„დახე ჩვენი ქალაქი... კინტოებით გავსილა“

„დახე ჩვენი ქალაქი... კინტოებით გავსილა“

„დახე ჩვენი ქალაქი, რა რიგად გამოცვლილა, ვერავის ვცნობ, არც მცნობენ, კინტოებით გავსილა“, – ნაწყვეტი რაფიელ ერისთავის ვოდევილიდან კარგად ასახავს, თუ რამდენად უარყოფითი დამოკიდებულება არსებობდა კინტოს ფენომენის მიმართ ქალაქში.

ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“, თბილისის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომში, იოსებ გრიშაშვილი ერთ თავს სწორედ კინტოებს, უფრო სწორად კი კინტოსა და ყარაჩოღელის შედარებას უთმობს, სადაც კინტოს ფენომენი მიწასთანაა გასწორებული:

„გაქსუებული, დაღლარა, თახსირი… კინტო ყარაჩოღელების გადაგვარებული მოდგმაა, რომელშიაც ვაჟკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებადაა. კინტო ნამარდია [არავაჟკაცი; უხასიათო; გულდედალი, უღირსი, გამწირავი, დაუნდობელი, მზაკვარი, უკეთური, მუხთალი, მოღალატე, უნამუსო, ვერაგი, გაუტანელი, თავკერძი]; შექმნილია შერეულ ბაზრის წიაღში, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო. იგი ნალეკია ყარაჩოღელთა ოჯახისა, გაზრდილი ქუჩებსა და სამორინეში. როგორც რუსეთში იყო Босяк-ი, პარიზში თავისებური ტიპი Apache, ისეც ჩვენმა თბილისმა წარმოშვა ეს ბედასლი, თავნება, ლევანდი [ქუჩის ბიჭი] და დაუდევარი ტიპი, რომელსაც იმათთან შედარებით, მაინცდამაინც დიდი სიბოროტის ჩადენა არ შეუძლიან“.

კინტოების დასახასიათებლად იმდროინდელ ქალაქის ენაში არაერთი სხვა ეპითეტიც მოიძებნებოდა, თუმცა იმავე იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონის“ მიხედვით, კინტო „თაბახით ხილის გამყიდავი, ფეხზედ მოვაჭრე ბაყალია. კინტოს სპარსეთში ჰქვიან „ტაბაკ-კაშ“, ე.ი. თაბახის ამწევი. კინტო ჰქვია იმ დახვეულ ტილოს, რომელსაც თავზე თაბახქვეშ იდებენ კინტოები. „შემოვიდა სხვადასხვა ახალი ხილი. კინტოობა დავიწყე“, კინტოობა – თავზე თაბახით ვაჭრობა ქუჩა-ქუჩა დატარებით“. ამავე ლექსიკონის განმარტებით, ბაყალი – „მეხილე, მწვანილეულობით მოვაჭრეა“, თაბახი კი გობის მსგავსი ხის დიდი ლანგარი.

„კინტოების ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“ ნიკო ფიროსმანაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

საკუთარ ჩანაწერებში კინტოებს ახსენებს ფრანგი მეცნიერი ბარონი დე ბაიც, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში. მისი ცნობით, „ბაზარში გამოირჩევიან ახალგაზრდა კაცები, თავზე დადგმული ხილის მოწნული კალათებით: ესენი კინტოები არიან. კინტო თბილისის დამახასიათებელი ტიპია. მას რაღაც საერთო აქვს პარიზის გავროშთან თავისი დამცინავი მახვილგონიერებითა და ორშაბათ დღეს დასვენების ჩვევით, ესენი არიან მოხეტიალე ვაჭრები, რომლებიც მხოლოდ პროდუქტს ყიდიან“.

