„აბრაგუნე“ – ნამდვილი ტფილისური ბოჰემა

„აბრაგუნე“ – ნამდვილი ტფილისური ბოჰემა

სამიკიტნოები ტფილისში მრავლად იყო. ძველი თბილისელი მხატვრების, მათ შორის ნიკალას ნახატებით გაფორმებულ, ძირითადად, ორიგინალური დასახელებების დაწესებულებებში მიკიტნები მაგარ სასმელს, ღვინოს და „ღვინის შესატანებელსაც“ ჰყიდდნენ.

ქალაქის სამიკიტნოები იყო ტფილისის მუშა ხალხის, ხელოსნების, წვრილი ვაჭრების „გულის გასაგრილებელი“ და „დროების სატარებელი“ ადგილები, სადაც „ყარაჩოღელი ბოჰემისტები ლოთობდნენ და უკანასკნელ გროშამდე სტოვებდნენ“.

„გასაკვირველად უყვარს ქართველ ხალხს ქეიფი და მოსვენება: ნემეცების კალონიით მუშტაიდისაკენ რომ მიდიხარ, თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხედავ ბაღებსა თუ დუქნებს და თუ სამიკიტნოებს, სადაც უანგარიშო ხალხი დამსხდარა და ქეიფობს, ყველგან სიმღერა და ზურნა, ყველგან ღვინის სმა და ფულების ფანტვა.

ეს მოქეიფე და ფულის მფლანგავი ხალხი მდიდრები, უსაქმო ხალხი კი არ არის: ესენი არიან ხელოსნები, წვრილი ვაჭრები, მშრომელი ნაწილი ტფილისის მცხოვრებლებისა.

შეჰხედეთ ამათ, რა უდარდელად, რა წრფელის გულით ქეიფობენ და ატარებენ დროებას. იქნება გაჰკიცხოთ ამ ხალხის ამ გვარი ცხოვრება, მაგრამ ამასთანავე შურიანის თვალით არ დაუწყოთ ყურება ამათ უზრუნველ ცხოვრებას.

შეჰხედეთ რა თავისუფლად, რა არხეინად სხედან და მღერიან, სმენ, ბაასობენ, მახვილობენ, მასხარაობენ, იცინიან, იგინებიან. ეს შავ-თვალა, მხნე, რაინდი, თავისუფლად გამომხედვარე ხალხი – უბრალო მუშები, წვრილი ვაჭრები და მოსამსახურეები კი არა, ვიღაც დიდი კაცები გეგონებათ, ისე არიან ჩაცმულნი და ისე მედიდურად გამოიყურებიან…“, – წერდა გაზეთი „დროება“ 1882 წელს.

სევდის გასაქარვებლად სამიკიტნოებს რომ მიმართავდნენ და „შეიქნებოდა ბახუსის ტრფიალი“, ზოგჯერ ხანჯლების ტრიალსაც ატეხდნენ და უბედურებას დაატრიალებდნენ. „ივერიას“ თუ დავუჯერებთ, ტფილისურ სამიკიტნო დუქნებს ზოგჯერ ქალებიც სტუმრობდნენ და „მოქეიფე კაცებსა და დედაკაცებს შორის ხშირად საშინელი ჩხუბი და ცემა-ტყეპა ატყდებოდა“. ქალაქში იმაზეც წუხდნენ, ზოგიერთი სამიკიტნო ცუდ-კაცობის და ყომარ-ბაზობის ბუდედაა ქცეული და ახლო-მახლო მცხოვრებლებს მოსვენებას არ აძლევენო.

ტფილისისთვის არც მიკიტანთა მხრიდან დამნაშავეთა, ყაჩაღად გავარდნილთა და ციხიდან გაქცეულთა შეფარება და დამალვა იყო უცხო.

საერთოდაც, ტფილისელი მიკიტან-მედუქნეები თავისებური ხალხი უნდა ყოფილიყო, მით უფრო ნაყარაჩოღლარი მედუქნეები, ხშირად თავზეხელაღებულ, დამრტყმელ კაცებად რომ ჩანდნენ.

