ვინ მოიგო და ვინ იზარალა დემოკრატების გამარჯვებით?

ვინ მოიგო და ვინ იზარალა დემოკრატების გამარჯვებით?

ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებამ საფონდო ბირჟებზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი მხრივ, Amazon-ის, Alphabet-ის, Microsoft-ისა და Apple-ის აქციები გაძვირდა, რამაც ჯეფ ბეზოსის, ლარი პეიჯისა და სხვა მილიარდერების ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა. მეორე მხრივ, SpaceX-ის, Tesla-ს, Dell Technologies-ისა და Nvidia-ს აქციების ფასის ვარდნამ ილონ მასკსა და სხვა ტექნოლოგიურ მეწარმეებს მილიარდობით დოლარი დააკარგვინა.

Forbes-ის შეფასებით, დემოკრატების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვება ხელოვნური ინტელექტის სექტორისთვის რეგულაციების გამკაცრების, მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე შესაძლო მორატორიუმებისა და დამატებითი გამოძიებების რისკს ზრდის. ამასთან, ბაზრებზე პოლიტიკური გაურკვევლობის შემცირებამ დადებითი გავლენა იქონია რიგი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე.

ვინ მოიგო?

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მონაცემების თანახმად, ოთხშაბათს, შუადღისთვის, ჯეფ ბეზოსის ქონება $13.7 მილიარდით გაიზარდა და $384.2 მილიარდს მიაღწია. ამის მიზეზი Amazon-ის აქციების 7%-იანი ზრდა გახდა.

Alphabet-ის აქციების თითქმის 5%-იანმა გაძვირებამ Google-ის თანადამფუძნებლების ქონებაზეც დადებითად იმოქმედა. ლარი პეიჯმა სიმდიდრეს $8.3 მილიარდი შემატა, რის შედეგადაც მისი ქონება $241.1 მილიარდამდე გაიზარდა. სერგეი ბრინის ქონება კი $7.6 მილიარდით გაიზარდა.

Microsoft-ის აქციების ფასის 7%-იანი ზრდის ფონზე, კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა ქონებას $8.8 მილიარდი შემატა. ოთხშაბათს Microsoft-ის აქციების ფასმა დღის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს, $557.39-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია Apple-ის აქციების ფასმაც და დილის ვაჭრობისას $354.33 შეადგინა.

გარდა ამისა, Walmart-ის აქციების ღირებულების 4.5%-იანმა ზრდამ კომპანიის დამფუძნებელი ოჯახის წევრების ქონებაც გაზარდა: რობ უოლტონისა და ოჯახის ქონებას $5 მილიარდი შეემატა, ჯიმ უოლტონისა და ოჯახისას – $4.9 მილიარდი, ხოლო ელის უოლტონისას – $4.8 მილიარდი.

ვინ იზარალა?

ოთხშაბათს ყველაზე დიდი დანაკარგი ილონ მასკს ჰქონდა. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $34.5 მილიარდით შემცირდა და $867.2 მილიარდი შეადგინა. ამ პერიოდში SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ფასი, შესაბამისად, დაახლოებით 3%-ით და 4%-ით დაეცა. მასკისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანაკარგია იმის ფონზე, რომ მან შუალედური არჩევნების პერიოდში რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდასაჭერად დაახლოებით $450 მილიონი დახარჯა.

Dell Technologies-ის აქციების ღირებულების 8%-იანმა ვარდნამ კომპანიის დამფუძნებლის, მაიკლ დელის ქონება $11.3 მილიარდით შეამცირა და $213.4 მილიარდამდე ჩამოიყვანა.

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ქონება $3.2 მილიარდით შემცირდა და $176.1 მილიარდი შეადგინა. კომპანიის აქციები 1.5%-ით გაუფასურდა, რასაც ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების მოგებიანობის შესახებ ინვესტორების მზარდი ეჭვები დაემატა.

SoftBank-ის აღმასრულებელი დირექტორის, მასაიოში სონის ქონება $1.6 მილიარდით შემცირდა. ამ პერიოდში კომპანიის აქციების ფასი 1.5%-ით დაეცა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში მიმდინარე საერთო კორექციის ნაწილად განიხილება.

რატომ შეიძლება შეიცვალოს ტექნოლოგიური სექტორის საინვესტიციო გარემო?

დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლის მოპოვება ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისთვის უფრო მკაცრი მარეგულირებელი გარემოს შექმნის ალბათობას ზრდის. მოსალოდნელია, რომ ყურადღება განსაკუთრებით მონაცემთა ცენტრების მშენებლობას, ენერგიის მოხმარებასა და მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების AI-ინვესტიციებს დაეთმობა.

მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე მორატორიუმების საკითხი ქვეყნის სხვადასხვა შტატში შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. ამომრჩეველთა ნაწილისთვის განსაკუთრებით პრობლემურია ელექტროენერგიის გადასახადების ზრდა, ენერგიის მაღალი მოხმარება და მონაცემთა ცენტრების მუშაობასთან დაკავშირებული ხმაური.

ტეხასში, სადაც არაერთ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას აქვს სათავო ოფისი ან მონაცემთა ცენტრი, გუბერნატორობის არჩეულმა კანდიდატმა ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე შტატში დაუყოვნებლივი მორატორიუმის დაწესების პირობა დადო.

ამასთან, ინვესტორებს უკვე აქვთ კითხვები ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ჩადებული მასშტაბური კაპიტალის უკუგების შესახებ. შესაბამისად, სექტორს ერთდროულად ორი გამოწვევა ექმნება: მზარდი მარეგულირებელი ზეწოლა და ინვესტიციების მოგებიანობის დამტკიცების აუცილებლობა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი