A.T Kitchen | იმოგზაურე ევროპაში ქვეყნიდან გაუსვლელად

A.T Kitchen | იმოგზაურე ევროპაში ქვეყნიდან გაუსვლელად

მაშინ, როდესაც პანდემიის წელს, ქვეყანა და მთელი მსოფლიო წარმოუდგენელი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, „ამბასადორს“ ახალ პროექტებზე მუშაობა არ შეუჩერებია. კომპანიამ საავტორო სამზარეულო შექმნა და ახალი რესტორანიც გახსნა, რომელიც მომხმარებელთა მრავალფეროვან გასტრონომიულ სურვილებს პასუხობს. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი პროექტი, რაზეც „ამბასადორმა“ ბოლო ერთ წელიწადში იმუშავა. Forbes Georgia „ამბასადორის“ გასტროპროექტების  მარკეტინგის მენეჯერს, მარიამ გოგოჭურს ესაუბრა.

მარიამ,ამბასადორმა“ ახალ რესტორანში ინვესტიციის განხორციელება  პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა. რატომ?

Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე.  ჩვენც გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, შესაბამისად, დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდით. თუმცა, მიუხედავად დიდი შიშისა და სირთულეებისა, ჩვენი გუნდი არც ერთი წამით არ გაჩერებულა. შესაბამისად, პანდემიამდე დაწყებული მოლაპარაკება და ის ახალი პროექტი, რომელსაც ახლა უკვე A.T Kitchen-ი ჰქვია, მთელი  ამ ხნის განმავლობაში ვითარდებოდა.

ქვეყანას ყველაზე მეტი მხარდაჭერა სწორედ კრიზისულ პერიოდში სჭირდება, მათ შორის ბიზნესსექტორისგანაც.  სწორედ ამიტომ გადაწყდა პანდემიის დროს ახალი ინვესტიციის განხორციელება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

ზოგადად, მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი პროფილი ტურიზმია, რომელმაც პანდემიისას ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. სტრესულ გარემოში ახალი პროექტის დაწყება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, თუმცა ჩვენი გუნდის წყალობით შევძელით, შექმნილ რეალობას სწრაფად მოვრგებულიყავით და ახალი მოთხოვნები გაგვეთავისებინა. მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ  იმისთვის, რომ ერთად შეგვექმნა „ამბასადორის“ ახალი გასტროპროექტი, A.T Kitchen-ი.

რით არის გამორჩეული ეს რესტორანი სხვებისგან? ვინ არიან მისი ძირითადი მომხმარებლები?

ჩვენი მთავარი უპირატესობა ხარისხია, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ვუფრთხილდებით.

კონცეფციის შემუშავებისას ბევრი ვიფიქრეთ ამ თემაზე, ჩვენი მიზანი ისეთი ადგილის შექმნა იყო, სადაც ნებისმიერ ადამიანს მოუნდებოდა მოსვლა და გემრიელად ვახშმობა, ან დილით საუზმე, სამხარი, ლანჩი.

A.T Kitchen-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, ერთ დღეში იმოგზაუროს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ადგილიდან დაუძვრელად. ჩვენი შეფი ახალგაზრდა პერფექციონისტია, რომელიც ქმნის Comfort Food-ს, ყველასთვის მისაღებს და გასაგებს, რასაკვირველია, ინდივიდუალური ხელწერით და მაღალი პროფესიონალიზმით. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ, დილა დაიწყოთ საუზმით,  წარმართოთ საქმიანი მოლაპარაკებები ლანჩის დროს, მობრძანდეთ ოჯახთან ერთად და გემრიელად ივახშმოთ.

რა ფაქტორი განაპირობებს თქვენს მაღალ ხარისხს?

ინგრედიენტები, რომლებითაც შეფის მიერ ღია სამზარეულოში გასტროპერფორმანსები იქმნება, სტუმარმასპინძლობა, ურთიერთობა, ატმოსფერო – ყველაფერი ეს განაპირობებს  ხარისხს,  რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (პრიორიტეტულია)

ჩვენთან მენიუ მუდმივად ახლდება. მისი  ხასიათი იცვლება შეფის ფანტაზიის, სეზონის მიხედვით. შეფი ალექსანდრე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ინგრედიენტებს და მათ ხარისხს, რითაც ქმნის ჩვენს საავტორო კერძებს. გვყავს მომწოდებლები როგორც ადგილობრივი ფერმებიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კომპანიებიდან.

A.T Kitchen-ის გარდა კიდევ ხომ არ გეგმავთ ახალი გასტროპროექტის შექმნას?

სულ მალე კიდევ ერთი ახალი პროექტის კარი გაიღება აქ,  თბილისის „ამბასადორში“. ახლა უკვე ნამდვილი ქართული სულით და ხასიათით. ინტერიერში  წარმოდგენილი იქნება თბილისური არტ ნუვოს ელემენტები და მე-19 საუკუნის სალონური გარემო.

„ქართული“  გახდება საყვარელი ადგილი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. ამას განაპირობებს მისი მყუდრო გარემო, საუცხოოდ გემრიელი ქართული სამზარეულო და თბილი ქართული სტუმარმასპინძლობა.

დაბოლოს, მინდა გკითხოთ გამოწვევებზეც. ვიცით, რომ პანდემიამ სარესტორნო ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. ბევრი რესტორანი დაიხურა. თქვენი აზრით, რა არის მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც ეს ბიზნესი დგას საქართველოში?

როგორც იცით, დღეს ამ სექტორის 60% ფაქტობრივად ვეღარ არსებობს, ხოლო დანარჩენი 40% კაბალურ პირობებში თვითგადარჩენას და ფეხზე წამოდგომას ცდილობს. ურთულესი მდგომარეობაა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სფერო ამ მძიმე კოლაფსიდან გამოსვლას მალე შეძლებს.

ტურიზმის მსგავსად განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას, რომლის თავიდან შენება ბიზნესმენთა უმრავლესობას უწევს. ჩვენს სფეროში გადარჩენის ერთადერთი გზა სწრაფი რეაგირება და გარემო პირობებზე სწორად მორგებაა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ახლა მთავარი გამოწვევა.