რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  სექტორში გლობალურად?

რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  სექტორში გლობალურად?

ერთწლიანი დრამატული აღდგენის შემდეგ, საინტერესოა, რა მოახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ბაზარზე 2022 წელს. ანალიტიკოსი საიმონ ფლაუერსი ხუთ მნიშვნელოვან თემას და მასთან დაკავშირებულ რისკებს განიხილავს Wood Mackenzie-სთვის მომზადებულ სტატიაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

არსებობს თუ არა გამოსავალი ენერგეტიკული კრიზისიდან?

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები ევროპასა და აზიაში კატასტროფულად გაიზარდა. ევროპის ელექტროენერგიის ბაზრები მოვლენათა მსგავსი განვითარების გამო დაზარალდნენ – ბუნებრივი აირის მაღალ ფასებს სისტემის მოუქნელობა დაემატა, რომელიც გამოწვეულია სიმძლავრის შემცირებით, ელექტროსადგურების შეზღუდული ხელმისაწვდომობით, დაბალი წარმადობის ჰიდროელექტროსადგურებითა და განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ ნელი ტრანზიციით. სავარაუდოა, რომ მკაცრი ზამთარი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების უკვე რეკორდულ დონეს კიდევ უფრო  აამაღლებს.

გაზაფხულზე ფასები დაიკლებს, მაგრამ ბუნებრივი აირის ბაზარი სტრუქტურულად უფრო შემჭიდროებული დარჩება, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. ნაკლები სანქცირებული პროექტი ნიშნავს, რომ ახალი LNG-მიწოდება 2022 წლიდან 2025-მდე წელიწადში საშუალოდ  მხოლოდ 12 MT იქნება, ანუ ნახევარზე ნაკლები, ვიდრე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სავარაუდოა, რომ LNG-ის ფასები ევროპასა და აზიაში 2015- 2020 წლის ფასებთან შედარებით გაორმაგდება მანამდე, ვიდრე 2026 წელს მიწოდების ახალი წყარო შემოვა.

ევროპული ელექტროენერგიის ფასები ასევე კრიზისამდე არსებულ დონეზე მაღალი დარჩება. ძირითადი პრობლემა მოქნილობის არარსებობაა. მსოფლიოს სხვა ბაზრები იმავე გამოწვევის წინაშე დგანან და პასუხი მდგომარეობს მოქნილ ტექნოლოგიებში, მათ შორის – რეზერვების შექმნაში.

საინტერესოა, რა რისკებს წარმოშობს ენერგიის გაზრდილი ფასები? მოთხოვნის მკვეთრი კლება და ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მაღალი ფასები ეკონომიკების აღდგენის პროცესს აფერხებს. ამასთან, ქმნის არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის, როგორც საიმედო, სტაბილური ენერგიის წყაროების აღქმა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

დაიწყება თუ არა ლითონების ბაზარზე ახალი სუპერციკლი?

მეცნიერების ვარაუდით, ეკონომიკის გამოცოცხლება და აღდგენის მაღალი ტემპები 2022 წელსაც გაგრძელდება. სავარაუდოა, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2022 წელს 4%-ის ფარგლებში იქნება, 2021 წლის 5.5%-იანი ზრდის შემდეგ. ეკონომიკის გამოცოცხლებამ, განსაკუთრებით კი საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, მიწოდების ჯაჭვში პრობლემები გამოიწვია. ენერგიასა და ლითონებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა.

სავარაუდოდ, მეტალების სუპერციკლი მოდის, მაგრამ – ჯერ არა. ტრანსფორმაციულ გარდამავალ მოთხოვნას, რომელიც გამოიწვევს ლითონის ბაზრების სტრუქტურულ გამკაცრებას და მაღაროების მიწოდებაში მასიურ ინვესტიციებს, რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. მოკლევადიან პერსპექტივაში, ბაზრები სიჭარბისკენ იქნებიან მიდრეკილნი.

რა რისკები შეიძლება არსებობდეს ლითონების ბაზარზე? Omicron-ის გავლენა არის შეხსენება, რომ Covid-19-ს  ეკონომიკური კრიზისის განმეორებით გამოწვევა შეუძლია. ფედერალური სარეზერვო სისტემა ამცირებს QE-ს საპროცენტო განაკვეთს და ზრდის ინფლაციის სავარაუდო ნიშნულს (ნულიდან 2%-მდე წლის ბოლომდე). ძირითადი ლითონების მუდმივი მაღალი ფასები ანელებს ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკების განვითარებას.

გაიზრდება თუ არა ნავთობის ფასი ბარელზე 100 აშშ დოლარამდე?

