„ცალ-ულვაშ მოპარსული“ ქუჩების ქალაქი

„ცალ-ულვაშ მოპარსული“ ქუჩების ქალაქი

„ქუჩის ცალი მხარე ქვით არის დაგებული, ცალი არა, ასე რომ სწორედ ცალ-ულვაშ მოპარსულს ადამიანსა ჰგავს. ამას გარდა, ტროტუარი ალაგ-ალაგ გაკეთებულია, შიგა და შიგ კი დატოვებულია“, – ძველი ქართული პრესა აჭრელებული იყო ტფილისის მოუკირწყლავ და უხეიროდ ნაგებ ქუჩებთან დაკავშირებული ამგვარი შეფასებებით.

მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა მხოლოდ ქალაქში გადაადგილებას კი არ ართულებდა, , არამედ ნეგატიურად აისახებოდა მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებზე, ტფილისში არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე, უძრავი ქონების ფასზე და, ყველაფერთან ერთად, ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორიც იყო.

ქართულ გაზეთებში არაერთხელ წააწყდებოდით კორესპონდენტებისა და ამა თუ იმ ქუჩის მცხოვრებთა წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ „იშვიათად თუ სადმე ნახავდით ქალაქში ისე უპატრონოდ და უყურადღებოდ მიგდებულ კუთხეს, როგორიცაა …“ – სამწერტილის ნაცვლად, ძველი თბილისის ქუჩათა უმეტესობა, განსაკუთრებით კი გარეუბნები და ქალაქის განაპირა ქუჩები შეგიძლიათ მოიაზროთ, რადგან „უგზოობაზე“ ყველა მხრიდან ისმოდა საჩივარი.

„უგზოობის გამო ხალხი ისეთს გაჭირვებაშია, რომ ერთი ურემი შეშა რომ იყიდოს, ურემი ქუჩის თავში უნდა გააჩეროს და მერე შეშა ღერ-ღერობით მიიტანოს თავისს სახლამდის, ასე რომ მიტანა შეშის ფასად უჯდება. წყალი პირდაპირ ქუჩაზე ჩამოდის, რისგანაც ისეა დაღარული და ატალახებული ქუჩა, რომ ერთი მტკაველი მშრალი ადგილი აღარ რჩება გამვლელისათვის…“.

ტფილისელთა ნაწილი უკმაყოფილი იყო იმითაც, რომ ქალაქის გამგეობა მხოლოდ ცენტრალურ უბნებს აქცევდა ყურადღებას, გარეუბნებისა და „მიყრუებულ“ ქუჩათათვის კი არ ან ვერ იცლიდა.

ამგვარი უკმაყოფილების გამოძახილი გვხვდება გაზეთ „ივერიაშიც“, 1897 წლის ერთ-ერთი ნომრის რედაქტორის სვეტში, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ეძღვნება.

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1903 წ.

„ხვალ განკითხვის დღეა, განკითხვის დღეა იმისი, თუ ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს… რომ ჩვენი დედა-ქალაქი გამოკეთდეს, მოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს“, – ასე იწყება ტექსტი, რომელიც ტფილისელებს ქალაქის ხელმძღვანელობის უფლება-მოვალეობებსაც ახსენებს და ანიშნებს, რომ ქალაქის საბჭოში სჭირდებათ წარმომადგენელი, რომელიც იზრუნებს, რომ მათი „მიყრუებული უბნები ტალახისა და ტლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა“.

როგორც ჩანს, ქალაქის ხელმძღვანელობის სუბიექტურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული, მოსახლეობის „კონსპირაციული“ თეორიები საფუძველს მოკლებული არ იყო, რადგან, როგორც 1900 წლის ცნობიდან ვიგებთ, „ტფილისის ქალაქის გამგეობისა, საფინანსო კომისიისა და ხმოსან ტექნიკოსთან შეერთებულ კრებაზედ ლაპარაკი იქმნა აღძრული იმის შესახებ, თუ რა გვარის ქვით უნდა მოიკირწყლოს ქალაქის ქუჩები. უმრავლესობამ სასურველად სცნო:

