საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები, მათი მფლობელები და აქტივები

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები, მათი მფლობელები და აქტივები

საქართველო ყოველწლიურად 750 მილიონ დოლარზე მეტ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. ამ საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია 1.2 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც ქვეყანაში მოძრაობს; ასევე, იმ ათიათასობით სატრანზიტო სატვირთოსთვის და მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლებიც ყოველთვიურად საქართველოს საზღვრებს კვეთენ. საწვავის სამომხმარებლო რეალიზაციის სექტორში სულ რამდენიმე მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფართო ქსელს ფლობს. ნავთობ-იმპორტის ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშეს საკუთარი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტების თანახმად, კომპანიების აქტივებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაცია ასეთია:

“სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”

● შემოსავალი 2019 წელს – 668.2 მილიონი ლარი;
● წმინდა ზარალი 2019 წელს – 86.8 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს – 344.4 მილიონი ლარი.

მფლობელი:

ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”, მისი საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა.

შპს“ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საქართველოს მასშტაბით ოპერირებს 115 ავტოგასამართი სადგურით. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან საქმიანობს და ის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა.

“გალფი”

● შემოსავალი 2019 წელს – 535.3 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 15.5 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს – 231.4 მილიონი ლარი.

მფლობელები:

“გალფის” ანუ “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისი მფლობელების სია ასეთია:

“2019 და 2018 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის საბოლოო მფლობელები არიან სს „როსნეფტი“ და დავით იაკობაშვილი, შესაბამისად 49% და 38% წილებით. დანარჩენი წილები გადანაწილებულია სამ ფიზიკურ პირს შორის”, – ნათქვამია ანგარიშში.

ჯგუფმა ბენზინგასამართი სადგურების ქსელის შექმნა 2011 წლის მარტში დაიწყო. კომპანია საქართველოში მდებარე 149 სადგურით არის წარმოდგენილი, რომელთაგან 86 სადგურს ის უშუალოდ ფლობს, დანარჩენები კი იჯარით აქვს აღებული.

“რომპეტროლ საქართველო”

● შემოსავალი 2018 წელს – $201 მილიონი დოლარი, რაც ანგარიშის პერიოდში 537 მილიონი ლარი იყო;
● წმინდა ზარალი 2018 წელს – $3.4 მილიონი დოლარი ლარი; რაც ანგარიშის პერიოდში 9.1 მილიონი ლარი იყო;
● კომპანიის აქტივები 2018 წელს – $38.6 მილიონი დოლარი, რაც ანგარიშის პერიოდში 103 მილიონი ლარი იყო.

მფლობელი:

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული KMG International N.V.-ი, რომელიც ყაზახური KazMunayGaz-ის ჯგუფის წევრია. მისი საბოლოო მფლობელია ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Samruk-Kazyna.

“რომპეტროლ საქართველო” ქვეყანაში 2005 წლიდან საქმიანობს. მისი საცალო ქსელი შედგება 80 ბენზინგასამართი სადგურისაგან, რომელიც მდებარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სადგურები მათ იჯარით აქვთ აღებული.

ჯგუფი “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”

● შემოსავალი 2019 წელს – 467.3 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 36 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს – 248.9 მილიონი ლარი.

მფლობელები:

“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” ჯგუფის მფლობელების სია, კომპანიის 2019 წლის აუდიტირებული ანგარიშის თანახმად ასეთი იყო:

ლევან ფხაკაძე 35.77%; სოსო ფხაკაძე 30.98%; გიორგი რამიშვილი 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი 8.25%; ალექსი თოფურია 7.12% და დევიდ ბორგერი 2.38%.

“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” 2000 წელს დაფუძნდა, თავდაპირველად მისი სახელი “კანარგო სტანდარტ ოილი პროდაქტსი” იყო. “ვისოლის” ჯგუფი ქვეყანაში მოქმედი 146 სადგურით არის წარმოდგენილი. მათი ნაწილი გაზგასამართ სადგურებს წარმოადგენს.

“ლუკოილ ჯორჯია”

● შემოსავალი 2019 წელს – 248.1 მილიონი ლარი;
● წმინდა ზარალი 2019 წელს – 3.2 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს – 65.7 მილიონი ლარი.

მფლობელი:

“ლუკოილ ჯორჯიას” მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული LUKOIL Europe Holdings B.V. და ის რუსული Lukoil-ის ჯგუფის წევრია.

“ლუკოილ ჯორჯია” ქვეყანაში 2002 წლიდან საქმიანობს. კომპანიის ქსელი შედგება 21 საკუთარი ავტოგასამართი სადგურისგან, ასევე 20 იჯარით აღებული სადგურისგან და 21 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგურისგან. ანგარიშგების თანახმად, კომპანიის ძირითადი მომწოდებელია კომპანია LUKOIL Neftohim Burgas AD, რომელიც LUKOIL-ის ჯგუფში შემავალი კომპანიაა.

როგორც კომპანიების ანგარიშებიდან ჩანს, ნავთობის იმპორტის არაერთი მოთამაშე ფინანსურად ზარალზეა. მათი აუდიტირებული ფინანსური შედეგების მიხედვით, ამ ბაზრისთვის მთავარი გამოწვევა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაა, რაც მათი ზარალის წამყვან ფაქტორს წარმოადგენს. გაცვლითი კურსის გაუფასურება ორი მთავარი მიზეზის გამო ახდენს ამ კომპანიებზე გავლენას, ესენია:

1) უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გაძვირება;
2) შესასყიდი ნავთობის ღირებულების ზრდა.