2020 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 1.5 მილიონიანი ზარალი განიცადეს. ამის შესახებ ეროვნულ ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. უშუალოდ ნოემბრის განმავლობში კი, წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ნოემბერში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა და შემოსავლებმა 433.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. თუ ბანკების მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლები დეკემბერშიც შენარჩუნდება, მაშინ შესაძლოა, საფინანსო სექტორმა 2020 წელი კრიზისის მიუხედავად 100 მილიონ ლარამდე წმინდა მოგებით დაასრულოს.
როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა “აქტივების შესაძლო დანაკარგების” ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.
ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმაც გააკეთა. კობა გვენეტაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს სექტორი გასულ წლებში არსებულ მოგების მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
“რა თქმა უნდა, იქნება პორტფელის გაუარესება. რა თქმა უნდა, უმოქმედო სესხები აღარ იქნება ისეთი დაბალი, როგორიც ის დღესაა. უნდა ითქვას, რომ უმოქმედო სესხები საკმაოდ დაბალი გვქონდა არამარტო რეგიონის ქვეყნებთან, არამედ უმრავლეს შესადარის ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ ეს ზრდაც უმოქმედო სესხების იქნება აბსოლუტურად გადატანადი ფინანსური სისტემის მიერ, რადგანაც მათ აქვთ ძალიან კარგი ბაზა როგორც ლიკვიდობის, ასევე კაპიტალის, რომლის დაგროვებაც დროთა განმავლობაში ხდებოდა. მოგეხსენებათ, ბანკების მიერ შეფასებულმა საკრედიტო დანაკარგება 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოტენციური ხარჯი და ზარალი, შესაძლებელია, უფრო ნაკლები იყოს. კომერციული ბანკები ახორციელებენ აქტიურ შეფასებას და მე იმედი მაქვს, რომ ეს თანხა ამდენი (1.2 მილიარდი ლარი) არ იქნება, თუმცა ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც თუ ასე იქნა, ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალის ადეკვატურობას და ლიკვიდურობას საკმაოდ მაღალ დონეზე და მათ ფუნქციონირებას არანაირი პრობლემა არ ემუქრება”, – ამბობს კობა გვენეტაძე.
როგორია ბანკების საოპერაციო საქმიანობა?
რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის 11 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 4.4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად კი ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.85 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 5%-ით არის შემცირებული, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 1.28 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 8%-ით არის გაზრდილი.
არასაპროცენტო შემოსავლები კი, 819 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 11%-ით შემცირებულია. ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 11 თვეში 293 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 46%-ით არის შემცირებული და 35.8 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 4.45 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 165 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 1 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 17%-ით არის გაზრდილი და 670 მილიონ ლარს აღწევს.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის 11 თვეში 1.5 მილიონი ლარი იყო.