თურქულმა „Coca-Cola CCI“-მ უზბეკეთის სახელმწიფოსაგან „Coca-Cola Bottlers Uzbekistan“-ის 57.118%-იანი წილი $252.28 მილიონად შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის სახელმწიფო ქონების მენეჯმენტის სააგენტო ავრცელებს. „Coca-Cola Bottlers Uzbekistan“ 1993 წელს დაარსდა და დღემდე მისი წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: 57.118% უზბეკეთის სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნოდა, ხოლო დარჩენილი 48.882% ამერიკულ The Coca-Cola Export Corporation-ს. უზბეკეთის სახელმწიფოს მიერ „კოკა-კოლას“ პრივატიზაციის შესახებ პირველადი ცნობები ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ „Coca-Cola Bottlers Uzbekistan“ უზბეკეთის გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის წამყვანი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით სამი საწარმო და საწყობების ქსელი აქვს. 2020 წელს, წმინდა მოგების სახით კომპანიამ $19 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.