WeChat-მა ჰომოფობიური გადაწყვეტილება მიიღო და ჩინეთის ტოპ-უნივერსიტეტებში არსებული ლგბტქ-ის ონლაინჯგუფები  წაშალა

WeChat-მა ჰომოფობიური გადაწყვეტილება მიიღო და ჩინეთის ტოპ-უნივერსიტეტებში არსებული ლგბტქ-ის ონლაინჯგუფები  წაშალა

სოციალურმა მედიამ, WeChat-მა, ლგბტქ თემის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დაცვის ჯგუფს პლატფორმაზე შექმნილი ანგარიშები წაუშალა. WeChat-მა სადამსჯელო ღონისძიება სამშაბათ საღამოს ჩაატარა.

უნივერსიტეტთა ადმინისტრაციის მიერ ლგბტქ ჯგუფები არასდროს არ ყოფილა ოფიციალურად აღიარებული. თუმცა წლების განმავლობაში თემის წარმომადგენლები  საფრთხისგან თავის დასაცავად ონლაინპოსტებს ანონიმურად წერდნენ და  სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებდნენ.

პლატფორმამ გააუქმა არა მხოლოდ ლგბტქ თემის ჯგუფები, არამედ წაშალა გენდერულ სწავლებასთან დაკავშირებული კვლევებიც. WeChat-ის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

ჩინეთში ხშირად იზღუდება სამოქალაქო ჯგუფების მუშაობა. ჯგუფში შესვლისას, WeChat-ი  მომხმარებელს ატყობინებს, რომ საჩივრების გამო მსგავსი სახის შინაარსი დაბლოკილია და  ანგარიშისთვის პლატფორმაზე ნებისმიერი მოქმედება შეზღუდულია.

აღნიშნულ ჯგუფებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდათ – უმცირესობას სთავაზობდნენ ონლაინსივრცეს თემის პრობლემებზე სასაუბროდ, ზრდიდნენ ცოდნას ჯგუფის გამოწვევების შესახებ, ორგანიზებას უწევდნენ  მოხალისეთა ყოველკვირეულ ონლაინშეხვედრებსა და Q&A სესიებს, ატარებდნენ და ავრცელებდნენ გენდერთან დაკავშირებულ აკადემიურ კვლევებს.

WeChat-ის ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით: ,,ანგარიშების ასეთი უეცარი გაუჩინარება მიუღებელია, რადგან ეს ონლაინსივრცე  ბევრს დაეხმარა და მათ შორის მეც“. მისივე განმარტებით, WeChat-ის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და კიდევ უფრო ზღუდავს უმცირესობების უფლებებს ჩინეთში.