მერკელი: Nord Stream 2 უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს არ ჩაანაცვლებს

მერკელი: Nord Stream 2 უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს არ ჩაანაცვლებს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ  ზელენსკის შორის 12 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის, როგორც  ერთ-ერთი უმსხვილესი ბუნებრივი აირის  ტრანზიტორი ქვეყნის, როლი ევროპაში.

,,ჩვენთვის უკრაინა იყო და იქნება სატრანზიტო ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც Nord Stream 2 დასრულდება. ეს ყველასთვის ნათელია და რუსეთმაც იცის, რომ ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროკავშირის სატრანზიტო ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

მერკელის განცხადებით, ბერლინს კარგად ესმის და სერიოზულად აღიქვამს უკრაინული მხარის შიშებს. თუმცა აქვე აღნიშნავს: ,,გერმანიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა დაამტკიცოს, რომ Nord Stream 2 არ ჩაანაცვლებს უკრაინის გავლით არსებულ სატრანზიტო ნაკადებს“.

12 ივლისს ბერლინში ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერკელმა ასევე  განაცხადა, რომ გერმანია, ისევე როგორც ევროკომისია, დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე შედგეს სატრანზიტო შეთანხმება.

მან ასევე დასძინა, რომ ამ საკითხზე ყურადღებას გაამახვილებს ვაშინგტონში, მიმდინარე კვირაში  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაგეგმილ შეხვედრაზე. ამასთან, მერკელის განცხადებით, შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ სიტუაციაში. შეერთებული შტატები, ისევე როგორც გერმანია, აუცილებლად მიიჩნევს, გაგრძელდეს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით 11-12 ივლისს ბერლინში იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.