ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ Carrefour-ის აქციები შესაძლოა გაყიდოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანია Groupe Arnault 5.5%-იან წილის გასხვისებაზე მსჯელობს.
კანადური კომპანია Couche-Tard არნოს კომპანიას Carrefour-ის თითო აქციაში 20 ევროს სთავაზობს. გამოდის ჯამში ის 900 მილიონი ევროს ოდენობით თანხას სთავაზობს ბერნარ არნოს.
ცნობისთვის, ფრანგული სუპერმარკეტის ქსელის აქცია 2007 წლის მარტში საშუალოდ 47 ევროდ ივაჭრებოდა, სწორედ მაშინ იყიდა არნომ Carrefour-ში აქციები.
ბერნარ არნო ერთ-ერთია იმ ორ ფრანგ მილიარდერს შორის, რომლებმაც Carrefour-ში ინვესტიციები წლების წინ განახორციელეს. მეორე ცნობილი Galeries Lafayette-ს დამფუძნებელია. აღსანიშნავია, რომ ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის კიდევ ერთი მსხვილი აქციონერია ბრაზილიელი აბილიო დინიზი.
ამასთან, ცნობილია, რომ Carrefour-ის დირექტორთა საბჭოში 2019 წლის აპრილიდან არნოს ვაჟი ალექსანდრეც შედის.
Carrefour-ის პირველი მაღაზია 1960 წელს საფრანგეთში გაიხსნა. ის პირველი იყო ევროპაში, რომელსაც ჰქონდა როგორც ჰიპერმარკეტი, ასევე დიდი სუპერმარკეტი და მაღაზიები. პირველი ჰიპერმარკეტი კომპანიამ 1963 წელს გახსნა პარიზთან ახლოს. დღეს კი Carrefour-ს მხოლოდ საფრანგეთში 230 ჰიპერმარკეტი აქვს.