ადგილი, სადაც ახალი ბიზნესი დაიბადება

ადგილი, სადაც ახალი ბიზნესი დაიბადება

საქართველოს ბიზნესის მიმართულებების განვითარებას თუ რამ აკლდა ყოველთვის და ყველაზე მეტად, ეს იყო ინოვაციურობა. პირველი ეტაპის განვითარებას, რომელიც უფრო სფეროების ქაოსურ ზრდას მოგვაგონებდა, შემდეგი, უფრო პრაგმატული განვითარების ეტაპი მოჰყვა. საქართველოში ბიზნესის განვითარება უფრო ცდისა და შედეგის ლოგიკაზე იყო დაფუძნებული, ვიდრე რეალური ბიზნესის ცოდნის გამოცდილებაზე. ამ ცდისა და შედეგის მიღების ეტაპზე მოხდა რესურსების მნიშვნელოვანი დანაკარგები, რაც, ცხადია, საერთო ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად ვერ აისახებოდა, მაგალითად, იგივე თბილისი რომ ავიღოთ, საკმაოდ ხშირად ხდება, რომ, იმავე „რიტეილის” სფეროში რომელიღაც მაღაზია გაიხსნება, იფუნქციონირებს ექვს თვეს ან ცოტა მეტხანს და დაიხურება. ანალოგიური სურათია კვების ობიექტებთან მიმართებითაც. ეს ის სფეროებია, რომლებიც ვიზუალურად შეგვიძლია დავინახოთ, მაგრამ რამდენია ისეთი სფერო, მაგალითად, წარმოებები, რომელთაც ვერ ვხედავთ, მაგრამ რომლებიც ასევე იხსნება და იხურება. ჩვენ მიერ (ილიაუნი ბიზნეს რევიუს IBR) ჩატარებული კვლევის შედეგებით დავადგინეთ, რომ ახალი ბიზნესის დაწყებისას მხოლოდ 15%-ს ჰქონდა თუნდაც მარტივი ფორმის, ქაღალდზე გადატანილი გეგმა, ხოლო რეალური, ჩამოყალიბებული ბიზნესგეგმა მხოლოდ 7%-ს გააჩნდა. ანუ 80%-ზე მეტმა ბიზნესი ისე დაიწყო, რომ არანაირი კონკრეტული გრძელვადიანი სტრატეგია არ ჰქონია. ბიზნესში წარმატების მიღწევის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია კონკრეტული ცოდნისა და გამოცდილების ქონა იმ სფეროში, რომელშიც ბიზნესის დაწყებასაც აპირებ. როგორც კვლევა გვიჩვენებს, აქაც არასახარბიელო მდგომარეობაა. 80%-ზე მეტი ბიზნესს იწყებს ისე, რომ არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია. საერთო ჯამში, გრძელვადიანი გეგმებისა და იმ სფეროში, რომლის განვითარებასაც ფიქრობენ, გამოცდილების მქონე ადამიანების რიცხვი მხოლოდ 5%-ს შეადგენს. წარმოიდგინეთ, ისედაც რამდენად მცირეა ბიზნესში წარმატების მიღწევის ალბათობა, მაგრამ ამ ორი მთავარი კრიტერიუმის გარეშე, წარმატების ალბათობა, ფაქტობრივად, ნულს უახლოვდება. სწორედ ამის შედეგად მივიღეთ ამდენი დახურული ახალი ბიზნესი, რომლებიც მხოლოდ „ლაპარაკის დროს დაბადებული აზრებით” იქმნებოდა. საქართველოში მიღებული ბიზნესფრაზები ასე ჟღერს: „დავიწყოთ და მერე ვნახოთ”; „აუცილებლად მუშაობაში უნდა ვნახოთ”; „დავიწყოთ და ვინმეს ვიპოვით”; „ქაღალდზე სხვაა და სინამდვილეში სულ სხვა გამოდის”. დომინირება დაიწყო ფრაზებმა, რომელთაც ბიზნესში ჭეშმარიტებაზე აქვს პრეტენზია და სინამდვილეში ბიზნესის თეორიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
ბიზნესის დაწყებისთვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა რესურსების მოძიება. დღეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბანკები დაწყებით ბიზნესს (Startup) არ აფინანსებს. კომპანიას, სულ ცოტა, ექვს თვეზე მეტი ხნის ისტორია უნდა გააჩნდეს, რომ ბანკმა თუნდაც განიხილოს თქვენი წინადადება. არც ეს არ არის რესურსების მიღების გარანტია, მაგრამ ამ პერიოდზე ნაკლები ისტორიის მქონე კომპანიის წინადადებას არც კი განიხილავს.

გარდა ბანკებისა, რა საშუალებები არსებობს რესურსების მოსაზიდად? კერძო საინვესტიციო ფონდები – რომლებიც საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. კერძო ინვესტორები – რომლებიც ასევე არ არსებობენ. ანუ რეალურად დღეს გაქვს იდეა, კარგი ბიზნესიდეა, რომელიც ხვალ შესაძლოა გახდეს სერიოზული ბიზნესი, მაგრამ მისი განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს.

გარდა იმისა, რომ შესაძლოა გაგიჩნდეთ იდეა, სანამ განხორციელების ეტაპამდე მიხვალთ, ამ იდეის განვითარებას სერიოზული კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ბიზნესგეგმის შექმნა, გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება სჭირდება. იმისთვის, რომ იდეა ფინანსური რესურსების მოთხოვნის სტადიამდე მივიდეს, ის სათანადოდ უნდა იყოს შეფუთული, რასაც თავისთავად არცთუ მცირე რესურსი სჭირდება. თუ იდეის შეფუთვის გამოცდილება არ გააგაჩნიათ, თუნდაც მარტივი კვლევის ჩატარებისა და ბიზნესგეგმის შექმნის ხარჯები ალბათ მინიმუმ 10 000 ლარს მაინც მიაღწევს, რა თანხაც, შესაძლოა, იდეის ავტორს არ გააჩნდეს. საუბარი ყველაზე მარტივ ბიზნესმოდელებზეა, ხოლო თუ, მაგალითად, პროდუქციის გამოშვებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომნიმუშების დამზადება და სხვა დამატებითი სამუშაოები გაცილებით დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.

ანუ ჩვენი ანალიზით სამი წრე შეიკრა: იდეის შეფუთვის, გამოცდილებისა და ფინანსების მოძიების, რაც, ფაქტობრივად, გაურღვეველ სივრცეს ქმნის ახალი ბიზნესის დასაწყებად. ეს, რა თქმა უნდა,იმას არ ნიშნავს, რომ ახალი არ იქმნება, მაგრამ საუბარია გაცილებით დიდ მასშტაბებზე, როდესაც წელიწადში ქვეყანაში ათობით ინოვაციური პროექტი იქმნება. ათობით პროექტი რომ შეიქმნას, ამაში ასობით ადამიანი უნდა იყოს ჩართული. რთულია წარმოსადგენი არ არის, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო რამდენი საინტერესო იდეა დაიკარგა და რამდენი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა იქნა ხელიდან გაშვებული.

აღნიშნული სივრცის გარღვევისთვის არსებობს მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილება, „ბიზნესინკუბატორების” განვითარების თემა, რომლის პირობებშიც ინოვაციური პროექტების სტიმულირება საკმაოდ სწრაფი ტემპით არის შესაძლებელი.

პირველი „ბიზნესინკუბატორი” 1959 წელს ჯოზეფ მარკუზოს მიერ შეიქმნა და მას „ბატავიას ინდუსტრიული ჯგუფი” ეწოდა. დღეს მსოფლიოში 10 000-მდე „ბიზნესინკუბატორია”, რომელთა ფარგლებშიც 100 000-ზე მეტი პროექტია განხორციელების სტადიაში. აღნიშნული გზით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 000-მდე კომპანია და 250 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანი ციფრებია.

„ბიზნესინკუბატორი” არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახის მომსახურებები:

• დახმარება ბიზნესის დაწყებაში;
• ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
• სპეციფიკური ბიზნესცოდნის მიღება;
• სტრატეგიული პარტნიორების მოძიება;
• ტრენინგები ბიზნესის სფეროში;
• ბიზნესგეგმების მომზადება;
• ფინანსური რესურსების მოძიება;
• დახმარება პროექტების კომერციალიზაციაში;
• დახმარება პროექტების მართვაში;
• საჭირო სამუშაო კადრების მოძიება;
• დახმარება ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში
• და ა.შ.

ანუ „ბიზნესინკუბატორი” არის ადგილი, სადაც შესაძლებელია მთელი იმ მომსახურების მიღება, რომელიც მწირი ფინანსური რესურსების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია საკუთარი იდეები ვაქციოთ რეალობად. გავხდეთ საკუთარი ბიზნესის მფლობელები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი ერთობლივად იწყებენ პროექტს, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე ანალოგიური ინოვაციური სივრცის შექმნას მოიცავს. უნივერსიტეტისა და ცენტრის თანამშრომლებმა გამოცდილება მიიღეს ამერიკის, ისრაელის, ლიტვისა და გერმანიის ყველაზე წარმატებულ „ბიზნესინკუბატორებში”.

უნივერსიტეტის ბაზაზე შემოდგომიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ბიზნესსივრცე, სადაც დაიწყება სტუდენტების, პროფესორებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა ახალი ინოვაციური პროექტების განსახორციელებისათვის.
პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნებიან ჩართული მიჩიგანის „როს ბიზნესსკოლისა” და ლიმერიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ქართველი და უცხოელი ექსპერტები დახმარებას გაუწევენ მსურველებს პროექტების მომზადებასა და გრანტისთვის წინადადებების ჩამოყალიბებაში, განიხილავენ გუნდის მართვის, ინტელექტუალური საკუთრებისა და პატენტების თემებს. ახალბედა ბიზნესმენებს ყველანაირი დახმარება გაეწევათ კონკრეტული ბიზნესწინადადებების მომზადებაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომზადებულ წინადადებებთან ერთად მოხდება საინტერესო პროექტების დაფინანსება (პროექტის ბიუჯეტიდან გამომდინარე) ასევე მოხდება დამატებითი ფინანსური პარტნიორების მოძიება.

„ბიზნესინკუბატორის” მიზნებში შედის ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული პროექტის მომზადება და უმოკლეს ვადებში მათი ეტაპობრივი განხორციელების სტადიაში გადაყვანა. განსაზღვრულია ამ წლის ბოლომდე რამდენიმე კონკრეტული პროექტის დაწყება, რაც იქნება პირველი ნაბიჯები ახალი, ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.