„იყო ეგეთი „შავი ვანო“, რომელსაც მტკვრის გადმოღმა, ხევში ჰქონდა დუქანი, აი, საბურთალოსა და დიღმის გზის შორიახლო. იმ დუქანში შეიძლებოდა ყაჩაღსაც შეენახა თავი, იმიტომ, რომ თვითონაც ნახევრად ყაჩაღი იყო შავი ვანო, თვითონაც ოხრის მქნელი…“, – წერს აკა მორჩილაძე „ქართულის რვეულებში“.

„შავი ვანოს“ გარდა სხვებიც ყოფილან, სულ მუშტებზე რომ ეჭირათ თვალი. მაგალითად, ვინმე ნიკო სოსაძე, ნაძალადევში რომ ჰქონია სამიკიტნო. ამ სოსაძეს და მის ამხანაგს „ერთი ახირებული საშუალება მოუგონიათ“: თუკი მუშტარი, რომელიც „ნისიად“ აიღებდა რამეს ვალს თავის დროზე არ დააბრუნებდა, სოსაძე და მისი ამხანაგი „წამოაქცევდნენ საერთო ძალით და ცემით გახეთქენ“.

ყოფილან ისეთებიც, მოგების გამო არაფერზე რომ დაიხევდნენ უკან, მაგალითად მიკიტანი ბეგიჯანოვი, რომელიც 1898 წელს, ადგილობრივი ადმინისტრაციის განკარგულებით, სამი თვით გაუძევებიათ ტფილისიდან, რადგან თავის სამიკიტნოში ჩუმად უშვებდა საქეიფოდ მოსწავლე ახალგაზრდობას და ყმაწვილ კაცთ.

მედუქნეთა რიგებში მრავლად მოიძებნებოდნენ მიკიტნები, მათი სარდაფებისა და სამიკიტნოების ხშირ სტუმარს და გამამშვენიერებელს, თავმოყვარე ნიკო ფიროსმანს, „არაყზე თუ გინდ გაფრენილ ფრინველს რომ დაგიხატავდათ“, გამკილავად და ირონიით „გრაფს“ რომ ეძახდნენ, რადგან „სწყინდათ, ღარიბი და მშიერი, სხვა ქუჩის მხატვრებივით ლუკმა-პურისათვის ფეხქვეშ რომ არ ეგებოდათ და მათ კაპრიზებზედ არ იყო დამოკიდებული“. ზოგიერთი უკადრებელსაც აკადრებდა და შეკვეთის დასრულებამდე სამიკიტნოში გამოკეტავდა, სადმე რომ არ გადაკარგულიყო, ანდა ჰონორარს ხელზე არ მისცემდა, „დაჰკარგავს ან სხვა გამოართმევსო“, მერე კი ნიკალა ამ ფულს „ზედაც არ დაჰხედავდა“:

„როცა მისი დამკვეთელი მედუქნეები ჩაერეოდნენ მის სამხატვრო საქმეებში, ის მაშინვე სტოვებდა არა მარტო ჰონორარს, სამუშაოს, არამედ თავის სამხატვრო იარაღებსაც და მთელი წლობით აღარ გაეკარებოდა იქაურობას“, – სირაჯ სოზაშვილის მონათხრობს გადმოგვცემს გიორგი ლეონიძე, რომელიც ფიროსმანზე ცნობების შესაკრებად, თავის დროზე, ნიკალას არაერთ დამკვეთს თუ მეგობარს ესაუბრა.

თუმცა მიკიტან-მედუქნეთა შორისაც გამოერეოდნენ ისეთები, არა მხოლოდ ნიკალას, ზოგადად, გაჭირვებულ ხალხს მეგობრად რომ მოევლინებოდნენ და კარგი კაცობით მთელ ქალაქში ჰქონდათ სახელი გავარდნილი.

