ვინ შეიძლება გახდეს Nvidia-ს ახალი CEO?

ვინ შეიძლება გახდეს Nvidia-ს ახალი CEO?

ფოტო: Getty Images

Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგს, კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე მემკვიდრე ოფიციალურად არასდროს დაუსახელებია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორთა საბჭო მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ანალიტიკოსები და ინვესტორები ორ შიდა კანდიდატს გამოყოფენ: კომპანიის ფინანსურ დირექტორს, კოლეტ კრესს და წამყვან ინჟინერს, იან ბაკს.

როგორც Reuters-ი წერს, Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ოთხშაბათს ჰუანგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა. კომპანიის ხელმძღვანელის გარშემო შექმნილი ვითარება მილიარდერის პირად ცხოვრებას უკავშირდება – ბოლო პერიოდში მედიაში მისი ორი სავარაუდო ქორწინებისგარე ურთიერთობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ჯენსენ ჰუანგი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ხელმძღვანელია. მან Nvidia, რომელიც თავდაპირველად ვიდეოთამაშებისთვის განკუთვნილ პროცესორებს აწარმოებდა, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცია. მისი ხელმძღვანელობით კომპანია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესად ჩამოყალიბდა.

Reuters-ის ცნობით, სწორედ ხელმძღვანელის ჩანაცვლების გაურკვევლობამაც შეუწყო ხელი Nvidia-ს აქციების მასშტაბურ გაყიდვას. მიმდინარე კვირაში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 600 მილიარდი დოლარით შემცირდა, რის შედეგადაც Nvidia-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი დაკარგა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

კოლეტ კრესი – დროებითი ხელმძღვანელობის კანდიდატი

ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, ჰუანგის წასვლის შემთხვევაში, კომპანიის მართვის დროებით გადასაბარებლად ყველაზე ლოგიკური არჩევანი ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესია.

59 წლის კრესი Nvidia-ს 2013 წელს შეუერთდა. მას Microsoft-ში, Cisco-სა და ჩიპების მწარმოებელ Texas Instruments-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ჰუანგთან ერთად რეგულარულად მონაწილეობს კომპანიის კვარტალური ფინანსური შედეგების წარდგენასა და ინვესტორებთან კომუნიკაციაში.

გამოცემა Semafor-ის ინფორმაციით, Nvidia-ს დირექტორთა საბჭოს წევრების ნაწილი კრესის დროებით აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნას ემხრობა. თუმცა უფრო ხანგრძლივი ვადით CEO-ს შერჩევა განსხვავებული საკითხია. Nvidia-ს კონკურენტული უპირატესობა ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, ამიტომ დირექტორთა საბჭომ შესაძლოა უპირატესობა საინჟინრო გამოცდილების მქონე კანდიდატს მიანიჭოს.

იან ბაკი – მთავარი კანდიდატი ტექნოლოგიური მიმართულებიდან

კომპანიის გრძელვადიანი ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად 2004 წლიდან Nvidia-ში მომუშავე ინჟინერი იან ბაკი სახელდება. ის Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის აპარატურული და პროგრამული პროდუქტების მიმართულებას მართავს, როგორც Hyperscale AI-ის პროდუქტის ხელმძღვანელი.

ბაკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Nvidia-ს ჩიპებზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებასა და CUDA-ს პროგრამული პლატფორმის შექმნაში. სწორედ ეს პლატფორმა აკავშირებს დეველოპერებს Nvidia-ს ჩიპებთან და კომპანიის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

მას სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი აქვს. ბაკის კვლევა საფუძვლად დაედო ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ პროგრამულ ტექნოლოგიებს, რომელთა განვითარებაშიც მოგვიანებით Nvidia-ში მონაწილეობდა.

სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსების შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაკი Nvidia-ს შიდა კანდიდატებს შორის ყველაზე ლოგიკური არჩევანია. მათი აზრით, თუ ხელმძღვანელობის ცვლილება აუცილებელი გახდება, იან ბაკის გამოცდილება CUDA-ს შექმნასა და Nvidia-ს Hyperscale AI-ის ბიზნესის მართვაში, მას გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.

წაიკითხეთ ასევე: Nvidia ჯენსენ ჰუანგის გადაყენებას განიხილავს 

განიხილება გარე კანდიდატებიც

Nvidia-ს მომავალ ხელმძღვანელად მხოლოდ კომპანიის შიდა თანამშრომლები არ განიხილებიან. ერთ-ერთი სახელი, რომელმაც გაიჟღერა, Arm-ის აღმასრულებელი დირექტორი რენე ჰაასი. ჰაასი წარსულში Nvidia-შიც მუშაობდა. ასევე, შესაძლო კანდიდატებს შორის მოიხსენიებენ Nvidia-ში 32-წლიანი გამოცდილების მქონე ჯეფ ფიშერს და ჰუანგის შვილებს, რომლებიც კომპანიის საქმიანობაში არიან ჩართულნი.

Reuters-ის მიერ გამოკითხული ზოგიერთი ექსპერტი ჰაასს გარე კანდიდატებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ლოგიკურ არჩევანად მიიჩნევს. ჩიპების ინდუსტრიაში გარიგებებზე მომუშავე ერთ-ერთი ბანკირის შეფასებით, ჰაასი მაღალი ცნობადობითა და ნახევარგამტარების სექტორის ცოდნით გამოირჩევა.

თავად ბაკი საკუთარ შესაძლებლობებზე საუბრისას მოკრძალებულია. გასულ წელს Bank of America-ს კონფერენციაზე ბაკმა აღნიშნა, რომ მისი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი მომავლის პროგნოზირებაა, თუმცა ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს.

ამასთან, Nvidia-ს ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილების ერთ-ერთ სცენარად თანააღმასრულებელი დირექტორების დანიშვნაც განიხილება. სიდნეიში მოქმედი Minotaur Capital-ის თანადამფუძნებლისა და პორტფელის მმართველის, არმინა როზენბერგის შეფასებით, კომპანიისთვის უფრო რეალისტური შეიძლება იყოს დროებითი ხელმძღვანელობის მოდელი, რომელშიც კრესი ფინანსურ და საოპერაციო სტაბილურობაზე, ბაკი კი პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

მისი აზრით, გრძელვადიანი შემცვლელის მოძებნას დრო დასჭირდება, ამიტომ დირექტორთა საბჭომ შესაძლოა ორივე კანდიდატის გამოცდილება გააერთიანოს.

Nvidia-ს აქციონერებისთვის ხელმძღვანელობის ცვლილების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰუანგის მიერ შექმნილი ბიზნესმოდელი და ტექნოლოგიური სტრატეგია კომპანიის საბაზრო ღირებულების ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო. შესაბამისად, მისი შემცვლელის არჩევისას საბჭოს მოუწევს არა მხოლოდ მმართველობითი სტაბილურობის, არამედ Nvidia-ს ტექნოლოგიური განვითარების უწყვეტობის უზრუნველყოფაზეც იფიქროს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი