Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, 1-წლიანი პაუზის შემდგომ, კომპანიის აქციების გაყიდვა განაახლა. ბოლო მონაცემებით, ცუკერბერგის მთლიანი ქონება 127 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში კი ის მეხუთე პოზიციას იკავებს.
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბრის შემდგომ Facebook-ის ფასიანი ქაღალდები თითქმის ყოველდღიურად იყიდება. საერთო ჯამში, ბოლო რვა თვის განმავლობაში, ცუკერბერგმა 2,8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების, 9,4 მილიონი აქცია გაყიდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების 90% მის საქველმოქმედო და ადვოკატირების ორგანიზაციებზე მოდის. გადასახადების შემდგომ კი მცირე, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, წილი ცუკერბერგის პირად საკუთრებას შეემატა. ამის შედეგად Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის აქციების წილი 28%-დან 14%-მდე შემცირდა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ Facebook-ის მიერ აქციების საჯაროდ წარდგენის შემდგომ, ჯამში 132 მილიონი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა, რაც 15 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო აქციებით ვაჭრობის შედეგად, უშუალოდ ცუკერბერგი 2,1 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა. ცუკერბერგმა აქციების საჯარო გაყიდვა 2016 წელს, მისი და მისი მეუღლის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაცია CZI-ის დაარსების შემდგომ დაიწყო. ორგანიზაციის მთავარ მიზანს მსოფლიოში განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა წარმოადგენს, ამიტომ წყვილმა Facebook-ის აქციების 99%-ის სწორედ საქველმოქმედო საქმიანობისთვის გამოყენება გადაწყვიტა.
CZI-ის დასაფინანსებლად აქციების ყველაზე დიდი რაოდენობა 2018 წელს გაიყიდა, რამაც ჯამში 5,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდგომ, 2019 წელს მილიარდერმა შეწყვიტა გაყიდვები და მხოლოდ ერთჯერადი, $60-მილიონიანი დონაციით შემოიფარგლა, რომელიც სილიკონ-ველის პროექტისთვის იყო განკუთვნილი. CZI-ის წარმომადგენელს არ უსაუბრია კონკრეტულად დაფინანსების შეწყვეტის მიზეზებზე, თუმცა აღნიშნა, რომ მათი გეგმა წინასწარგანსაზღვრულია და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის წესდებას ექვემდებარება. მსგავსი ტიპის შეთანხმებები ცნობილია როგორც 10b5-1 გეგმა, რომელიც კორპორაციულ მოხელეს უფლებას აძლევს, გაყიდოს ფასიანი ქაღალდები, თუმცა გარკვეული ინტერვალის დაცვით. ეს გეგმა სამართლიანადაა მიჩნეული წამყვანი კომპანიების აღმასრულებლების მიერ.
მიუხედავად ბოლო პერიოდში Facebook-ის გარშემო არსებული სკანდალებისა და სასამართლო პროცესებისა, კომპანიის აქციების ფასები ზრდას განაგრძობს. ფასიანი ქაღალდების ღირებულება მათი პირველი საჯარო განთავსების შემდეგ 800%-ითაა მომატებული. აქციების ფასის განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ზრდა 2020 წლის მარტიდან შეინიშნება, რის შედეგადაც ბოლო 17 თვეში ფასიანი ქაღალდების ღირებულება გაორმაგდა. ხოლო რაც შეეხება თავად ცუკერბერგს, მისი 127-მილიარდიანი აშშ დოლარის ღირებულების მქონე ქონების 98% Facebook-ში მის საკუთრებაში არსებულ წილზე მოდის.