ABD-ისა და „საქართველოს კაპიტალის“ პარტნიორობით რეგიონში უდიდესი, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია მოხდა

ABD-ისა და „საქართველოს კაპიტალის“ პარტნიორობით რეგიონში უდიდესი, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია მოხდა

აზიის განვითარების ბანკისა (ABD) და სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლობით, რეგიონში ყველაზე დიდი, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია მოხდა. ცნობისთვის, კერძო სექტორის მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებში ABD-მა ინვესტიცია პირველად განახორციელა.

„საქართველოს კაპიტალმა“ ჯამში $150 მილიონის ხუთწლიანი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა, რაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი სავალო ვალდებულებაა. რაც შეეხება რეგიონისთვის უდიდეს მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებს, ABD-ი მათში $16 მილიონის ინვესტირებას გეგმავს, მიღებული თანხა კი განახლებადი ენერგიისა და განათლების მიმართულებით ინვესტიციების რეფინანსირებას მოხმარდება.

ABD-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, სიუზან გაბურის განცხადებით, ინვესტიცია ბანკის წევრი განვითარებადი ქვეყნების კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის განხორციელებული მხარდაჭერის ნაწილია. გაბურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დიდი მოცულობა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში კლიმატთან დაკავშირებული მეტი ობლიგაციის გამოშვებას წაახალისებს.

ცნობისთვის, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაცია მოწინავე სასესხო ინსტრუმენტია, კლიმატთან დაკავშირებული მიზნები აქვს და საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით გაიცემა. ემისია კრიტიკულად მნიშვნელოვანია „საქართველოს კაპიტალისთვის“, რომელსაც 2050 წლისთვის ოპერაციების ნულოვან ემისიაზე გადაყვანა სურს.

გარდა ამისა, „საქართველოს კაპიტალს“ 2027 წლისთვის, 2022 წელთან შედარებით სათბური ემისიების 20%-ით შემცირებაც სურს, რაც საქართველოს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში დაეხმარება – 2030 წლისთვის, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, სათბური აირების ემისიების 35%-ით შემცირება.

ტრანზაქციამ საქართველოში გამოშვებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი $83 მილიონის კერძო სექტორის ინვესტიცია მოიზიდა.