ხილით თუ სხვადასხვა პროდუქციის ყიდვა-გაყიდვით კინტოები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ვაჭრობაში, არამედ ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ხშირად გვევლინებოდნენ ავანტიურისტებად, იშვიათად კი ცნობილი დუქნების მფლობელებად და არა წვრილმან, არამედ ქალაქში განთქმულ კრიმინალებადაც კი. ასევე, მათ ოინბაზობასა და სიტყვაკაზმულობას არაერთი სახალისო, სასეირო ამბავი უკავშირდება – „თბილისელი კინტო ვარ, თარფით ვყიდი წიგნებსა, ვწერამ ლექსებს უაზროს, თავზე ვხატავ ციკნებსა“. თუმცა, ყველაფერთან ერთად, ძველი ქართული პრესის ფურცლებზე შემონახულია კინტოების მხრიდან გამოჩენილი ვაჟკაცობის საარაკო ფაქტებიც, რომლებიც მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების გამო დღეს ბევრისთვის შესაძლოა დაუჯერებელიც კი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს კინტოები, რომლებიც „თვის მუშტარს ათასგვარ უდიერ და უასაკო სიტყვას ეუბნებოდნენ“ და მცირე, „ორგროშიანი“ მოგებით კმაყოფილდებოდნენ, არც მთლად ასე უნდა ყოფილიყო საქმე. მით უმეტეს, რომ ვაჭრობის დროს, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, კინტოები არაფერზე იხევდნენ უკან. მაგალითად, ქალაქისკენ, სავაჭროდ მომავალ გლეხებს „კინტოები ჯერ ქალაქს გარეთ, დიღმის, ვერის ან წავკისის გზებზე უხვდებიან და ერთმა ღმერთმა იცის, როგორის ხერხებით, მოტყუებით და ხშირად ძალადობითაც ართმევენ და ჰყიდულობენ საგნებსა და მოაქვთ ქალაქში! მოაქვთ იმისთვის, რომ შემდეგ ან სხვა ვაჭარს ვისმე მიჰყიდონ ერთიანად, ნარდათ და ან თვითონვე გაჰყიდონ მომხმარებლებზე ერთიორად, ერთი-სამად“.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გლეხები კინტოების ძალმომრეობას გადაურჩებოდნენ და ქალაქში „უდანაკარგოდ“ შემოაღწევდნენ, გამოჩნდებოდნენ თუ არა ბაზარში, კინტოები იმწუთას გარს შემოეხვეოდნენ; ერთი მათგანი გლეხის ურმიდან პროდუქტს მოიპარავდა და გაიქცეოდა, ხოლო სანამ საწყალი გლეხი ქურდს მისდევდა, სხვა კინტოები მის ურემს პირწმინდად ცლიდნენ და პროდუქტს ისაკუთრებდნენ – „დღე არ გავა ისე ბაზარში, რომ ერთი ჩხუბი, ყვირილი, ვაი-ვაგლახი არ შეიქნეს; და ყველა ამ უწესოების მიზეზი უფრო ხშირად ის არის, რომ კინტოებმა ან დაიტაცეს სოფლელის ურმიდამ, რაც რამე იყო შიგ, ან თვითონ იმას მოსჭრეს ჯიბე და ან სხვა რამე ამ გვარი“.

„ხილის გამყიდველი“ / ეროვნული ფოტომატიანე

თურმე ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ტფილისელი კინტოები გლეხურად გამოეწყობოდნენ და ყიდდნენ საეჭვო ფერისა და კონსისტენციის სითხეს, რომელსაც რძედ ასაღებდნენ – „ვითომ სოფლიდამ ჩამოგვაქვს რძეო“…

თბილისელი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი თავის წიგნში „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ წერდა: „როგორც ფაბრიკაში მომუშავენი, კინტოები ორშაბათობით ისევე გარბოდნენ თავ-თავიანთ სავაჭროზე და შაბათ საღამომდენ ხალისიანად ისევე ფულის მოგებას შეუდგებოდნენ. ისინი დიდრონ თაბახებით ქუჩა-ქუჩა ათასგვარ სუფთა ხილს ატარებდნენ და მოქალაქეების ოჯახებში აძლევდნენ. ისეთი დახელოვნებულები იყვნენ, რომ ყველაფრის სეზონი იცოდნენ. ხშირად მდიდარ მოქალაქეების სახლებში გაურიგებლივ ხილსა, ყველსა, თევზსა და სხვა სანოვაგეს დასტოვებდნენ და ფულს შემდეგში ჩაიბარებდნენ“.

