საქართველოში სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ყველა სოციოეკონომიკურ ჯგუფში (99%), თუმცა სწავლის ხარისხის შეფასებისას თავს იჩენს ქვეყანაში არსებული სოციოეკონომიკური უთანასწორობა. აღნიშნული უთანასწორობის შესაფასებლად PMCG კვლევამ PISA-ს საერთაშორისო გამოცდების შედეგები გაანალიზა.
PISA-ს ტესტში მოსწავლეთა 51%, 52%, და 57% ვერ აღწევს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს მეცნიერებაში, კითხვასა და მათემატიკაში. ყველაზე მაღალ სოციოეკონომიკურ მეოთხედში შესაბამისი ნიშნულებია 32%, 32% და 36%, მაშინ როცა ყველაზე დაბალ სოციოეკონომიკურ მეოთხედში ზღვარს მიღმა მყოფი მოსწავლეების წილი 68%, 70%, და 76%-ს აღწევს.
PISA-ს ფარგლებში სოციოეკონომიკური სტატუსის შეფასება ეფუძნება შემდეგი ცვლადების ერთობლიობას: მოსწავლის მშობლების განათლების დონე, დასაქმება, ოჯახში პირველადი საჭიროების ნივთების არსებობა და საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა. თუ მოსწავლე სოციოეკონომიკური ინდექსის განაწილების ქვედა მეოთხედშია, ის ფასდება როგორც დაბალი სოციოეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენელი.
საქართველოში სოციოეკონომიკური უთანასწორობის შესწავლა სოფელს და ქალაქს, ასევე, საჯარო და კერძო სკოლებს შორის არსებული განსხვავების საფუძველზეც შეიძლება. TIMSS-ის კვლევაში მოსწავლეების შედეგებზე დაყრდნობით, ქალაქის კერძო სკოლებში მოსწავლეებს სხვებზე გაცილებით უფრო მაღალი შედეგები აქვთ.
„ბოლო 8 წლის განმავლობაში ცვლილებების შეფასება ცხადყოფს, რომ ქალაქსა და სოფელს შორის არსებული განსხვავებები ღრმავდება – სოფლის და ქალაქის მეოთხეკლასელების საშუალო შეფასებებს შორის განსხვავება 9 ქულა იყო 2007 წელს, 24 – 2011 წელს და 31 – 2015 წელს. 2007 წელს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალოდ 38 ქულით დაბალი შედეგი ჰქონდათ, კერძო სკოლებთან შედარებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. 2015 წლისთვის, სხვაობა გაიზარდა და 65 ქულას მიაღწია“, – ნათქვამია PMCG კვლევაში.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებშიც კი სოციოეკონომიკური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლის შედეგებზე. მაგალითისთვის, PISA-ს ტესტში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ქვეყანაში, სინგაპურში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ქვემოთ მაღალი სოციოეკონომიკური კლასის მოსწავლეთა მხოლოდ 2%, 3% და 2%-ია, მეცნიერებაში, კითხვასა და მათემატიკაში, შესაბამისად. თუმცა, დაბალი სოციოეკონომიკური კლასის შემთხვევაში, არასაკმარისი ცოდნის მქონე მოსწავლეთა წილი ბევრად მაღალია – 21%, 23% და 17%.