  1. რომ მიხეილის პროსპექტი მთლად საუკეთესო, ოთხ კუთხიანის ქვით იქმნას მოკირწყული; ასეთისავე ქვით უნდა მოიკირწყლოს გოლოვინის პროსპექტი, ერევნის მოედანი, რიყის ქუჩა და აგრეთვე სიონისა და ვანქის ეკლესიების წინ ქუჩებიც;
  2. ჩვეულებრივის ქვით მოიკირწყლოს: ოლგას ქუჩა, იარმუკა, ირაკლის და სიონის ქუჩები, თათრის მეიდანი, ვორონცოვის, კიროჩნისა, ავჭალისა, სადგურისა, მეტეხის ქუჩები და რიყე;
  3. სასახლის ქუჩა მოიფინოს ოთხ-კუთხიანის ქვის ნაცვლად ასვალტით“.

ერთია, თუ რა მასალით კირწყლავდნენ თბილისის ქუჩებს, ხოლო მეორე – როგორ… ამ რიტორიკულ კითხვას ყველაზე უკეთ 1903 წელს, გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში გამოქვეყნებული კარიკატურა პასუხობს. ნახატზე ტფილისში ჩამოსულ გერმანელ სტუმრებს ვხედავთ, რომლებიც გაოცებულები აკვირდებიან ქვაფენილის დაგების პროცესს. მრავლისმეტყველია მათი დიალოგიც:

– ჰენრიხ, როგორ გგონია, ქუჩის ამ გვარად დაფენა რომელ საუკუნეში იცოდნენ?

– მგონია მეთერთმეტე, თუ მეთორმეტე საუკუნეში.

ტფილისის ქუჩების სავალალო მდგომარეობას კარიკატურის ენითაც აქტიურად ეხმაურებოდნენ. ნახატებზე ნახავდით უსწორმასწოროდ ნაგებ, დატბორილ ქუჩებს, ამ ქუჩებზე სიარულისაგან დაზიანებულ ფაეტონებს და დაშავებულ მოქალაქეებს, ტალახში ჩაფლულ ექიმებს, რომლებიც უგზოობის გამო პაციენტამდე ვერ აღწევენ და ა.შ.

„…ქვა-ფენილი ამ ქუჩისა ისეა აკიბულ-დაკიბული და დაოღროჩოღროვებული, რომ მთვარიანს ღამეშიაც-კი ფეხით მოსიარულე ადამიანი კისერს მოიმტვრევს სადმე. მგონი ათი წელიწადი იქნება, რაც ამ ქუჩის ქვა-ფენილი არც გამოცვლილა და არც შეკეთებულა. ნეტა როდის აღირსებს ქალაქის გამგეობა ამ ქუჩას თვისის წყალობის თვალით გადმოხედვას?“

„ზოგ ალაგას ხრამებია, ზოგ ალაგას კიდევ ისეთი ნაგვის გორები დგას, რომ ქვეით მოსიარულე ხალხი კისერს მოიტეხს“, – ასე აღწერდნენ ქალაქის ქუჩებს ტფილისელები, რომლებიც ხვდებოდნენ იმასაც, რომ ფეხით მოსიარულეთათვის თუ იმდროინდელი ტრანსპორტისთვის სერიოზულ ხიფათს წარმოადგენდა გზებზე გაჩენილი ორმოები, რომლებიც, უყურადღებობის გამო, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო ღრმავდებოდა და გამვლელს კარგს არაფერს უქადდა. ამ ორმოებში დაგროვილი, თუ მათ ამოსავსებად ჩაყრილი ქვიშა კი მტვრის კორიანტელს აყენებდა. ამის თაობაზე 1894 წელს ერთ-ერთ ხმოსანს ქალაქის მოურავისთვის თხოვნით მიუმართავს: „გზატკეცილები ქვით დაჰფინეთ და ქვიშის მაგივრად ასფალტით ამოავსეთ ფოსოები, რომ ტფილისში ისეთი საშინელი მტვერი აღარ იყოსო“.

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1902 წ.

თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რამდენად შეისმენდნენ ამ თხოვნას, ან რამდენად სისტემატურად მიაქცევდნენ ზემოხსენებულ პრობლემას ყურადღებას, მაშინ როდესაც ქუჩათა უმეტესობას „გამგეობის თვალი სულ ვერ მისწვდომია და იქ სისუფთავეს, ქუჩების რიგიანად ქვით მოფენას მეოცე საუკუნეში თუ მოვესწრებით, თორემ ამაზე ადრე არა გვგონია“.

ცუდ დღეში უნდა ყოფილიყვნენ ვერის ზემო უბნის მცხოვრებნი, რომლებსაც ქალაქის გამგეობისთვის ქუჩების გასწორებისა და მოკირწყვლის თხოვნით მიუმართავთ, თუმცა უარი მიუღიათ.

პრობლემა ჰქონიათ მთაწმინდელებსაც, რომელთა მიხვეულ-მოხვეული ქუჩების გადაკეთება ქალაქის გამგეობას გადაწყვეტილი კი ჰქონია, მაგრამ სამუშაოები არა და არ დაუწყიათ, ამასობაში კი ხსენებული უბნის ქუჩებზე „სიარული მეტად უძნელდებათ ხალხსა. იქამდე ვიწროებია, დახრამულები, ოღრო-ჩოღროები, რომ კაცი თავ-პირს დაიმტვრევს, თუ ფრთხილად არ მოიქცა“. მთაწმინდელების გაჭირვებას თურმე ისიც ემატებოდა, რომ ზამთრობით, დახრამული გზების მოყინვის შემდეგ, აღმართებზე ასვლა არც ეტლს და არც ურემს არ შეეძლო.

ვერაფრით დადგომია საშველი ვერც მამადავითის ეკლესიამდე მისასვლელი გზის დაგებას, რომელზეც ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი ზაფხულსა და შემოდგომაზე, უამრავი ადამიანი გადაადგილდებოდა. 1899 წელს ქალაქის გამგეობას გადაუწყვეტია, „ქალაქმა მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა შეაკეთოს ამ გზისაო, ხოლო მეორე ნაწილის შეკეთება ხაზინისა და ეკლესიის საქმეაო“.

ტფილისელთა გასახარად, პერიოდულად, ოპტიმისტური ცნობებიც ჩნდებოდა. მაგალითად, როგორც ცნობილია, 1890 წლისთვის თბილისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყოფილა დაგეგმილი, რომელთა, ფარგლებშიც 50-ზე მეტი ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ რეაბილიტაცია სდომებიათ. „როგორც კი ქალაქის გამგეობა ქალაქის საბჭოსგან მიიღებდა ნებართვას“, ეს საქმე იჯარით უნდა გაეცათ, თუმცა  მოუწესრიგებელი ქუჩების შესახებ დაუბოლოებელი საჩივრები 1890 წლის შემდეგაც ყოველდღიურად ისმოდა.

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1902 წ.

ყველაფერთან ერთად, ამ კუთხით ქალაქში არსებული ვითარება პირდაპირ იყო დამოკიდებული მეტეოროლოგიურ პირობებზე. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი გაწვიმდებოდა, ტფილისის ქუჩები საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

„ვისაც უნდა უტყუარად დააფასოს ღირსება ტფილისის თვით-მართველობისა, ცუდს არ იზამს, რომ სხვათა შორის, მხედველობაში მიიღოს, თუ რა მდგომარეობაშია ხოლმე ჩვენი ქუჩები ავდარში“, – აღნიშნავდნენ ქალაქის ბედით, უფრო სწორად კი უბედობით შეწუხებული ტფილისელები და იქვე დასძენდნენ, რომ ქუჩები ისეთ ყოფაში იყო, „ძაღლიც არ გაიგდებოდა გარეთ“, თუმცა მოსახლეობა ძალაუნებურად „დაატყლაპუნებდა ქუჩა-ქუჩა, მუხლამდე მორევში – ტლაპოს ვერ ასცდენია არა თუ მივარდნილი ადგილები და მოედნები, სადაც ცოცხალი ვერ გააღწევ თავსა, არამედ თვით აგრეთ წოდებული საუკეთესო ქუჩები სოლოლაკისა, მიხეილის ქუჩა… გოლოვინის პროსპექტი ისეა მოთხვრილი, რომ ერთი სუფთა ადგილი არსად გადარჩომილა. თვით ტროტუარებიც-კი ტლაპოთი არის გაჭედილი“.

