კორონოვირუსის მოულოდნელი იერიშის მიუხედავად, ნაღდი ფულის გოლიათი, NFL-ი, განაგრძობს ენერგიულ მოღვაწეობას. მეტიც, 2020-ში საშუალო გუნდი იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ოდესმე. და ალბათ ამ ცარიელ ადგილებსაც მოევლება – მოვა დრო და მათ კვლავ გაავსებს ხალხი.
Las Vegas Raiders-ის მფლობელი მარკ დევისი.
[MAINPICTURE]
NFL-ი დაბრუნდა და თან მოიტანა ორი ყველაზე ძვირად ღირებული სტადიონი, რაც კი რამ ოდესმე აშენებულა: სტენლი კრონკის $5-მილიარდიანი SoFi Stadium-ი ლოს- ანჯელესში და მარკ დევისის $1.9-მილიარდიანი Allegiant Stadium-ი ლას-ვეგასში. ეს სტადიონები, რომლებიც უმაღლეს მიღწევას წარმოადგენს ორი ფრანშიზისთვის, გუნდების ღირებულებათა სერიოზულ დამუხტვას დაეხმარა: Los Angeles Rams-ი $4 მილიარდად ფასობს, რაც 176%-იანი ზრდაა ხუთ წელიწადში, Las Vegas-ის ღირებულება კი დროის იმავე მონაკვეთში 117%-ითაა გაზრდილი და $3.1 მილიარდს შეადგენს.
სამწუხაროდ, SoFi-ცა და Allegiant-იც ცარიელი ადგილებისა და ვაკანტური სალაროების პირობებში გაიხსნა: ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ფანები ორივე ქალაქში მთელ სეზონს გამოტოვებენ. მიუხედავად ამისა, 2020 წელს Rams-ის და Raiders-ის ღირებულება, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. იგივე ითქმის NFL-ის ყველა დანარჩენ ფრანშიზზე, Cincinnati Bengals-ის გამოკლებით, რომლის ღირებულება უცვლელი დარჩა და $2 მილიარდს უტოლდება. საშუალო ფრანშიზის ღირებულება ($3.05 მილიარდი) 7%-ითაა გაზრდილი წინა წლის შემდეგ და, პირველად ისტორიაში, $3 მილიარდს ურტყამს, ეს კი იმიტომ, რომ ფსონის დამდებთა უმეტესობა $5 მილიარდის (ან რაღაც მსგავსის) ტოლფას რეკორდულ შემოსავალს, NFL-ის მფლობელები წელს რომ აიღებენ დიდი ალბათობით, უფრო ერთწლიან დევიაციად აღიქვამენ (და არა ნორმად).
შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ NFL-ის ეს იოლი ფული, რომელიც 2019-ში გუნდზე საშუალოდ $109 მილიონის ოპერაციულ შემოსავალზე (პროცენტამდელი, გადასახადებამდელი და ამორტიზაციამდელი შემოსავალი) იყო პასუხისმგებელი, იქ დამთავრდება, საიდანაც სტარტი აიღო. ლიგის გარიგებები ნაციონალურ მედიასთან, რომლებიც 32 გუნდს შორის არის განაწილებული, წელიწადში საშუალოდ $7.5 მილიარდს უახლოვდება, პარალელურად კი კიდევ უფრო სარფიან სატელევიზიო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკებები, რომლებიც 2023-ში აკრეფენ ტემპს. NFL-ს ტელევიზიაში ბადალი არა ჰყავს: 2019-ში ყველაზე აქტიურად ყურებადი 50 პროგრამიდან ის 42-ზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო ახალმა, ე.წ. კოლექტიურმა შრომითმა ხელშეკრულებამ კიდევ უფრო მეტი სატელევიზიო ინვენტარი გააჩინა, კერძოდ, ამ სეზონზე, ორი დამატებითი პლეიოფ-თამაში დაიწყება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ღირებულებებს ასეთ მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს, ისაა, რომ NFL-ის გუნდები იშვიათად იცვლიან მფლობელებს; მფლობელობა, საშუალოდ, ოთხი ათწლეული გრძელდება. გუნდის ხელში ჩასაგდებად “შეიძლება, 30 წელი გახდეს საჭირო, – ამბობს სპორტული საინვესტიციო ბანკირი სალ გალატიოტო, რომელიც აღნიშნავს, რომ, სულ მცირე, ექვს მულტიმილიარდერს იცნობს, რომელთაც ფრანშიზის ყიდვა უნდათ. – იშვიათობის ფაქტორი ღირებულებას ზემოთ სწევს“.
NFL-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეები:
1. ჯოი ბოსა
Los Angeles Chargers
მთლიანი შემოსავალი: $48.8 მლნ.
ხელფასი/ბონუსები: $43 მლნ.
შემოსავალი რეკლამიდან: $750,000.
2. კარსონ ვენცი
Philadelphia Eagles
მთლიანი შემოსავალი: $43.4 მლნ.
ხელფასი/ბონუსები: $39.4 მლნ.
შემოსავალი რეკლამიდან: $4 მლნ.
3. კირკ ქაზინსი
Minnesota Vikings
მთლიანი შემოსავალი: $42.5 მლნ.
ხელფასი/ბონუსები: $40 მლნ.
შემოსავალი რეკლამიდან: $2.5 მლნ.
4. დაკ პრესკოტი
Dallas Cowboys
მთლიანი შემოსავალი: $39.4 მლნ.
ხელფასი/ბონუსები: $31.4 მლნ.
შემოსავალი რეკლამიდან: $8 მლნ.
5. დრიუ ბრისი
New Orleans Saints
მთლიანი შემოსავალი: $39 მლნ.
ხელფასი/ბონუსები: $25 მლნ.
შემოსავალი რეკლამიდან: $14 მლნ.