ტფილისში ასეთ კაცად იცნობდნენ „აბრაგუნე იაკობას“, მიკიტანს, „ჰოსფითალითი“ მიმართულების ნამდვილ ვარსკვლავს, დიდუბისკენ რომ ჰქონდა დუქანი, სადაც ქეიფი არავის სწყინდებოდა, ფულიანს, უფულოს, „ვისაც ესურვებოდა“.

აბრაგუნეზე ამბობდნენ, რომ გულ-გახსნილი, პურადი კაცი ღვინითა და სასმლით სინდისიერად ვაჭრობდა. ქალაქში არავის ახსოვდა იაკობას ურიგობა, სხვა ვაჭრებისგან განსხვავებით, არც ძუნწი ყოფილა, პირიქით, ბევრი გაჭირვებული ამ კეთილი კაცის „ხელით ცხოვრობდა“.

ენამოსწრებული ხუმარა, ყველაფერთან ერთად – ოხუნჯობით განთქმული აბრაგუნე, ლხინსა თუ ჭირში ყველასთან რომ ჰქონდა ძმობა და ერთობა, განსაკუთრებით უყვარდა „ტფილისის დაბალ ხალხს“.

როგორც იოსებ გრიშაშვილი „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ წერს, „აბრაგუნე ტფილისში თოთხმეტი ფაიტონით ქეიფობდა. იგი ნამდვილი ბოჰემა იყო, მის დუქანში პოეტები ხშირად იკრიბებოდნენ. 1882 წელს აბრაგუნეს ვირი მფრინავმა კავალერმა გ. ბედემ ჰაერში „შარით“ აიყვანა. დიდი ამბავი იყო“.

[გაზეთ „Кавказ“-ის ცნობით, 1882 წლის 5 დეკემბერს, მუშტაიდის ბაღთან ახლოს, ჟან ბედეს მესამედ უნდა აფრენილიყო საჰაერო ბუშტით, ამჯერად ცოცხალ ვირთან ერთად. ალბათ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო აბრაგუნეს სახედარი]

„დიდი ამბავი“ ყოფილა 1885 წლის 12 აგვისტოსაც, შუაღამეს, როდესაც აბრაგუნეს ცნობილ დუქანში კაცი დაუჭრიათ, ყველასთვის მოულოდნელად, თავად დუქნის პატრონი – იაკობ აბრაგუნე…

ქალაქური პოეზიის წარმომადგენლის, დავით გივიშვილის მიერ აბრაგუნესადმი მიძღვნილი ლექსით [„ლექსი განსვენებულ აბრაგუნეზე“] ვიგებთ, რომ აბრაგუნე [„პირადულ ნიადაგზე“] ხანჯლით სასიკვდილოდ დაუჭრია მისივე დუქნის მეარღნეს – „ვინც სძღებოდა ნიადაგ იმის პურ-მარილითა“.

შუაღამეს, როდესაც აბრაგუნეს დუქანში ლხინისა და საკრავების ხმა გაისმოდა და მასპინძელიც ჩვეულ სტიქიაში იყო, მეარღნეს აბრაგუნე თავისთან მიუხმია და ხანჯალი უძგერებია.

დაჭრილი „ბოლნიცაში“ წაუყვანიათ, სადაც ექიმები „წამლობდნენ“. თითქოს „მოუხედავს“ კიდეც, მაგრამ 14 აგვისტოს პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულა:

„შუადღე გადავიდა, შემძიმდა მწუხარია,
თავისი დუქნის ვინმე იხილა იქ მდგარია,
ეტყვის: წადი მომიტა ვარია შემწვარია,
აუსრულეს წადილი, მაგრამ დახვდათ მკვდარია…“.