ამ თვალსაზრისით, ქალაქში ვითარება არც XIX საუკუნის პირველ ნახევარში ყოფილა უკეთესი. როგორც საკუთარ ნაშრომში „40-იანი წლების თბილისი“ იმ ეპოქის ერთ-ერთი ცნობილი სამხედრო, სტეფანე ქიშმიშევი წერს, „ერივანსკის მოედანს უწინ არც ქვაფენილი ჰქონდა, არც ტროტუარები, და პატარა წვიმის დროსაც კი გაუვალ ტალახად იქცეოდა ხოლმე. ქალაქის ყველაზე ტალახიან ნაწილად ითვლებოდა ადგილი სასულიერო სემინარიის წინ, სადაც აუშრობელ გუბეებს შეეძლოთ შთაენთქათ ყველაზე გაბედული გამვლელებიც კი. უხუცესები ყვებიან, რომ 1837 წელს, იმპერატორ ნიკლოზ I-ის ტფილისში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით თავადაზნაურობამ სემინარიაში „ბალი“ მოაწყო. იმ დღეს წვიმდა და რადგან ეტლები მაშინ ცოტა იყო, მოწვეულები იძულებულნი იყვნენ, ფეხით მისულიყვნენ; რა თქმა უნდა, ისინი მეჯლისზე უკვე ისეთ მდგომარეობაში მიდიოდნენ, რომ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ ტალახის ჩამოსაწმენდად და თავის წესრიგში მოსაყვანად“.

40-იან წლებში „კიდევ ჰო“, მაგრამ ვითარება მომავალშიც რომ არ შეიცვალა, ამას კი ვერაფერით ამართლებდნენ ტფილისელები, რომლებსაც ქალაქის ქუჩებში არსებულ ამგვარ მდგომარეობასთან უწევდათ შეგუება, მით უფრო, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და ქალაქში გადაადგილებისა თუ ტვირთის გადაზიდვის სირთულე ნეგატიურად აისახებოდა საქმიანობის სხვადასხვა სფეროზეც:

„…ქუჩის უსწორ-მასწორობა სწორედ მიუტევებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ქალაქის პატრონებს, ვინაიდგან ამ ქუჩაზედ ყოველ დღე დიდი მოძრაობაა ეტლებისა. ისე დღე არ დაღამდება, რომ ასმა და ორასმა ურემმა, ფაეტონმა და დროგმა არ გაიარ-გამოიაროს ხოლმე ამ გზაზედ. მართალია, ერთი ნახევარი ამ ქუჩისა მოუკირწყლავთ, მაგრამ ამისთანა მოკირწყვლას სულ რომ თავი დაენებებინათ, ისა სჯობდა და აი რათა: იმ ადგილას, სადაც მოკირწყვლა შეუჩერებიათ, ქუჩა ძალზედ ამაღლებულია, ხოლო მეორე პირი-კი ძირს დაწეული, ასე რომ, როდესაც ეტლი იქნება თუ ურემი ავლაბრისკენ მიდის, ისე ჩაეხეთქება ხოლმე, რომ ლამის სულ მთლად დაიმტვრეს. უფრო დიდი უბედურება ავლაბრის მხრიდგან მომავალ მეურმეებს ემართებათ – მოედება ხოლმე ურმის თვლებს ქუჩის მაღლობი – ჩამწკრივებული ქვები და ხარ-კამეჩსაც უჭირდება ურმის ამოთრევა“.

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1904 წ.

ავლაბრის ხსენებისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ქუჩა, უფრო სწორად კი აღმართი, რომელსაც, მრავალი თვალსაზრისით, ქალაქისთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა, მიზეზთა და მიზეზთა გამო, მასზე სიარული თბილისელთათვის მომეტებულ საფრთხეს შეიცავდა.

საუბარია ციციანოვის, შემდეგში კალიაევის, XX საუკუნის 40-იანი წლებიდან – დღემდე კი ბარათაშვილის აღმართზე.

