გერმანიის ფინანსთა სამინისტრო კორონავირუსის კრიზისიდან ევროპის გამოყვანის ფრანგულ–გერმანული ინიციატივის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციაში მიმოხილულია კრიზისის შედეგად გამოწვეული პრობლემები და გზები, რომლითაც ევროპამ ეკონომიკური აღდგენა უნდა დაიწყოს.
შექმნილი ვითარება ევროპის ისტორიაში უპრეცედენტოა. არ დარჩა ადამიანი, სამუშაო ადგილი და ბიზნესი, რომელსაც გლობალური შოკი არ მიუღია.
“მაშინ როდესაც ჩვენი საზოგადოებები და ეკონომიკები იმ გზების პოვნის პროცესში არიან, რომლითაც ისინი კარანტინიდან უნდა გამოვიდნენ, გაურკვევლობა კვლავ ძალიან დიდია. თუმცა, ჩვენი მიზანი ნათელია: ევროპა გადაიტანს ამ კრიზისს ერთად და გამოვა უფრო ძლიერი ვიდრე ადრე იყო. მდგარდი აღდგენის მისაღწევად ევროკავშირისთვის საჭიროა ჩვენი ერთობლივი მცდელობები. ჩვენ საფრანგეთი და ერმანია სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას ევროკავშირისთვის და დავეხმარებით მას ამ კრიზისიდან გამოსვლაში“, – წერია ინფორმაციაში.
საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ზომების მიღება:
- ჯანმრთელობის საკითხების სტრატეგიის შემუშავება ევროკავშირის “ჯანდაცვის სტრატეგიასთან“ ერთად. ასევე ევროპის შესაძლებლობების გაზრდა გამოიკვლიონ და შექმნან ვაქცინა და სამკურნალო საშუალებები. შეიქმნას საერთო სტრატეგიული მარაგები სამედიცინო პროდუქტის, მათ შორის დამცავი აღჭურვილობის, ტესტების. ამ პროდუქტების ევროკავშირში წარმოების წახალისება და ა.შ.
- ამბიციური “აღდგენის ფონდის“ შექმნა ევროკავშირის დონეზე სოლიდარობისა და ზრდისთვის. აღნიშნული ფონდი უზრუნველყოფს 500 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებას, რომელიც უნდა მოხმარდეს დაზარალებულ სექტორებსა და რეგიონებს.
- მწვანე და ციფრული განვითარების დაჩქარება. ახლა დროა ევროპული ეკონომიკის და მისი ბიზნეს მოდელების მოდერნიზაციის დაჩქარება.
- ევროკავშირის ეკონომიკური და ინდუსტრიული მედეგობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება და საერთო ბაზრისთვის ახალი იმპულსის მიცემა. ამ კუთხით მიწოდების ქსელების დივერსიფიცირების მხარდაჭერა და ინდუსტრიული სტრატეგიის განახლება, ასევე, შენგენის ზონის სრული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
შეგახსენებთ, ორთვიანი განხილვების შემდეგ, საერთო ევროპული ფისკალური ზომები პანდემიასთან ბრძოლისთვის ნელ-ნელა ფორმირდება. საფრანგეთმა და გერმანიამ 500 მილიარდი ევროს მოცულობის “აღდგენის ფონდის“ შესახებ გუშინ განაცხადეს, რომლის ფარგლებშიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებსა და რეგიონებს გრანტებს შესთავაზებენ. აღნიშნული თანხები ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ფინანსური ჩარჩოს ნაწილი იქნება და ის დაფინანსდება იმ ბონდებით, რომლებიც ევროკომისიას აქვს გამოშვებული.