2022 წელს ნაკლებად სავარაუდოა, ბარელი ნავთობის ფასმა  $100-ს მიაღწიოს. OPEC+-ის ქვეყნებზე დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს ბაზარი წონასწორობის მდგომარეობას დაუბრუნდება. მოთხოვნა ყოველდღიურად 4.5 მილიონი ბარელით იზრდება და უბრუნდება პანდემიამდელ დონეს – 100 მილიონ ბარელს დღეში, მაშინ როდესაც მიწოდება 4.8 მილიონი ბარელით იზრდება და მისი დაახლოებით ნახევარი OPEC+ ქვეყნებიდან მოდის. დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი საშუალოდ $70-ს გაუტოლდება, რაც ოდნავ დაბალია 2021 წლის ფასზე.

რისკები? კორონავირუსი – 2021 წლის დღიური მოთხოვნა თითქმის 0.1 მილიონი ბარელით შემცირდა კოვიდისა და მისი ვარიანტების გამო. ოპეკის პოლიტიკა – ნაკლებსავარაუდოა, რომ ირანს სანქციები 2022 წელს მოიხსნება, მაგრამ 1 მილიონი ბარელი/დღეში ნედლი ნავთობი შეიძლება ბაზარზე რამდენიმე თვეში დაბრუნდეს. გეოპოლიტიკა – რუსეთი/უკრაინა, ჩინეთი/ტაივანი და ბელარუსი/პოლონეთი/ევროკავშირი ის პოტენციური ქვეყნებია, რომლებმაც შესაძლოა, ბაზარზე დაძაბულობა გამოიწვიონ.

გაიზრდება თუ არა ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში?

ინვესტიციები განახლებად ენერგიაში უკვე ძლიერი აღმავალი ტრენდით ხასიათდება და სავარაუდოა, რომ 2022 წელს მზის ენერგიის სიმძლავრე გლობალურად 17%-ით გაიზრდება, ხოლო ქარის ენერგიის გამოყენება – 11%-ით. ნავთობისა და გაზის ზედა დინებაში ხარჯები გაიზრდება დაახლოებით 9%-ით და $400 მილიარდს გადააჭარბებს. დეკარბონიზაციის ოპერაციები ყველა სექტორში პრიორიტეტული ხდება. ერთ-ერთი მაგალითია Rio Tinto, რომელმაც 2022 წელს პირველად გამოყო $0,5 მილიარდი (დანახარჯების 6%) ოპერაციების დეკარბონიზაციისთვის და მიზნად ისახავს 2030 წლამდე ყოველწლიურად ორჯერ მეტი დახარჯოს. ყველაზე ნაკლებპერსპექტიულად  2022 წელს ლითონები და მაღაროები მიიჩნევა.

რა რისკები შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით? მაღალი დანახარჯები განახლებადი ენერგიის ინვესტიციებისა და ზრდის ტემპს ამცირებს. ძირითადი მოთამაშეების მიერ, დამოუკიდებელი და კერძო კომპანიების განახლებად წყაროებში არასაკმარისი ინვესტიციები უთმობს საბაზრო წილს NOC-ებს და ზრდის ნავთობისა და გაზის ფასების ცვალებადობის ალბათობას ათწლეულის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აძლიერებს თავის დომინანტ პოზიციებს ძირითადი ლითონების მიწოდების ჯაჭვებში.

შეამცირებს თუ არა მზარდი ხარჯები ნახშირბადის ემისიებს?

COP26-ის წარმატება, განსაკუთრებით მე-6 მუხლი და სხვადასხვა წმინდა ნულოვანი დაპირება ახალ შესაძლებლობებს ქმნის საჭირო პოლიტიკის მხარდაჭერისა და ინვესტიციების წახალისებისთვის. შეერთებულ შტატებში ეს მოიცავს აშშ-ის 45Q საგადასახადო კრედიტს ნახშირბადის დაგროვებისა და შენახვისთვის და ემისიებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს მწვანე წყალბადის ენერგიის წილის ზრდას. 200-მდე სხვადასხვა  ტექნოლოგია განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. მათ შორის მნიშვნელოვანია მზის, ხმელეთისა და ოფშორული ქარის ელექტროსადგურები, რომლებსაც მასშტაბის გასაძლიერებლად უკვე შეუძლიათ დიდი კაპიტალის მოზიდვა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ელექტრომობილებისა და EV-ბატარეების ინდუსტრიაც. საკმაოდ დიდ ყურადღებას იპყრობს წყალბადის ენერგიის გამოყენება.

რისკები: მიწოდების ხარჯებისა და ხელფასების ზრდა, მიწოდების ჯაჭვის გამოწვევები და ლოგისტიკა აფერხებს დაბალი ნახშირბადის შემცველი ტექნოლოგიების გავრცელებას და განვითარებას. ელექტროლიზების წარმოების სიმძლავრე, რომელიც უკვე სწრაფად იზრდება, წყალბადი ექსპონენციალური ზრდისთვის იბრძვის.

https://www.woodmac.com/news/the-edge/big-themes-in-2022-for-energy-and-natural-resources/