მსოფლიო ბანკი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს $62 მილიონით დააფინანსებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს $62 მილიონით დააფინანსებს

GSE კაპიტალის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის $62 მილიონის სესხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება მიიღო. თანხა „ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების” პროექტის ფარგლებში გამოიყოფა და მას IBRD დააფინანსებს. IBRD მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკია.

პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაზრდას, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსურ გაჯანსაღებას და მოსამზადებელ სამუშაოებს კაპიტალის ბაზრებთან წვდომის უზრუნველსაყოფად.

„პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტრომომარაგებას, ასევე შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფო ელექტროსისტემას მოიზიდოს გრძელვადიანი კომერციული დაფინანსება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, – ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ენერგო ბაზარმა პოზიტიური ცვლილებები განიცადა.

„რეფორმების შედეგად, ქვეყნის ენერგო სექტორი, რომელიც ფინანსური კოლაფსის წინაშე იდგა, საიმედო და განვითარებად სექტორად იქცა. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გამოწვევები. დაფინანსება კი საქართველოს სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება“, – განმარტავენ მსოფლიო ბანკში.