუტო გამოსვლა იყო.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი RKENA-სა და PFL-ის მებრძოლების დაპირისპირებებით გაგრძელდა. პირველი შეხვედრა ლევან კირთაძესა და პედრო კარვალიოს შორის გაიმართა. სამრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება ქართველ მებრძოლს მიენიჭა.
მომდევნო დაპირისპირებაში გამარჯვება ბახტიარ ნესიპბეკმა მოიპოვა. მან აბდულ კამარა მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნესიპბეკი ტურნირზე ბეკზატ ალმახანის ნაცვლად გამოვიდა და შეხვედრაზე მოკლე ვადაში დათანხმდა. ორთაბრძოლა მოიგო დავიდ მგოიანმაც, რომელმაც ასა ტენ პოუ პირველივე რაუნდში დაამარცხა. RKENA-ს მებრძოლმა მეტოქეს მახრჩობელათი მოუგო.

ამის შემდეგ RKENA-ს უპირატესობა რუსლან ბოლქვაძემ გაზარდა. მან ტრეისი რიდერთან სამრაუნდიანი ბრძოლა გამართა და გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა. ამ ეტაპზე ქართული ორგანიზაციის მებრძოლებს ოთხი გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული, თუმცა შემდეგ შეხვედრაში PFL-ის წარმომადგენელმა სხვაობა შეამცირა. იბრაგიმ იბრაგიმოვმა ნიკა კუპრავიშვილი მეორე რაუნდში მახრჩობელათი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მთავარი ნაწილის წინ სპორტის სასახლეში მოულოდნელად UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურიაც გამოჩნდა, რასაც მაყურებლის მხრიდან ოვაციები მოჰყვა და დარბაზში ემოციური მუხტი კიდევ უფრო გაიზარდა.
ღონისძიების მთავარი ბრძოლა ნიკოლოზ აბრამიშვილსა და აარონ მაკკენზის შორის გაიმართა. აბრამიშვილისთვის ეს RKENA-ს ოქტაგონზე მესამე გამოსვლა იყო, ხოლო მაკკენზი გამოცდილ მეტოქედ მიიჩნეოდა. შეხვედრა მაღალი ტემპით წარიმართა და პირველ რაუნდში ორივე მებრძოლს ჰქონდა ბრძოლის დროზე ადრე დასრულების შესაძლებლობა.
გადამწყვეტი მომენტი მეორე რაუნდში დადგა. მძიმე დაპირისპირების შემდეგ აბრამიშვილმა მაკკენზი ხელის მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და ბრძოლა საბმიშენით დაასრულა. ამ გამარჯვებით ქართველმა მებრძოლმა არა მხოლოდ მთავარი ბრძოლა მოიგო, არამედ RKENA-სა და PFL-ის დაპირისპირებაშიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.

ღონისძიების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე საღამოს საუკეთესო გამოსვლებისთვის ბონუსების მფლობელების ვინაობაც გაირკვა. RKENA-ს წარმომადგენლების თქმით, აბრამიშვილის გამოსვლა საღამოს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა და მან ტურნირის ფარგლებში საუკეთესო პერფორმანსისთვის განკუთვნილი ბონუსი მიიღო. საღამოს პერფორმანსის ბონუსით დაჯილდოვდა ასევე ბახტიარ ნესიპბეკიც. ყველაზე სუფთა და მაღალი დონის ფინიშისთვის ბონუსი მათე სანიკიძემ მიიღო. საღამოს საუკეთესო ბრძოლად კი რუსლან ბოლქვაძისა და ტრეისი რიდერის დაპირისპირება შეფასდა, რომელშიც მებრძოლებმა გამარჯვების მოსაპოვებლად სამი რაუნდის განმავლობაში იბრძოლეს.
ქართული MMA-ორგანიზაცია RKENA 2025 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოსა და რეგიონში შერეული საბრძოლო ხელოვნების განვითარება და ადგილობრივი მებრძოლებისთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შექმნაა. PFL კი ამერიკული MMA-ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, ხოლო პირველი სეზონი 2018 წელს გამართა. ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა RKENA-სთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ადგილობრივი MMA-მებრძოლების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობაა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი













