AI-ბუმის ფონზე Lenovo-ს კვარტალური შემოსავალი 43%-ით გაიზარდა

AI-ბუმის ფონზე Lenovo-ს კვარტალური შემოსავალი 43%-ით გაიზარდა

ფოტო: Simon Dawson — Bloomberg via Getty Images

 

ტექნოლოგიური კომპანია Lenovo-ს კვარტალური შემოსავალი 43%-ით, $26.94 მილიარდამდე გაიზარდა, რითაც ანალიტიკოსების თავდაპირველ პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. შემოსავლების ზრდა ძირითადად AI-ინფრასტრუქტურაზე მაღალ მოთხოვნას უკავშირდება, ასევე იმას, რომ Lenovo-ს ჰქონდა მძლავრი მიწოდების ჯაჭვი და სტრატეგია, რისი დახმარებითაც ინდუსტრიული შეფერხებები საკუთარ უპირატესობად აქცია.

ძლიერი კვარტალური ფინანსური ანგარიშის გავლენით, სამშაბათს, სავაჭრო სესიისას, დაახლოებით 22%-ით გაიზარდა Lenovo-ს აქციების ღირებულებაც. შედეგად, წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 225%-ითაა გაზრდილი.

პირველ კვარტალში Lenovo-სთვის AI-სთან დაკავშირებული მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60%-ითაა გაზრდილი და $9.3 მილიარდს აღწევს. Lenovo-ს ინფორმაციითვე, AI-სერვერებზე შეკვეთების პორტფელმა $54 მილიარდს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 157%-ით მეტია. მოთხოვნის ძირითადი ნაწილი ჰიპერმასშტაბიანი ტექნოლოგიური კომპანიების, AI-ქლაუდის პროვაიდერებისა და კორპორაციული კლიენტებისგან მოდის.

Lenovo-ს აღმასრულებელი დირექტორის, იანგ იუანცინგის, განცხადებით, ჩიპების გლობალურ ბაზარზე შესაძლო დეფიციტისა და ფასების ზრდისთვის მათი კომპანია წინასწარ მოემზადა და მიწოდების პრობლემებთან გამკლავებაც შეძლო. იუანცინგის პროგნოზით, Lenovo მიმდინარე ფისკალურ წელს $100 მილიარდის შემოსავალს მიიღებს.

მართალია, დოკუმენტების მიხედვით, Lenovo-მ კვარტალი $609-მილიონიანი ზარალით დაასრულა, თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს რეალურ ზარალს არ გულისხმობს და მხოლოდ ბუღალტრული, არაფულადი აღრიცხვის ელემენტების გავლენაა, რომლებიც ორდერებთან და ნულოვანი კუპონის მქონე კონვერტირებად ობლიგაციებთან არის დაკავშირებული.

„ეს კორექტირება სავალდებულოა HKFRS-ის მიხედვით და განპირობებულია Lenovo-ს აქციების ფასის ცვლილებით იმ დონეებთან შედარებით, რომლებზეც ინსტრუმენტები გამოიცა 2025 წლის იანვარში, Alat-თან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. რეალურად, კომპანიის საოპერაციო წარმადობა ისტორიაში საუკეთესოა, კორექტირებული წმინდა შემოსავალი (Adjusted Net Income) რეკორდულია და 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 176%-იანი ზრდაა,“ – განმარტავენ კომპანიაში.