ადამიანი, რომელსაც ექიმებმა, ისტორიაში პირველად, ღორის გული გადაუნერგეს, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა. ქსენოტრანსპლანტაციის პროცედურა 57 წლის დევიდ ბენეტს ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა ქირურგებთან ერთად მიმდინარე წლის იანვარში ჩაუტარეს.
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში დევიდ ბენეტი ოპერაციამდე ორი თვით ადრე სიცოცხლისათვის საშიში არითმიით შეიყვანეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული არარეგულარულად ცემს. იმის სანაცვლოდ, რომ ბენეტი სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს დონორის მოლოდინში მყოფი დაახლოებით 110,000 ამერიკელის რიგებს შეერთებოდა, ის ქსენოტრასპლანტაციას დასთანხმდა.
ოპერაციის ჩატარების ნებართვა მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აშშ-ის სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან მიიღეს. ნებართვა იმის საფუძველზე გაიცა, რომ დევიდ ბენეტი სხვა შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა. პაციენტს ოპერაცია 7 იანვარს ჩაუტარდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში მან ოჯახთან ერთად დროის გატარებაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ დევიდ ბენეტს ექიმებმა გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ცხოველის გენეტიკა ისე იყო შეცვლილი, რომ მას არ ჰქონდა გენი, რომელიც ალფა-გალაქტოზაზეა პასუხისმგებელი. ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანიზმი ვერ ეთვისება.
გენმოდიფიცირებული ღორის ორგანო გასული წლის ოქტომბერში ქსენოტრანსპლანტაციისთვის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მომუშავე ქირურგებმაც გამოიყენეს. მაშინ ექიმებმა ადამიანს ამ ცხოველის თირკმელი გადაუნერგეს. უნდა ითქვას, რომ ოპერაცია უკვე გარდაცვლილ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის სხეულიც სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. ორგანიზმმა თირკმელი მიიღო და ორგანო ფუნქციებს წარმატებით ასრულებდა.