"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო მთავრობის ვალის მსოფლიო რეიტინგში

საგარეო ვალი

მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 97-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალის ძირითადი წყარო ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტია. როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლებზე მეტი ხარჯია, მთავრობა ფულს სესხულობს ან წინა წლებში დაგროვილ რეზერვებს იყენებს.

მთავრობის ვალი ორი სახისაა: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს – ეს ძირითადად კომერციულ ბანკებზე ან საფინანსო ფონდებზე ფასიანი ქაღალდების მიყიდვის გზით ხდება. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდისთვის მისი წევრი ქვეყნების ვალის ტვირთის კონტროლი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, ვალის ტვირთის მიხედვით  საქართველო 189 ქვეყანას შორის 97-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 96 ქვეყანას აქვს, 92 ქვეყანა კი ნაკლებ ვალებშია. 2019 წელს საქართველო რეიტინგში 131-ე ადგილზე იყო, ანუ 2020 წელს ქვეყნის პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 60.6% იყო. 2020 წელს მთავრობის ვალი 9.7 მილირდი ლარით გაიზარდა, რაც კორონავირუსის პანდემიამ და ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა. საქართველოს მთავრობის ვალის 80%-მდე საგარეო ვალია, რომელიც უცხოურ ვალუტაში (ძირითადად დოლარში და ევროში) აქვს აღებული და ლარის გაუფასურების შემთხვევაში, ლარში აღრიცხული ვალი იზრდება.

საქართველოს მთავრობის ვალი 2013-2016 წლებშიც იზრდებოდა; 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 37.5%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.4%-მდე გაიზარდა. 2020 წელს ვალი მშპ-ის მიმართ 20.2% პუნქტით გაიზარდა.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალმა 29.7 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, მთავრობის საგარეო ვალი 23.5 მილიარდი ლარი იყო, საშინაო ვალი კი 6.2 მილიარდი ლარი.

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად ვენესუელას აწევს, სადაც მთავრობას მშპ-ის მიმართ 304% ვალი აქვს – 150 მილიარდ დოლარამდე. მეორე ადგილზე სუდანია, რომელსაც მშპ-ის მიმართ 263% ვალი აქვს. მესამე ადგილზე იაპონიაა, მშპ-ის მიმართ 256% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში იაპონიას 13 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთავრობის ვალი აქვს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 62.8%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 36.8%-ით. აზერბაიჯანის მთავრობის ვალი მშპ-ის 21.4%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 19.3%.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 2.9%. შემდეგ ავღანეთი მოდის, მშპ-ის მიმართ 7.8% და ქუვეითი მშპ-ის მიმართ 11.5% დავალიანებით.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2020 წლის დეკემბერი

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ, %

1

ვენესუელა

304

2

სუდანი

263

3

იაპონია

256

4

საბერძნეთი

213

5

ერიტრეა

185

6

სურინამი

166

7

იტალია

156

8

ლიბანი

154

9

ბარბადოსი

149

10

მალდივები

143

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა