პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, სინოლოგი.

ჩინეთის ეკონომიკა და პანდემიური სიახლეები

ჩინეთს ეკონომიკა

2019 წლის დეკემბერში, კოვიდინფექციამ პირველად ჩინეთის ეკონომიკასა და საზოგადოებას დაარტყა. მკაცრი საკარანტინო პირობები, საზღვრების ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა და გარკვეულ პროდუქციაზე დროებითი დეფიციტი სერიოზულ გამოწვევად იქცა ნომერ მეორე ეკონომიკისთვის. გასული წლის დასაწყისის მსგავსი  მწვავე ეკონომიკური მდგომარეობა ჩინეთს, ფაქტობრივად, აღარ ჰქონია ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, თუმცა, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანამ მაინც მოახერხა  მცირე, მაგრამ მაინც მზარდი დინამიკის შენარჩუნება მესამე და მეოთხე კვარტალების სტაბილური მონაცემების შედეგად. 2020 წლის მძიმე პირველი კვარტალის შემდგომ, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება ეტაპობრივად სტაბილურდება, რასაც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ეტაპობრივი გამოცოცხლებაც ახლავს თან. გასული წლის განმავლობაში არაერთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა თუ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომ ჩინეთი იქნებოდა ის იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც პანდემიის პირობებში პოზიტიური ზრდის მაჩვენებელი ექნებოდა. პროგნოზები 1-3%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2021 წლის დასაწყისში სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა მონაცემები, რომლებითაც ნაჩვენებია, რომ 2020 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 2,3%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე მეტიც კი აღმოჩნდა.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების გადაადგილება  შეზღუდულია, რაც მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც აქამდე საქმიანი თუ საგანმანათლებლო კუთხით იყვნენ დაკავშირებულნი, სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამასთან ერთად, ქვეყნის შიგნით, ფაქტობრივად, ყველა სხვა შეზღუდვა მოხსნილია, არ მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა. ამ ყველაფრის ფონზე, ბოლო რამდენიმე დღეა, საერთაშორისო პრესა მოიცვა ახალმა სტატისტიკურმა მონაცემებმა, რომელთა მიხედვითაც, 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით ჩინეთის ეკონომიკა 18,3%-ით გაიზარდა.  საერთაშორისო პრესა ჩინეთის ეროვნულ სტატისტიკურ ბიუროს იმოწმებს, რომლის მისამართითაც წარსულში კითხვები არაერთხელ დასმულა. სახელდობრ, არაერთ ეკონომისტს გამოუთქვამს ეჭვი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, „საბაზრო ლენინიზმის“ პირობებში სტატისტიკური მონაცემები „შელამაზებულია“, რათა თანხვდენაში იყოს წინასწარ დაგეგმილ მონაცემებთან. მიუხედავად გარკვეული ეჭვებისა, 18 %-იანი ზრდის მხოლოდ მანიპულაციასთან დაკავშირება, ალბათ უფრო მიამიტობა იქნება. მაშინ როდესაც წამყვანი სახელმწიფოები ჯერ კიდევ კოვიდრეგულაციების ფონზე ფუნქციონირებენ, ადგილობრივ და საერთაშორისო პრესაში აქტიურად ვრცელდება მასშტაბური გასართობი ღონისძიებების ფოტოები სწორედ იმ ქალაქიდან, საიდანაც 2019 წლის ბოლოს კოვიდინფექცია გავრცელდა.

გარდა ზემოხსენებული მონაცემებისა,  გასულ თვეში ეროვნულმა სახალხო კონგრესმა გამოაქვეყნა ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი – ე.წ. „ხუთწლედი“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და ასახავს გადაწყვეტილების მიმღები პირების ხედვას ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებით. დოკუმენტის ეკონომიკურ ნაწილში, პირველად ბევრი წლის მანძილზე, აღარ არის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის ზუსტი გეგმური მაჩვენებელი, მის ნაცვლად პრემიერი ლი ქეციანგი დაახლოებით 6 %-იან მაჩვენებელზე საუბრობს, თუმცა, თუ პირველი კვარტალის მონაცემს  გავითვალისწინებთ, შესაძლოა, რეალური მონაცემი პროგნოზირებულზე გაცილებით მეტი აღმოჩნდეს.

