ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

ფოტო: EPA/ANDREJ CUKIC

 

კვირას სერბეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩმა სტუდენტების ხელმძღვანელობით მოქმედი საპროტესტო მოძრაობის წინაშე დამარცხება აღიარა. ამ მოვლენით სრულდება მისი ხანგრძლივი მმართველობა და ბალკანურ ქვეყანას ახალ პოლიტიკურ ერას აუწყებს.

პოპულისტი და ნაციონალისტი ალექსანდრ ვუჩიჩი, 2014 წლიდან მოყოლებული, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის რანგში სერბეთის პოლიტიკურ სივრცეში დომინანტურ ფიგურას წარმოადგენდა.

თუმცა სექტემბერში მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თითქმის ორწლიანი უწყვეტი სტუდენტური დემონსტრაციები, რომლებიც კორუფციასა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას აპროტესტებდა. პროტესტის ტალღა განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წელს, ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვის შემდეგ.

„ცხადია, რომ ჩვენ ეს არჩევნები წავაგეთ; გაიმარჯვა „სტუდენტურმა სიამ“ (Student List)“, – განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში.

მისი განცხადებიდან მალევე, ქალაქის მთავარ გამზირებზე გამარჯვების აღსანიშნავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

სტუდენტების გამარჯვებით 6-მილიონიან სერბეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები დაიწყება. ეს მოვლენა გარკვეულწილად მიმდინარე წლის აპრილში უნგრეთში ვიქტორ ორბანის დამარცხებასაც ჰგავს.

წინასწარი შედეგების თანახმად, 250-ადგილიან პარლამენტში სტუდენტები 135-დან 140-მდე მანდატს მიიღებენ, ხოლო ვუჩიჩის პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია“ 105 ადგილს დაიკავებს.

ევროპელმა ლიდერებმა და მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა, „სტუდენტურ სიას“ გამარჯვება მიულოცეს.

საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 70% შეადგინა, რაც 1992 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

არჩევნებში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ბევრი რამ გაურკვეველი რჩება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ვინ განახორციელებს სტუდენტების შიდა დღის წესრიგს, რომლის მიზანიც კორუფციის აღმოფხვრა და განათლების სისტემის გაუმჯობესებაა.

სტუდენტური მოძრაობის 250-კაციან საპარლამენტო სიაში ძირითადად სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორები, მსახიობები, ფერმერები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გვხვდებიან.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.