ირანელები კოვიდვაქცინების გასაკეთებლად მეზობელ სომხეთში აქტიურად ჩადიან. საკუთარ სახელმწიფოში ვაქცინაციის ნელი ტემპების გამო, ირანის მოსახლეობა სომხეთის საზღვრებს სულ უფრო მეტი ინტენსივობით კვეთს.
მაისში სომხეთის მთავრობამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე რამდენიმე პუნქტი გამოყო, სადაც ვაქცინის გაკეთება ყველას შეეძლებოდა. „ასტრაზენეკათი“ აცრა უცხოელ ტურისტებსაც შეეძლებოდათ. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებამ ირანელთა ყურადღება დაიმსახურა, შედეგად კი გასული კვირების განმავლობაში ვაქცინაციის პუნქტებთან გრძელი რიგები შეინიშნება, რომელთა უმეტესობაც ირანელებისგანაა შემდგარი. ამ ეტაპზე ვაქცინის მიმღებ ირანელთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
აღნიშნულმა ტენდენციამ სომხეთსა და ირანს შორის ავიაბილეთების ფასი 300 დოლარამდე გაზარდა. გასული კვირების განმავლობაში სომხურ ავიაკომპანიებს ავიარეისების დამატება მოუწიათ.
სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელdება სომხეთ-ირანის სახმელეთო საზღვარზე წარმოქმნილი დიდი რიგების ამსახველი კადრებიც.
სომხეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. შესაბამისად, სომხეთის მოსახლეობის მხრიდან მასზე მოთხოვნაც დაბალია. სწორედ ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა, უცხოელებისთვისაც მიეცა შესაძლებლობა, კოვიდვაქცინით ესარგებლათ.
11 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 108 000 ადამიანია აცრილი, თუმცა მათგან რამდენია სომხეთის მოქალაქე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უცხოელებისთვის ვაქცინების გაცემის პოლიტიკა შედარებით გამკაცრდება. ვაქცინის გაკეთება მხოლოდ იმ ტურისტებს შეეძლებათ, რომლებიც დაადასტურებენ, რომ სახელმწიფო საზღვარი ვაქცინის გაკეთებამდე 10 დღით ადრე გადაკვეთეს.