მთავარ ასპარეზზე – ქალაქის ბაზრებსა და მოედნებზე ტფილისელი კინტოები, როგორც წესი, დიდ ამბებს ატრიალებდნენ, თუმცა ზოგჯერ მასხრად აგდებული თუ უსამართლოდ დაჩაგრული კაცისაგან გვარიანადაც ხვდებოდათ. მაგალითად, 1887 წელს, „იარმუკაში“ მომხდარი ეს ამბავი გამოდგება:

„გლეხმა მიხა შავხალაშვილმა თავის ცარიელ ურმით ჩაიარა, რომლითაც კიტრი ჩამოეტანა. გამოვარდა ჯერ ერთი კინტო-ბაყალი და ჩაუყარა ურემში ერთი თაბახი ნაგავი. შენიშნა გლეხმა და უთხრა:

– აბა, რათ მიყრი ურემში ნაგავსა, ვერა ჰხედავ შიგ საქონლისათვის თივა მიდევსო!”

– იმიტომ-რომ უნდა გადაჰყაროვო, უთხრა კინტომ.

ამ დროს მეორე ბაყალმაც მოიტანა ნაგავი და ჩაყარა ურემში. გადმოუხტა გლეხი, დააყენა ურემი და მრისხანედ შეუძახა: – გადმოიღე შენი ნაგავიო.

– ეჰეი, დარდაკ! რის ნაგავი! წადი დაიკარგე იქით, თორემ ბევრიც მოგხვდება, აი.

– როგორ თუ მომხვდება? გადმოიღე შენი ნაგავი-მეთქიო და მოჰკიდა ბაყალს ხელი. ბაყალმა შემოჰკრა ფერდში მუშტი. მაშ შემოკვრა ეგრე-კი არ უნდაო, წამოიძახა გლეხმა, გაუდგა გვერდზე ბაყალს და აწნა სახრეები მხარ-ბეჭებში. თუმცა ათი კინტო-ბაყლებიც შემოეხვია, მაგრამ ერთიც ვერ შეუვიდა სახრეში. მანამდინ სცემა ბაყლებს იფნის სახრით, სანამ სირცხვილისაგან კინტო-ბაყლები უკან არ გამობრუნდნენ…“

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ შემთხვევაში გვარიანად დაიჩაგრნენ, ზოგადად, კინტოებისთვის წყვილად თუ ჯგუფურად მოქმედება უცხო არ ყოფილა. როგორც უკვე ვახსენეთ, იოლი ფულის საშოვნელად ვაჭრობის გარდა კინტოები წვრილმან კრიმინალსა თუ თაღლითობასაც არ ერიდებოდნენ.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მცირე ღირებულების საგანსა თუ ნივთს ვითომ – კაპიკებად, რეალურად კი ერთიათად აფასებდნენ და თეატრალური ხერხებით ასულელებდნენ თბილისის მცხოვრებლებსა თუ ქალაქში ჩამოსულ „ხამ“ ხალხს.

„დადიან ქუჩა-ქუჩა, მკლავზე წითელ ხელსახოც გადაგდებულნი, უჭირავთ ხელში თითო ყვითელი ბეჭედი, ვითომდა ოქროსი და რაც შეუძლიანთ ჰფერავენ ხელსახოცით, გამვლელ-გამომვლელის წინ აგდებენ უეცრად ბეჭედს ძირს და იღებენ ისევ სწრაფად ხელში და თან ხმამაღლა ამბობენ: „შე ოხერო, ძლივს გიპოვნე და ისევ მეკარგებიო“. შემდეგ მიუბრუნდებიან გამვლელს, ან ქუჩის პირად მდგომს და ეუბნებიან: ბეჭედს არ იყიდიო, ვიპოვნეო, ჩემთვის ოქროს ბეჭედი საჭირო არ არის, მე ფული მინდაო და, თუ გინდა, იაფად მოგცემო“.

ასევე, XIX საუკუნის 90-იან წლებში, ხალხის გასაძარცვად აქტიურად მიმართავდნენ ახალ ხერხს; მატარებლის მოსვლის დროს ვაგზლის გამოსასვლელ კართან შეგროვდებოდნენ და დაიწყებდა თუ არა ხალხი გამოსვლას, „გაერევიან ჯიბის მოსახილავ-მოსაჩხრეკად და თუ შენიშნეს იმისთანა ხამი კაცი, რომელსაც ბევრი არა გაეგება ადგილობრივი, ამისთანას თანაც გაჰყვებიან „წესის ასაგებლად“.

„კინტო“ – ალექსანდრე როინაშვილის ფოტო / ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია / ეროვნული ფოტომატიანე

კინტოები ხშირად ძარცვავდნენ უდიერ მობანავეებსაც, რომლებიც ტანსაცმელს მტკვრის ნაპირას ტოვებდნენ. ასევე, აქტიურად „ნადირობდნენ“ თბილისის „სტუმრებზე“. ერთი ასეთი, მეტად მოხერხებული ქურდობა მომხდარა შუა ბაზარში 1896 წელს. „გურული ვაჭარი ვითომ უცვნიათ ოთხ კინტოს, მისულან და გამოცნაურებიან: – თქვენ გურული ბრძანდებით, გატყობთ და კიდეც მინახიხართ სადღაც, მაგრამ კი არ მაგონდება სადაო; – თქვენ შეიძლება იცნობდეთ ამა და ამ პიროვნებასო.

– რავა არაო, – მიუგო გურულმა.

– მაშ, თუ იცნობ იმ კაცს, იმედია წერილს წაგვიღებ მასთანო?

– ბატონი ბრძანდებითო, მიუგო გურულმა.

ამ დროს კინტოებმა წაიყვანეს ერთ მებრილიანტესთან და იქ ერთმა თურმე განგებ ცარიელი პორტმანე დააგდო. შემდეგ შეჰქმნეს ძებნა და რაკი ცარიელი პორტმანე იქვე იპოვნეს, დაიწყეს ჯერ ერთმანეთის ჩხრეკა-ძიება და შემდეგ გურულიც გაჩხრიკეს. გურული ვაჭარი კი გულწრფელად არწმუნებდა მათ, რომ ქრისტეს და წმინდა გიორგის გეფიცებით, არაფერი ამიღია თქვენიო.

– გამჩხრიკეთ, ძმავ, გამჩხრიკეთ. მე არ ვშიშობ, ნუ გეშინია, ეუბნებოდა გურული.

ამ გაჩხრეკის წყალობით გურულის პორტმანეც გადაატრიალეს და ხუთი თუმნის ნაცვლად უბრალო ქაღალდებით გაუტენეს, რის შემდეგაც მსწრაფლ განქრენ ეს გაიძვერები ვითა სიზმარი ღამისა!..“

კინტოების თავგასულობასა და ქალაქში მათი კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობაზე აქტიურად წერდა გაზეთი „დროებაც“:

„მათნი წევრნი მომეტებულ ნაწილად ესრედ-წოდებულნი თავისუფალნი მოქალაქენი ბრძანდებიან ბედნიერის თბილისისა. მათ სახელად უფრო კინტოები ჰქვიანთ. ერთი ამ გვარი დასი მძვინვარებს თურმე ყასუმოვის სავაჭრო სახლის ქვეშ ტრაკტირში, რომელსაც აუარებელი ვაჭრობა აქვს და რომელშიაც დღე ცხადად და ღამე ფარულად იკრიბებიან თავისუფალ წრეთა და დასთა წევრნი.

