ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $80 მილიარდით შემცირდა

ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $80 მილიარდით შემცირდა

ფოტო: Getty Images

 

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნების შემდეგ ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ვარდნამ გავლენა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებაზეც იქონია. მხოლოდ ერთ დღეში ილონ მასკის ქონება $80 მილიარდით შემცირდა და, Forbes-ის შეფასებით, $800-მილიარდიან ნიშნულს ჩამოსცდა.

ხუთშაბათს, შუადღის მდგომარეობით, მასკის ქონება 9%-ზე მეტით იყო შემცირებული. Tesla-ს აქციების ღირებულება 11,5%-ით, აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ხოლო SpaceX-ის აქციების ფასი 8%-ით შემცირდა და დაახლოებით $125-ად ივაჭრებოდა. ამჟამად, Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი $789.5 მილიარდს ფლობს, გასულ კვირასთან შედარებით კლება კი, $93 მილიარდია (-10.52%).

ილონ მასკი SpaceX-ის აქციების თითქმის 50%-ს ფლობს. თუმცა, როგორც ამ წლის აგვისტოში თავად მილიარდერმა განაცხადა, ამ აქციებიდან გარკვეულ ნაწილს სრულად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომპანია დასახულ მიზნებს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, SpaceX-ში ის წილი, რომლის განკარგვაზეც მასკს რეალურად ახლა აქვს კონტროლი, 50%-ზე ნაკლები იყოს.

ხუთშაბათის ვარდნა მასკის ქონებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთდღიანი დანაკარგია. მანამდე, აგვისტოში, ამერიკელი ბიზნესმენის ქონება ასევე $80 მილიარდით შემცირდა, ივნისში კი SpaceX-ის აქციების მასობრივი გაყიდვების ფონზე დანაკარგმა $350 მილიარდს მიაღწია.

მასკი არ არის ერთადერთი მილიარდერი, რომლის ქონებაც ხუთშაბათს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის ვარდნის გავლენით მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, Dell Technologies-ის დამფუძნებელმა, მაიკლ დელმა $18,6 მილიარდი დაკარგა, Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა — $11,3 მილიარდი, Meta-ს ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა კი — $9,4 მილიარდი. Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი კი $15 მილიარდის დაკარგვის შედეგად Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა.

ტექნოლოგიური სექტორი ინვესტორების მხრიდან ზეწოლას შუალედურ არჩევნებამდეც განიცდიდა. ბაზარზე განსაკუთრებით იზრდება შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, რადგან ეჭვქვეშაა, შეძლებენ თუ არა კომპანიები ამ ინვესტიციებისგან შესაბამისი მოგების მიღებას.

მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების წარმატებამ. კონგრესის ორივე პალატაზე დემოკრატების კონტროლის მოპოვების შემდეგ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, სავარაუდოდ, უფრო მკაცრ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან და გამოძიების ობიექტებიც გახდებიან. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია უკვე ემზადება კონგრესის მხრიდან შესაძლო შემოწმებებისთვის. ისინი დემოკრატ კანონმდებლებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ და ამ მიზნით სპეციალურ შიდა სამუშაო ჯგუფებსაც ქმნიან.

არჩევნების შედეგებმა გავლენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქონებაზეც იქონია. Forbes-ის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ ტრამპმა $200 მილიონზე მეტი დაკარგა, რადგან მისი კომპანიის, Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა.