შვედური კომპანია Volvo Cars-ი ინვესტიციას ახალ პროექტში ახორციელებს, რომლის მიზანიც ავტომობილების წინა საქარე მინის მთლიანად დისპლეიდ გადაქცევაა. ამის შესახებ ინფორმაცია მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით კომპანიამ 2018 წელს ფონდი Volvo Cars Tech Fund-ი დააარსა. მისი დახმარებით მწარმოებელი თანხებს ისეთ სტარტაპებში დებს, რომლებიც ავტონომიური მართვის სისტემის, ელექტროტრანსპორტირებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობენ. Volvo Cars-მა ერთ-ერთი ბოლო ინვესტიცია ისრაელში დაფუძნებულ კომპანია Spectralics-ში განახორციელა. სწორედ ის დაეხმარება ავტომწარმოებელს, საკუთარი მანქანების მთელი წინა საქარე მინა ეკრანად გადააქციოს.
უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ავტოინდუსტრიაში მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვაზე არაერთი კომპანია მუშაობს, თუმცა ამჟამად ხელმისაწვდომი ეკრანები ხარჯების დაზოგვის მიზნით ან იმის უზრუნველსაყოფად, რომ მძღოლებს ყურადღება არ გაეფანტოთ, საკმაოდ მცირე ზომისაა.
როგორც ცნობილია, Volvo Cars-ის ახალი დისპლეი მძღოლებს მხოლოდ საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. მაგალითისთვის, ავტომობილის წინა კამერების ეკრანთან დაკავშირების შემთხვევაში გზაზე არსებული მოძრაობის მოსაწესრიგებელი ნიშნების დასკანირება და დაბრკოლებების გამოვლენა იქნება შესაძლებელი. მათი დისპლეიზე თვალნათლივ გამოტანა მძღოლს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ უბიძგებს.