ერთს ამ უკანასკნელთაგანს ჰქვიან „არდაგანი“ სახელად და პოლიცია კარგად იცნობს ამ კინტოსაო, ამბობს „კავკაზი“, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვიგია, თუ ავაზაკს პოლიცია კარგად იცნობს, რაღას შესჩერებია… ეს არდაგანი სხვა ამხანაგებთან ერთად ამას წინად შადინოვის სახლებში ბალკონიდგან ასულან. შადინოვის სახლები ხაზინის გვერდზეა. ერთს წევრთაგანს პოლიციელი სხვა მხრისკენ წაეყვანა, ერთი ყარაულად ყოფილიყო და დანარჩენები კი სახლში შესულიყვნენ. მაგრამ, როცა ხელაობა დაეწყოთ, ყვირილი შეექნათ სახლში, კინტოები გადმოცვივნულიყვნენ და პირდაპირ ალექსანდროვის ბაღში გავარდნილიყვნენ. პოლიციელები გარ-შემორტყმიან და დაუჭერიათ „არდაგანი“.

„კინტოები“ – დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე | „კინტოები“- დამანა მდივნიშვილის კოლექცია / ეროვნული ფოტომატიანე

ცალკე ამბავია კინტოების ოინბაზობა და ენამოსწრებულობა, რასაც ლამის ყოველდღე ნახავდით და მოისმენდით ძველ თბილისში. მათ წარმოუდგენელ ქმედებებს არაერთხელ განუცვიფრებიათ ქალაქის მკვიდრნი:

„ბულვარზე, „რუსეთის“ სასტუმროს პირდაპირ, ორი კინტო გადმოხტა ეტლიდგან. ერთმა კინტომ უთხრა მეორეს: ფული შენ მიეციო.

– ეეი! რას გაუგიჟებიხარ. მე-კი არა, შენ უნდა მისცე.

– აი დარდი, თუ არ მისცემო, და პირველი კინტო ცოტა წინ გაჩანჩალდა.

– ეჰეი! სად გარბიხარ, კაცო, მოიტა ფულიო, და გამოეკიდა უკან მეორე კინტო. წინამ მოუმატა სირბილს, უკანამაც საკმაოდ მოცოცხა და ასე და ამ გვარად გაუხვიეს ვიწრო ქუჩაში და გაჰქრნენ სადღაცა. მეეტლე კი შუა გზაში მიატოვეს გამოშტერებული“.

ასევე:

„ორი კინტო შუა ქუჩაში დამდგარიყდა ერთი ამბავი ჰქონდათ, ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ერთმანეთზე მუშტებით იწევდნენ. დიდძალი ხალხი შეგროვდა და სეირს უყურებდა.

ბოლოს ერთმა მეორეს უთხრა:

– აი შენი დედის სულის… ჭირიმეო, – და ისევ გზას გაუდგნენ…

თურმე ხუმრობდნენ! აი დიდება შენთვის ღმერთო!“

რაც შეეხება ქეიფსა და დროსტარებას – თავისი ნებით არც ერთ დღესასწაულს რომ არ გამოაკლდებოდნენ, ეს სავსებით ლოგიკურია, როგორც ის, რომ თბილისელი კინტოები ორთაჭალის ბაღში გამართული არაერთი ლხინის ხშირი „კლიენტები“ იყვნენ. თავის მხრივ, კინტოების დროსტარებას კი ერიდებოდნენ და თან არა მხოლოდ „კეთილშობილნი ჩვენი ქალაქისა“, რადგან ხშირად „კინტოები ზურნითა და დუდუკით ატარებდნენ დროებას და ისეთ უწმაწურ ლექსებსა მღეროდნენ, რომ კაცი ვერ მოისმენდა“. იოსებ გრიშაშვილის ცნობით, სწორედ კინტოთა რეპერტუარიდანაა: „არღანჩიკო დაუკარ, ფაიტონჩიკ გარეკე!“; „ჩემი ცოლი ანანა ხან [მწყალობს] და ხან არა!“; ასევე, „კინტო უცხოელ ბოჰემისტების მიბაძვით ღვინოს ქალის ფეხსაცმლიდანა სვამს: „დე, ჩაჭყაპე ღვინოს, კახურს, მაგ თეთრ ტუფლით სვამდეს, სცლიდეს; მას ეშხისგან ტვინი უხურს, – ანუშკაჯან, არ შეგცივდეს!“

კარაპეტ გრიგორიანცი კი წერდა: „იმათი ლეკური თამაშობა ერთობ გასაოცარი იყო. ხშირად გაშლილ სუფრაზე ისე თამაშობდნენ, რომ არც ერთ რამეს ფეხს არ ახვედრებდნენ. მთვარიან ღამეებში მტკვრის პირზედ ლხინში ათენებდნენ და ერთობოდნენ“.

ასევე სარწმუნო ჩანს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნაშოვნსა თუ ნავაჭრს კინტოები „ჯიბეში დიდხანს არ იჩერებდნენ“, რის არგუმენტადაც ხშირად მოისმენთ ამ ისტორიას:

„ერთხელ ბაზარში ცნობილ ვაჭარ მირზოევს ეძნელებოდა ძვირფასად თევზის ყიდვა. მაგრამ იმავე თევზისა თურმე უვაჭრელად ერთმა კინტომ იყიდა. როდესაც მირზოევი შეჰკითხებია სიძვირეზე, კინტოს უპასუხნია, „მინამ ჯიბეში მაქვს, ასე ვიცხოვრებ და როცა გამომელევა, მაშინ შენსავით ვიცხოვრებო“.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ტფილისში, სხვადასხვა დროს, არაერთ გამორჩეულად საინტერესო ადამიანს უცხოვრია, პერსონაჟებს, რომლებიც ამ ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცნენ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი სარწმუნო ცნობების არარსებობის გამო დავიწყებას მიეცა, არიან ისეთებიც, რომელთა შესახებ ერთხელ თუ გაიგებ, შეუძლებელია, ოდესმე დაგავიწყდეს.

მათ რიგში უნდა ყოფილიყო კინტო „აბრაგუნე“, ტფილისელი მედუქნე, დარდიმანდი, გულუხვი და გაჭირვებულის მეგობარი, რომელიც, იოსებ გრიშაშვილის ცნობით, „ტფილისში თოთხმეტი ფაეტონით ქეიფობდა. იგი ნამდვილი ბოჰემა იყო, მის დუქანში პოეტები ხშირად იკრიბებოდნენ. ერთხელ მისი სახედარი ჰაერში „შარითაც“ აიყვანეს. აბრაგუნე მოჰკლა მისივე დუქნის მეარღნემ პირადულ ნიადაგზე“.

აი, როგორ აღწერს გაზეთი „დროება“ მის დაკრძალვას 1885 წელს:

„თბილისის მოქეიფე ხალხმა დიდის ამბით დაასაფლავეს კინტო აბრაგუნე. თბილისში ძვირად შეხვდებით ვისმეს, რომ აბრაგუნეს სახელი არ გაეგონოს, ამ სახელს ბევრი გაუტყუილებია დიდუბისაკენ, სადაც აბრაგუნეს ჰქონდა დუქანი. ოთხმა ზურნამ და რამდენიმე არღანმა გააცილა აბრაგუნე. ძმაბიჭები ერთობ დაღონებულნი მიჰყვებოდნენ გულუხვს მასპინძელს, რომელიც ხშირად მასპინძლობისათვის არა თუ არას ართმევდა, „ცუდად“ დარჩენილებს პირიქით აჭმევდა, ასმევდა და ჯიბის გროშებსაც აძლევდა ხოლმე“.

ეს ისტორია კარგი მაგალითია იმისა, რომ ფრაზა, რომელსაც კინტოებს მიაწერენ – „მეგობარი რომ კარგი იყოს, ღმერთსაც ეყოლებოდაო!“ რელევანტურად არ უნდა ასახავდეს კინტოების დამოკიდებულებას მეგობრობის მიმართ. დასტურად კიდევ ერთი ამბავი შეგვიძლია მოვიყვანოთ. 1887 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა:

„კინტოებს ბევრი განსაკიცხავი ზნე სჭირთ, მაგრამ იმათში ბევრჯელ ისეთს პატიოსნებასა ნახავთ, რომ გაჰკვირდებით. იშვიათი არ არის, მაგალითად, იმისთანა საამური ამბავი:

ხარაზს გეო ოჰანეზოვს მოუკვდა ცოლი. გეომ არ იცოდა, სად ეშოვნა სამარხი ფული. მიჰმართა თავის ნაცნობებსა და მეგობრებს, ვინც ფულიანი ეგულებოდა, მაგრამ ვერას გახდა. ოჰანეზოვი ქუჩაში შესჩიოდა ნაცნობებს თავის გაჭირვებას. იქვე იდგა ერთი კინტო, ვანო მღებრიშვილი, რომელიც თაბახით ყველსა ჰყიდდა. მოჰკრა ყური გაჭირვებულ ოჰანეზოვის საჩივარსა, მაშინათვე მოიხსნა ვერცხლის ქამარი, მისცა გაჭირებულ კაცსა და უთხრა:

„აჰა, ძმავ, წაიღე, დააგირავე და ამით დამარხე შენი ცოლი. მერე, როცა შეგეძლება დაიხსენ და დამიბრუნე ქამარი – ჩემი სამარხიც ეგ ქამარიაო“.

„კინტო“ – ალექსანდრე როინაშვილის ფოტო / ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია / ეროვნული ფოტომატიანე

დასასრულ კი აუცილებლად უნდა შევეხოთ ორ მნიშვნელოვან გარემოებას, უფრო სწორად კი სტერეოტიპს. ხშირად კინტოებს „ჩიკორა ტანის“, სუსტ კაცებად მოიხსენიებდნენ, თუმცა ჩანს, რომ მათი ფიზიკური მონაცემები, არცთუ იშვიათად, ამ აღწერილობას არ შეესაბამებოდა. უკვე ხსენებული კარაპეტ გრიგორიანცის ცნობით, „მინამ ქალაქში მუშტის კრივები იმართებოდა, კინტოები იქ პირველ ადგილს იჭერდნენ“; ასევე, კინტოებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გათვალისწინებით, ბევრს შესაძლოა დაუჯერებლად ეჩვენოს ქვემოთ მოყვანილი თბილისური ამბავი:

„ერთს ვიღაცა გლეხს მოჰყავდა ბუღა ხარი, რქებზე თოკ მობმული. ხარი აქეთ-იქით აწყდებოდა სარჩოლად და ხალხი შიშით სულ დაჰფანტა. ცოტა ხნის შემდეგ ბუღა ეცა გლეხს და რქებით გადაისროლა ორს ადლზე. შემდეგ ზედ შეადგა, რქებით ასწია ჰაერში და გადაისროლა იქით. გამვლელები ხედავდნენ ამ საზარელს ამბავს, მაგრამ ვერავინ ჰბედავდა ახლო მისვლას, ვიდრე ერთი კინტო არ ეცა ხარს, არ წაავლო რქებში ხელი და ძირს არ დააგდო“.

ამგვარი ცნობების მიუხედავად, სამწუხაროდ, კინტოების სუბკულტურის შესახებ მსჯელობა საკმაოდ დიდხანს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, თან ქილიკით, ძირითადად, ჰომოფობიური ხაზით მიმდინარეობდა – კინტო, რომელიც განიერ შარვალში გამოწყობილი, აბრეშუმის ბაღდადით ხელში, „კინტოურსა ჰბუქნავდა“… ამგვარი მსჯელობა სრულიად არამართებულია. კინტო ქალაქის კულტურის, მათ შორის ეკონომიკური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ელემენტი იყო.

P.S. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ოინბაზობითა და ენამოსწრებულობით მხოლოდ თბილისელი კინტოები გამოირჩეოდნენ, მათთვის 1888 წელს გორში მომხდარი ეს ამბავი გვაქვს შემონახული: „ვიღაც აზნაურს ჩამოეტანა გორში ჭირნახული გასასყიდად. როდესაც გაჰყიდა, გაჰყვა მსყიდველს ფულის მისაღებად; შეუხვია თუ არა დახურულ ბაზრისკენ, მაშინვე იქვე კუნჭულიდგან გამოხტა ერთი კინტო და მიწა მიაყარა შემდეგის სიტყვებით: „იქმნება შენ დამარხვის დროს არ ვიყვეო და ეხლავე გეუბნები: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეცო“.