დოკუმენტი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეებს მთელ რიგ საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს, ამასთან ერთად ცენტრალური ხელისუფლება 3 ტრილიონ იუანს გამოუყოფს ადგილობრივ ხელისუფლებებს, რათა არ შეფერხდეს სხვადასხვა ადგილობრივი თუ რეგიონალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ამასთან ერთად, მე-14 „ხუთწლედი“ 2021-2025 წლებში პრიორიტეტად გამოყოფს ურბანიზაციის ხელშეწყობას და ურბანულ სივრცეებში უმუშევრობის დონის 5,5% ფარგლებში შენარჩუნებას. პანდემიამ ბევრ სახელმწიფოს დაანახვა ამა თუ იმ მიმართულებით საკუთარი სისუსტეები, რაც შეეხება ჩინეთს, განსხვავებით სხვა „ხუთწლედებისა“, ახლანდელი დოკუმენტი უფრო მეტ აქცენტირებას აკეთებს ქვეყნის შიგნით პროექტებზე და უფრო მეტად შიდა პროცესებზეა ორიენტირებული, ვიდრე საგარეოზე. კერძოდ, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაციის გამო, საზღვრების ჩაკეტვის დროს, შიდა ტურიზმი სერიოზული მაშველი რგოლი აღმოჩნდა ადგილობრივი ბაზრისთვის. შესაბამისად, ბუნებრივიცაა, ასეთი მასშტაბური კრიზისის ფონზე, შიდა მიმართულებაზე კონცენტრირება.

ზოგადად, ჩინეთში შიდა ვიზიტორები წელიწადში სამჯერ აქტიურად მოგზაურობენ ხოლმე.  ეროვნულ დღესასწაულზე, პირველიდან შვიდი ოქტომბრის ჩათვლით, გაზაფხულის ფესტივალზე (იგივე ჩინური ახალი წელი) იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე, და ბოლო აქტიური პერიოდი ემთხვევა პირველ მაისს – შრომის საერთაშორისო დღეს, რომელიც რამდენიმედღიანი შვებულებით აღინიშნება.  მიუხედავად შედარებით სტაბილიზებული ეპიდემიური ვითარებისა, კერძო კომპანიების დიდი ნაწილი მკაცრად არეგულირებს საკუთარი თანამშრომლების გადაადგილებას ქვეყნის შიგნით. ერთი მხრივ, დასავლური საზოგადოებისთვის კორპორაციების მხრიდან მსგავსი შეზღუდვა ალბათ წარმოუდგენელია, თუმცა, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც კოლექტივისტურ და კონფუციონისტურ ბიზნესეთიკაზე დგას, ასეთი ფაქტები ცხოვრების თანამდევი ნაწილია. ამ მიზეზით აიხსნება შემცირებული შიდა გადაადგილება იმ სამი პიკური პერიოდის დროს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. გასული წლის ოქტომბერში 97 მილიონი შიდა ვიზიტორი ეწვია სხვადასხვა ადგილს, რაც წინა წლის მაჩვენებლის მხოლოდ 73,8 %-ია, ხოლო ეს პროცენტები დახარჯულ ფინანსებში 77 მილიარდ იუანად დაგენერირდა.

მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკაში არსებული მთელი რიგი გამოწვევებისა, სხვადასხვა პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნა აჩვენებს, რომ ბევრი სახელმწიფო ეტაპობრივად ცდილობს, გადალახოს ის ბარიერები, რაც გლობალურმა პანდემიამ წარმოქმნა. ამასვე მოწმობს სტატისტიკური მონაცემები 2021 წლის დასაწყისში, რომელთა მიხედვითაც, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, ჩინეთში იზრდება როგორც ექსპორტირებული, ასევე იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა.  

დაბოლოს, 2021 წლისთვის ჩინეთი ცდილობს, ნაკლებად დამოკიდებული იყოს ორი სახის პროდუქციაზე:

  1. მიკროჩიპებზე, რომელთაც ის მეტწილად შეერთებული შტატებისგან ყიდულობდა;
  2. საკვებ პროდუქტებსა და საწვავ ნედლეულზე. აქ, სავარაუდოდ, აქცენტი გაკეთდება შიდა რესურსების გადაიარაღებასა და მათ უფრო მეტად აქტიურ გამოყენებაზე.

გაზრდილი პოპულაციის ფონზე, საკვები პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება მეთოთხმეტე „ხუთწლედში“ საკმაოდ მკაფიოდ არის ხაზგასმული. გასული წლის დასაწყისში დროებითმა დეფიციტმა ამა თუ იმ პროდუქტებზე, როგორც ჩანს, სერიოზულად დააფიქრა ჩინეთის ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაც პირდაპირ არის მიბმული სოციალურ სტაბილურობასა და სიმშვიდეზე.

გააზიარე