ფოტო: cnbc.com
Bloomberg News-ის ინფორმაციით, SpaceX-სა და Tesla-ს შორის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს. მისივე ცნობით, გარიგების შესახებ შესაძლოა, უკვე დეკემბერში გამოცხადდეს.
ორი მსხვილი კომპანიის პოტენციური შერწყმა ილონ მასკის ამბიციებს ხელოვნური ინტელექტის, რობოტოტექნიკის, ელექტრომობილებისა და აეროკოსმოსურ სფეროებში ერთი კორპორაციული ქოლგის ქვეშ გააერთიანებს. თუმცა პროცესს მარეგულირებლების მხრიდან შესაძლოა სერიოზული ბარიერები შეხვდეს. შეფერხებების მთავარი მიზეზი, ერთი მხრივ, SpaceX-ის აშშ-ის თავდაცვის სექტორთან გაფორმებული კონტრაქტები, ხოლო მეორე მხრივ Tesla-ს ჩინეთზე დამოკიდებულებაა.
გასულ თვეში, SpaceX-ის მესამე კვარტალის ფინანსური შედეგების განხილვისას, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კოსმოსური კომპანიის Tesla-სთან შერწყმა „კარგი იდეა“ იქნებოდა. მან ასევე დაადასტურა, რომ კომპანიებმა, შესაძლო გაერთიანების განსახილველად, დამოუკიდებელი დირექტორებისგან შემდგარი სპეციალური კომიტეტები შექმნეს.
ბოლო სავაჭრო დღის მონაცემებით, SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $1.9 ტრილიონს შეადგენს, ხოლო Tesla-ს ღირებულება დაახლოებით $1.55 ტრილიონია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიები განიხილავენ სცენარსაც, რომლის მიხედვითაც, გარიგების შესახებ განცხადების გაკეთება შესაძლოა 2027 წლის დასაწყისისთვის გადაიდოს.
გარდა ამისა, SpaceX-სა და Tesla-ს ერთობლივი საწარმოც აქვთ – Terafab-ი, რომელიც ჩიპების წარმოებაზეა ორიენტირებული. მასკის თქმით, ეს საწარმო პირველ საცდელ ჩიპს მომავალი წლის მაისში ან ივნისში გამოუშვებს, ხოლო 2028 წლის მესამე კვარტალისთვის მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავს.









