აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდების გამო კომპანიის მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 25.6 მილიონი ლარი.
ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად ენგურჰესმა წელი მოგებით დაასრულა. კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის მოგება 2018 წელს 15.6 მლნ ლარი იყო.
2017 წელს ენგურჰესის ზარალი 10 მლნ ლარს შეადგენდა, 2016 წელს 7.3 მლნ ლარს, ხოლო 2015 წელს კი 13.1 მლნ ლარს.
შპს ენგურჰესის 100%-აინი წილის მფლობელია სახელმწიფო. კომპანიის მართვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კომპანია პასუხისმგებელია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ვარდნილჰესების კასკადისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობაში მდებარე რამდენიმე მცირე ჰესის ფუნქციონირებისთვის.
ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ერთობლივად ყოველწლიურად 4 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამომიმუშავებენ, რაც საქართველოს წლიური ელექტროენერგიის მოთხოვნების 35 პროცენტს შეადგენს.
კომპანია უსასყიდლოდ ამარაგებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას ელექტროენერგიით და არ ღებულობს შემოსავლებს. ამჟამად, ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, ამასთან, მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე წლიდან წლამდე საშუალოდ 5 პროცენტით იზრდება. განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როცა ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა პიკს აღწევს, ხოლო მიწოდება შეზღუდულია, აფხაზეთისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის მოცულობა აღემატება ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას და კომპანიას ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უწევს დამატებითი სიმძლავრის შეძენა.
2015–2017 წლებში კომპანიის ზარალის ძირითადი მიზეზი კვაზიფისკალური აქტივობების გარდა იყო კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული დანაკარგები, რადგან კომპანიას გააჩნია დიდი ოდენობით ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში.
რაც შეეხება კომპანიის კვაზი-ფისკალურ საქმიანობას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდების გამო კომპანიის მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 25.6 მილიონი ლარი.