აბრაგუნე იაკობას ცხედარი 18 აგვისტოს გაუსვენებიათ. და მიუხედავად იმისა, რომ მიკიტანი აბრაგუნე არც საზოგადო მოღვაწე ყოფილა და არც ქალაქის „მაღალ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა, მის დაკრძალვაზე აუარება ხალხს მოუყრია თავი – „ხალხში ტევა არ იყო, რიცხვი გაუგებარი, ეცილებოდა ზიდვას უცხო, თუ მეგობარი“:

„იწყეს ცრემლიანობა, ვიშ ვიში და ნანობა,
მუჭით საფლავს უმსებდნენ, არც კი ნიჩბის ხმარობა.
დაიწყეს ზურნების კვრა, აგრეთვე არგნებისა
ანდერძი აუსრულეს, იმისი ვედრებისა“.

ამბის უჩვეულობისა და პროცესიის მასშტაბურობის გათვალისწინებით, აბრაგუნეს დაკრძალვა არც იმდროინდელ ქართულ პრესას გამორჩენია. გაზეთი „დროება“, ამ ყარაჩოღლური თვისებების კაცს – კინტოდ რომ მოიხსენიებდა, წერდა:

„თბილისის მოქეიფე ხალხმა დიდის ამბით დაასაფლავეს კინტო აბრაგუნე. თბილისში ძვირად შეხვდებით ვისმეს, რომ აბრაგუნეს სახელი არ გაეგონოს, ამ სახელს ბევრი გაუტყუილებია დიდუბისაკენ, სადაც აბრაგუნეს ჰქონდა დუქანი. ოთხმა ზურნამ და რამდენიმე არღანმა გააცილა აბრაგუნე. ძმაბიჭები ერთობ დაღონებულნი მიჰყვებოდნენ გულუხვს მასპინძელს, რომელიც ხშირად მასპინძლობისათვის არა თუ არას ართმევდა, „ცუდად“ დარჩენილებს პირიქით აჭმევდა, ასმევდა და ჯიბის გროშებსაც აძლევდა ხოლმე“.

რაც შეეხება მკვლელს; როგორც აბრაგუნეს მკვლელობასთან დაკავშირებით დაბეჭდილი „შაურიანი წიგნებით“ ვიგებთ, მეარღნე, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა აბრაგუნე, თავად ჩაბარებია პოლიციას და მისთვის „იმწუთას ციხეში უკრავთ თავი“…

დასასრულ კი ორიოდ სიტყვა ვთქვათ დავით გივიშვილისა და გომელის [სავარაუდოდ, ივანე გომელაურის] მიერ აბრაგუნესადმი მიძღვნილ „შაურიან წიგნებზე“ – „დროებას“ არც ეს ლექსები დარჩენია უყურადღებოდ:

„როგორც ეტყობა, უბრალო ხალხიც მისდევს ლიტერატურას და თავისებურად იკმაყოფილებს თავის სულიერსა და გონებრივს ინტერესებს.

თუ ჩვენ არ შეგვიძლია დავიკვეხოთ, რომ ხალხის ფიქრი და ინტერესი ვიცით და იმის დაკმაყოფილებას ვცდილობთ, სამაგიეროდ, თვითონ ხალხი ზრუნავს და არც ერთს ცხოვრების მოვლენას, რომელიც მისთვის საინტერესოა, ჩვენსავით გულ-გრილად გვერდს არ აუვლის ხოლმე.

ეს ორი კვირაა, რაც ძალადობით მოჰკლეს ვიღაც იაკობა მედუქნე [აბრაგუნე] და თბილისის ხალხის სულიერის ვითარების მცოდნე გულ-უბრყვილო მწერლებმა მთელი თავისი ხელოვნება დაასრულეს, რომ ღირსეულად შეემკოთ თავისი ლექსებით ეს ხალხისათვის საინტერესო მიკიტანი“.

ასე გასრულდა ცნობილი ტფილისელი მიკიტნის, „ნამდვილი ტფილისური ბოჰემის“, აბრაგუნე იაკობას ცხოვრება, ცხოვრება კაცისა, რომელიც ერთ დროს ქალაქში „თოთხმეტი ფაიტონით ქეიფობდა“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *