თბილისი PechaKucha Night-ს უმასპინძლებს

თბილისი PechaKucha Night-ს უმასპინძლებს

ტურიზმის სფერო ათწლეულების განმავლობაში უწყვეტმა ზრდამ და დივერსიფიკაციამ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკურ სექტორად აქცია. 

თანამედროვე ტურიზმი მჭიდრო კავშირშია განვითარებასთან და მოიცავს მზარდი რაოდენობის ახალ მიმართულებებს. ამ დინამიკის გამოა ტურიზმი სოციო-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. 

დღეს ტურისტული ბიზნესის მოცულობა უტოლდება და აჭარბებს კიდეც ნავთობის ექსპორტის, საკვები პროდუქციისა და ავტომობილების ბიზნესის მოცულობას. ტურიზმი გახდა საერთშორისო ვაჭრობის მთავარი მოთამაშე. ასევე, ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის ის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. ეს ზრდა ხელს უწყობს დივერსიფიკაციასა და კონკურენციას მიმართულებებს შორის.

“უკანსკნელი ათწლეულის მანძილზე ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში ასევე სწრაფად ვითარდება, თუმცა ბოლო პერიოდში ტურიზმის სექტორი გამოწვევების წინაშე დადგა. 

გადავწყვიტეთ, თავი მოვუყაროთ საინტერესო ადამიანებს ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის, ტურიზმის ტექ-სტარტაპების, ეკონომისტების, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს, მოგზაურობის ბლოგერებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს, რათა მათ პრეზენტაციები გააკეთონ PechaKucha-ს ფორმატში“, – განმარტავენ ორგანიზატორები.  

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2013 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას. 

PechaKucha Night ახლა უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20×20 ფორმატში. PechaKucha 20×20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.

სპიკერები: 

გური ქოიავა, Expago Georgia-ს მთავარი მენეჯერი. 

აშოტ კუდგარიანი, TourXel-ის მრჩეველი. 

რუსო მამაცაშვილი, საქართველოს ნაციონალური ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. 

მაია წერეთელი, McInerney Hospitality Int., Georgia-ს ვიცე პრეზიდენტი. 

თამუნა ჯაკონია, Zen Travel-ს თანადამფუძნებელი. 

ანა ჩეჩელაშვილი, Tbilisi Marriott, Courtyard by Marriott Tbilisi and Moxy Tbilisi-ს კლასტერული გაყიდვების დირექტორი. 

თორნიკე ზირაკიშვილი, Enterprise Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილე. 

მარიამ ჯობავა, Spend Your Summer In Georgia საინიციატივო ჯგუფი.