„უზარმაზარი ცრემლიანი კლდე კი, რომელიც აღმართზეა გაჭიმული, წინათ გაუჭრელი ყოფილა“, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედამდე კი აღმართზე ისეთი საცალფეხო ბილიკი გადიოდა, ორი კაცი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევდაო. იოსებ გრიშაშვილის ცნობით, აღმართზე პირველი ბილიკი ფარსადან ციციშვილს გაუყვანია, რომელსაც ამ მიდამოებში მამულები ჰქონია – „ფარსადან ციციშვილს ბილიკის გასაჭრელად თავისი ყმები გამოუყვანია და რადგან ძნელი სამუშაო იყო, მთელ დღეს დაფა-ზურნას აკვრევინებდა, რათა მუშებში ხალისი გამოეწვია“.

1884 წლიდან ძველ ქართულ პრესაში აქტიურად ჩნდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის გამგეობა „რიყიდამ გზის აყვანას შეუდგა ავლაბარში“. ეს გზა, რომელიც „სჭრის ავლაბრის მაღალი კლდის შუაწელსა, ქამარივით ევლება ამ კლდეს და გადის ზედ ავლაბრის შუა-გულში, სახეირო და საადვილო“ უნდა გამოსულიყო: „გზა იქნება, როგორც ეტყობა, კარგა განიერი და ფართო. სიგანე იმოდენა იქნება, რომ ურემსა და ფაეტონს გაევლება. დასაქნებელი ადგილები თითქმის არსად არ ექნება“.

აქვე ერთი საინტერესო გარემოებაც:  ამ გზის მშენებლობაზე ის ტუსაღები ყოფილან დასაქმებული, რომლებიც სასჯელს მსუბუქი დანაშაულის გამო იხდიდნენ – „მაშასადამე, გაქცევის შიში არ არის“. მიუხედავად ამისა, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, გზის გაყვანა საკმაოდ ხარჯიანი საქმე გამომდგარა.

ამ დროიდან მოყოლებული, ციციანოვის აღმართზე ხშირად „დიდრონი ქვები ცვიოდა კლდიდამ“, რის გამოც ქალაქის გამგეობას ეს გზა მუდმივ თავის ტკივილად ექცა. მართალია, მუშები „თოკებით ადიოდნენ კლდეზე და რაც საეჭვო ქვები იყო ამტვრევდნენ“, ასევე, „სიტუაციას აკონტროლებდა“ სპეციალურად ამ აღმართზე მიმაგრებული ინჟინერიც, თუმცა „ქვის ზვავებს“ ბოლო არ უჩანდა…

რაღაც ეტაპზე, ქვათაცვენის შესაჩერებლად, შესაბამის სამსახურებს სპეციალური ხის კედელი აღუმართავთ, თუმცა 1900 წელს, ტფილისის პოლიცმეისტერის თანამდებობის აღმასრულებელს ქალაქის მოურავისთვის უცნობებია: „რიყის ქუჩაზე მცხოვრებთ შიში მოელით იმ ხის კედლისაგან, რომელიც ციციანოვის აღმართთან არის გამართული ქვების შესამაგრებლადაო. კედელი გადმოხრილა თურმე და ეშინიანთ, სულ არ გადმოინგრესო“.

როგორც ჩანს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არც გასულ რამდენიმე ასწლეულში ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე. ამ კუთხით დიდად არც ახლა ვბრწყინავთ, რისი უტყვი მოწმეებიც ჩვენი ქალაქის გზები არიან.

და მიუხედავად იმისა, რომ ძველ თბილისში, რომელიც, ყველაფერთან ერთად, კავკასიის ვაჭრობის ცენტრიც იყო, სადაც სხვადასხვა კუთხიდან საქონლით დატვირთული ტრანსპორტით უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, შესაბამისად, გამართულ გზებს და ხარისხიანად მოკირწყლულ ქუჩებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, არათუ ძველი რომაელებივით სანიმუშოდ აგებდნენ გზებს, არამედ მათი ხარისხი ქართული პრესის უბრალო კრიტიკასაც კი ვერ უძლებდა.