ავტომობილების სავაჭრო პლატფორმა Autolist.com-ზე ახლახან ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში დასმულ შეკითხვას, რომელ ელექტროპიკაპს შეიძენდნენ დიდი ალბათობით, მომხმარებელთა უმეტესმა ნაწილმა, 38%-მა, Ford-ის F-150 Lightning-ის არჩევით უპასუხა. ცნობისთვის, აღნიშნული მანქანის გაყიდვა მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
გამოკითხვაში მეორე ადგილი Chevrolet-ს ელექტროპიკაპმა, Silverado Electric-მა დაიკავა, რომლის დებიუტიც, გეგმის მიხედვით, 2022 წლის 5 იანვარს შედგება. აღსანიშნავია, რომ მისი შეძენის სურვილი გამოკითხულთა 26%-მა გამოთქვა. კომპანია Tesla-ს ელექტროპიკაპი Cybertruck-ი მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა, ვინაიდან მასზე არჩევანი გამოკითხულთა მხოლოდ 20%-მა შეაჩერა. წინასწარი ინფორმაციით, ამ მანქანის კომერციული წარმოება 2022 წლიდან დაიწყება. მეოთხე და მეხუთე ადგილზე, შესაბამისად, 11%-ითა და 5%-ით GMC-ის Hummer Pickup-ი და Rivian-ის R1T გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ Autolist.com-ზე ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 1,100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომლებსაც მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში მანქანის შეძენა სურდათ. მიზანი მათი ინტერესის შეფასება და ელექტროპიკაპების მზარდ სეგმენტზე ინფორმაციის მიღება იყო. გამოკითხვაში მონაწილეებს მხოლოდ იმ ავტომობილების დასახელება შეეძლოთ, რომელთა წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია, ან რომელთა დებიუტის თარიღიც ოფიციალურად არის გაჟღერებული. აქედან ერთადერთი მანქანა, რომლის მასობრივი წარმოება უკვე დაიწყო, Rivian-ის R1T-ია.
უნდა ითქვას, რომ Ford-ის F-150 Lightning-ი პოპულარობით მყიდველთა ძირითად ჯგუფებში ლიდერობს. ის რჩეულად დაასახელეს პირებმა, რომლებსაც ელექტრომობილი ჰყოლიათ, ახლა ჰყავთ ან პირველად ყიდულობენ, ასევე პიკაპი აქამდე ჰყოლიათ, ამჟამად ჰყავთ ან პირველად ყიდულობენ. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ მან გამოკითხვაში ლიდერობა თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და შემოსავლის დონეზე მოიპოვა. Ford-ის ინფორმაციით, მოცემული დროისთვის კომპანიას F-150 Lightning-ის 160,000 მოდელის წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული.